"როგორც მოსალოდნელი იყო, დღეს ჩამოიშალა დაზიანებული ჯებირი" - მერიის განცხადება

"როგორც მოსალოდნელი იყო, დღეს ჩამოიშალა დაზიანებული ჯებირი, რომლის აღსადგენად საჭირო პროცედურები, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დაწყებულია", - ასე ეხმაურება თბილისის მერია გავრცელებულ ფოტომასალას, სადაც მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ჩამოშლილი ფერდი ჩანს.

რესტორან „გაგრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გზის სავალ ნაწილზე ბზარები მერიამ გუშინ შენიშნა და გზა გადაკეტა.

""უსაფრთხოების მიზნით, მიმდინარე წლის 7 აპრილიდან გზის დაზიანებულ მონაკვეთში, უკიდურეს მარჯვენა ზოლში საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება", - ეწერა გუშინ გავრცელებულ განცხადებაში.

"თბილისის მერიის განცხადება გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, კონკრეტულ საგზაო მონაკვეთზე არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება ნაპირსამაგრი ჯებირის დაზიანებას.

ნაპირსამაგრ ჯებირსა და გზის სავალ ნაწილზე ბზარების გაჩენისთანავე, თბილისის მერიამ მოახდინა მყისიერი რეაგირება, შესაბამისი განცხადებით საზოგადოებას ვაცნობეთ კონკრეტულ საგზაო მონაკვეთზე შეზღუდვის დაწესების შესახებ.

გუშინვე, როგორც საფეხმავლო, ისე ტრანსპორტისთვის განკუთვნილ მარჯვენა ზოლზე მოეწყო უსაფრთხოებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. ასევე, გუშინ დაიწყო შესაბამისი კვლევების ჩატარება და ტექნიკური დავალების დამუშავება ნაპირსამაგრი ჯებირის პროექტირებისთვის. როგორც მოსალოდნელი იყო, დღეს ჩამოიშალა დაზიანებული ჯებირი, რომლის აღსადგენად საჭირო პროცედურები, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დაწყებულია.

ამ ეტაპზე ყველა შესაბამისი ზომა მიღებულია, გზის შეუზღუდავ ნაწილზე გადაადგილება არის სრულიად უსაფრთხო. დამატებით ინფორმაციას ჩასატარებელ სამუშაოებთან დაკავშირებით, საზოგადოებას მივაწვდით ეტაპობრივად".

 

თბილისის მერის მოადგილის განცხადებით, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ჩავარდნილი გზის აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურად, 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. ამის შესახებ ადგილზე არსებული მდგომარეობის მონახულებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

“მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რესტორან “გაგრის” მიმდებარედ გუშინ შევამჩნიეთ, რომ გზის სავალ ნაწილზე ბზარები იყო. მივიღეთ გადაწყვეტილება და მუნიციპალიტეტმა მოახდინა გზის ნაწილობრივ შეზღუდვა, რამაც საფრთხე აგვარიდა თავიდან. დავიწყეთ 24-საათიანი მონიტორინგი. დღეს, მდგომარეობა გართულდა. ამ ადგილზე მოხდა მიწის გარკვეული მასის ჩაშლა. პირველადი მონაცემებით, მტკვარმა, საყრდენ კედელს ძირი გამოურეცხა, რამაც გზის ჩავარდნა გამოიწვია. მერიის შესაბამისი სამსახურები მობილიზებულები ვართ. 24-საათიან რეჟიმში დავიწყეთ აღდგენითი სამუშაოები. იმ მონაკვეთის გარდა, სადაც მოძრაობა შეზღუდული იყო, მოძრაობა კიდევ ერთ ზოლზე შეიზღუდება. მოძრაობის მიმართულებას გავაცალმხრივებთ, ზოლში ორივე მიმართულებით იქნება მოძრაობა შესაძლებელი. 24 საათი ვიქნებით ჩართულები, რათა მალე მოხდეს სამუშაობის დასრულება და ზიანის აღმოფხვრა”,- აღნიშნა ბენდელიანმა.