თბილისის მერიაში სადგურის მოედანთან მდებარე ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა.
დამწვარი ბაზრობის დათვალიერების შემდეგ ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ დაზარალებულები თბილისის მერიაში მიიღო. სამუშაო შეხვედრაზე ხმალაძემ მოვაჭრების საინიციატივო ჯგუფისგან მიიღო კონკრეტული ინფორმაცია დაზარალებულთა რაოდენობის, დამწვარი სავაჭრო და სასაწყობო ფართების, განადგურებული საქონლის
სავარაუდო ღირებულებებისა და სხვა ტექნიკური საკითხების შესახებ.
განიხილეს დაზარალებულებისთვის დახმარების გაცემის ყველა შესაძლო მექანიზმი და პრინციპი. ვიცე-მერმა დაზარალებულებს აღუთქვა დახმარება ბაზრობის დამწვარი კონსტრუქციების დემონტაჟისა და ტერიტორიის დასუფთავების საქმეში.
დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფთან მორიგი სამუშაო შეხვედრა რამდენიმე დღეში დაიგეგმა.