რუსთაველის გამზირზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება - მერია საახალწლო ილუმინაციების მონტაჟს იწყებს
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 64
27 და 28 ნოემბერს, 00:00–06:00 საათამდე, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. შეზღუდვები დაკავშირებულია საახალწლო ილუმინაციების მონტაჟთან.
მერიის ცნობით, მიუხედავად დროებითი შეზღუდვისა, გადაადგილება შესაძლებელი იქნება როგორც პირველი რესპუბლიკის, ისე თავისუფლების მოედანზე.
დატვირთული მონაკვეთის ალტერნატიული მარშრუტები შემდეგია:
ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილის და თაბუკაშვილის ქუჩები – რუსთაველის გამზირის გვერდის ავლით გადაადგილებისთვის;
მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის მიმართულებით – მოძრაობა შესაძლებელი იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის, ასევე ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გავლით;
მთაწმინდის სხვა ქუჩებიდან მელიქიშვილისა და მეტრო „რუსთაველის“ მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩებით.
მერიის განმარტებით, თავისუფლების მოედანზე შეზღუდვა იმოქმედებს მხოლოდ რუსთაველის გამზირის მიმართულებით.
მეტრო „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ რუსთაველის გამზირზე ზეთისხილის ხესთან მობრუნებით და შემდეგ მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გამოყენებით.
ინფორმაციისთვის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ტენდერის მიხედვით, 2025 წლის 31 დეკემბერს, თბილისში რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო გალა-კონცერტის და წინასაახალწლოდ ორბელიანის მოედანზე საშობაო სოფლის მოწყობაზე 8.3 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება. დოკუმენტის თანახმად, შესყიდვა ითვალისწინებს მომღერლების ჰონორარებს, საშობაო სოფლისთვის საახალწლო დეკორაციების, განათებების, სცენის, ყინულის მოედნის, გასართობი შოუს და სხვა მომსახურებების შესყიდვას.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ თბილისის მთავარი ნაძვის ხე წელს რუსთაველის გამზირის ნაცვლად რესპუბლიკის მოედანზე დაიდგმება. მერია „საახალწლო ქალაქის“ მოწყობას და გასართობი ღონისძიებების გამართვას 2025 წლის 12 დეკემბრიდან 2026 წლის 14 იანვრის ჩათვლით გეგმავს.
No article in the selected categories
