სამუშაოები მთელი თბილისის მასშტაბით უწყვეტ რეჟიმში გრძელდება - კახა კალაძე
- Details
- By ანი სარდლიშვილი
- Hits: 56
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში დიდთოვლობით გამოწვეული შეფერხებების თავიდან ასაცილებლად სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.
როგორც მერმა მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად პირდაპირი ჩართვის დროს განაცხადა, პრიორიტეტი არის ცენტრალური ქუჩების თოვლისგან გაწმენდა, თუმცა სამუშაოები შიდა გზებსა და ჩიხებშიც მიმდინარეობს.
„ცენტრალური ქუჩები ყველგან გაწმენდილია. როგორც კერძო ავტომობილები, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტიც გადაადგილდება შეუფერხებლად. ინტენსიური თოვის გამო გვაქვს გარკვეული პრობლემები. შემოერთებულ ტერიტორიებზე არის ადგილები, სადაც ბოლომდე ვერ მიდის საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ასევე, არის შიდა გზები და ჩიხები, სადაც მოგვიანებით დავიწყებთ გაწმენდით სამუშაოებს. რასაკვირველია, პრიორიტეტია ცენტრალური გამზირები და ქუჩები, თუმცა პარალელურად მიდის შიდა გზების წმენდაც. სამუშაოები ისევ უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება. მადლობა „თბილსერვისის“ თანამშრომლებს, გამგეობებს, კონტრაქტორ კომპანიებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, 112-ს და ყველას, ვინც ჩართულია ამ პროცესში“, – განაცხადა მერმა.
მანვე მოუწოდა ავტომობილების მძღოლებს, თავი შეიკავონ ზამთრის საბურავების გარეშე გადაადგილებისგან, რათა დამატებითი პრობლემები არ შეიქმნას.
თავის მხრივ, მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა ასევე აღნიშნა, რომ 24-საათიან რეჟიმში გრძელდება მუშაობა, რომელშიც, „თბილსერვის ჯგუფის“ გარდა, ჩართული არიან გამგეობები და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური და მათი კონტრაქტორი კომპანიები.
„უწყვეტ რეჟიმში ვწმენდთ ცენტრალურ გზებს და შევდივართ შიდა გზებზე. ცხელი ხაზის მეშვეობით შემოსულ ყველა თხოვნაზე ხდება რეაგირება. ბუნებრივია, მთელი თბილისის მასშტაბით ყველა ქუჩის და ჩიხის დასუფთავება შეუძლებელია, თუმცა ეტაპობრივად, პრიორიტეტების გათვალისწინებით, მივდივართ ყველგან. მზად ვართ ქალაქის მოსაწესრიგებლად და მოსახლეობის დასახმარებლად 24 საათის განმავლობაში“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
No article in the selected categories
