თბილისის მერიამ 231 სპორტსმენი დააჯილდოვა - პროგრამის ბიუჯეტი 1,2 მლნ ლარია
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 52
თბილისის მერიამ 231 სპორტსმენი დააჯილდოვა. ცერემონიალი თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, სპორტის სხვადასხვა სახეობაში მიღწეული შედეგებისთვის ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების პრიზიორებს, თბილისის მერიის სახელით, ფულადი ჯილდოები და სიმბოლური პრიზები გადაეცათ.
ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად დაესწრო და საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მისი თქმით, თბილისის მერია სხვადასხვა პროგრამის სახით ხელს უწყობს და ახალისებს აღნიშნულ მიმართულებას, რადგან სპორტის განვითარება მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
„პირადად მე, ჩემი ყოველდღიური ცხოვრებით ვცდილობ, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივცე მოტივაცია, რათა ჯანსაღი ცხოვრების წესით დაკავდნენ. არ არის აუცილებელი, ყველა პროფესიონალი სპორტსმენი იყოს, მაგრამ იცხოვრო სპორტულად, ჯანსაღი ცხოვრების წესით, ვფიქრობ, ეს, პირველ რიგში, ჩვენი ჯანმრთელობისთვის აუცილებელი წინაპირობაა. ამიტომ, მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხელი შევუწყოთ სპორტის ყველა სახეობას. მინდა, ხაზი გავუსვა ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებსაც და მადლობა გადავუხადო ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს, რომელიც ასევე სპორტის ძალიან დიდი ქომაგია. რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურული პროექტების, სხვადასხვა წამახალისებელი პროგრამების გარეშე, შეუძლებელი იქნებოდა მიგვეღო ის შედეგი, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში გვქონდა. ამიტომ ამ მიმართულებით მუშაობა უნდა განვაგრძოთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
დღევანდელ ღონისძიებაზე გამარჯვებულები ხუთ ნომინაციაში გამოვლინდნენ. წლის საუკეთესო თბილისელი სპორტსმენი მამაკაცი სანდრო ბაზაძე გახდა, წლის საუკეთესო თბილისელი სპორტსმენი ქალი - ეთერ ლიპარტელიანი, წლის საუკეთესო თბილისელი პარასპორტსმენი მამაკაცი - გიორგი ქალდანი, წლის საუკეთესო თბილისელი პარასპორტსმენი ქალი - ნინო თიბილაშვილი, ხოლო წლის საუკეთესო პროექტად „თბილისის სასკოლო ლიგა“ დასახელდა.
წარმატებული თბილისელი სპორტსმენების დაჯილდოების ღონისძიება 2018 წლიდან იმართება. ამ დროის განმავლობაში თბილისის მერიამ 931 სპორტსმენი დააჯილდოვა. მიმდინარე წელს პროგრამის ბიუჯეტი 1 297 000 ლარს შეადგენს.
No article in the selected categories
