ავარია კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მოხდა, - ამის შესახებ კომპანია “თბილისი ენერჯის” ტექნიკურმა დირექტორმა, გიგლა თამაზაშვილმა მედიას განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ 9 თებერვალს დაზიანდა ცენტრალური 500-მილიმეტრიანი გაზსადენი, რომელიც ვაკე-საბურთალოს ამარაგებს. ფაქტის შედეგად, 150 000 აბონენტს გაზით მომარაგება შეუწყდა.
კომპანიის ტექნიკური დირექტორის განმარტებით, არსებობს ფაქტები, რომელიც ადასტურებს რომ ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკა მოძრაობს. მათ შორის, მილის თავზეც, რამაც მისი ფუნქციონირება შეაფერხა.
“ფაქტია, რომ კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, მოხადა აღნიშნული ავარია. თუმცა საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს და შესაბამისი მხარე გასცემს ამაზე პასუხს.
არსებობს ფაქტებიც, რომ ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკა მუშაობს. მათ შორის, მილსადენის თავზე, რომელიც მის ფუნქციონირებაზე გარკვეულ გავლენას ახდენს. რაც შეეხება რეგლამენტებს, რეგლამენტი განსაზღვრავს მილთან მიმართებით მშენებლობის ტექნიკურ დეტალებს, რომელიც შემდეგ გამოკვლეული იქნება, თუ რამდენად არის დაცული ან სწორად შესრულებული კომპანიის მიერ. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით იქნება შემდგომში მოკვლება”, - ამბობს გიგლა თამაზაშვილი.
გიგლა თამაზაშვილის განმარტებით, ავარია პიკის პერიოდში მოხდა. მაშინ, როდესაც გაზის მაქსიმალური მოხმარება ხდებოდა. მისივე თქმით, სამომავლოდ, ანალოგიურ შემთხვევაში პროცესის ლოკალიზება კვლავ გაჭიანურდება. ის დასძენს, რომ ავარიის პერიოდში კომპანიაში 30 000 ზარი დაფიქსირდა, რომელთა მომსახურება სისტემური გამოწვევაა.
“ბუნებრივია, თუკი ავარია ამ პერიოდში მოხდება, მისი არეალის ლოკალიზება უფრო რთული იქნება. ამ ეტაპზე, კომპანიამ შეძლო მარტივად მოეხდინა ლოკალიზება, რომ მაქსიმალურად შევძელით დედაქალაქის აბონენტების აბსოლუტური უმრავლესობა. ამ დღეების განმავლობაში, სრულად 450 000 აბონენტს ვემსახურებოდით”, - აცხადებს თამაზაშვილი.