დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე 30 აპრილს მომხდარ ხანძართან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, მუნიციპალიტეტი ამუშავებს დახმარების პაკეტს, რომლითაც დაზარალებულებს გარკვეულ ფინანსურ დახმარებას გაუწევს.
მისივე თქმით, "ბორჯომის ბაზრობაზე" ხანძრის შედეგად დაზიანებულ ტერიტორიაზე დემონტაჟი და დასუფთავება მიმდინარეობს, რასაც მერიის სარეზერვო ფონდი აფინანსებს. პროცესს დაახლოებით 1 თვე დასჭირდება, რასაც აღდგენითი სამუშაოები მოჰყვება.
„როგორც იცით, გასულ კვირას ხანძარი გაუჩნდა სადგურის მოედანთან არსებულ ერთ-ერთ ბაზრობას, რომლის შედეგადაც, დაახლოებით, 400 ადამიანი დაზარალდა. სამწუხაროდ, მთლიანად არის განადგურებული პროდუქცია და ადგილზე არსებული ინფრასტრუქტურა. იმდენად მძიმე მდგომარეობაა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შემთხვევის ადგილზე ჯერ კიდევ მუშაობს. თბილისის მერიამ მყისიერად დაიწყო კომუნიკაცია დაზარალებულ მოვაჭრეებთან, რომელშიც ჩართულია ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე. გაიმართა არაერთი შეხვედრა, სადაც ჩვენი კომპეტენციისა და შესაძლებლობების ფარგლებში, დაზარალებულებს ყველა მიმართულებით დახმარება აღვუთქვით. პირველი, რაც მათ ითხოვეს, ხანძრის შედეგად დამწვარი ბაზრობის ტერიტორიის დასუფთავება და დაზიანებული კონსტრუქციების დემონტაჟი გახლდათ. მუნიციპალიტეტის მერიამ სარეზერვო ფონდიდან საჭირო სახსრები გამოყო და თბილისის მუნიციპალური ინსპექციის კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა. აღნიშნულმა კომპანიამ შემთხვევის ადგილზე სადემონტაჟო სამუშაოები დაიწყო“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, დაზარალებულ მოვაჭრეთა საინიციატივო ჯგუფთან სამუშაო შეხვედრები ინტენსიურად გაგრძელდება.
„აღნიშნულთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ჩვენ მოვისმინეთ ბევრი ტყუილი, სიბინძურე, თუმცა ამას ყურადღება არ უნდა მივაქციოთ და ყველამ ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთოთ. გვერდით უნდა დავუდგეთ ამ ადამიანებს, რომელთა უკან დგას ოჯახები, მათ ჰყავთ შვილები, შვილიშვილები და ჩვენ, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, დახმარება უნდა აღვუთქვათ მხარდაჭერა. გარდა ამისა, ჩვენ ინტენსიურად ვმართავთ სამუშაო შეხვედრებს დაზარალებულ მოვაჭრეთა საინიციატივო ჯგუფთან. მუნიციპალიტეტი ამუშავებს დახმარების პაკეტს, რომლითაც დაზარალებულებს გარკვეულ ფინანსურ დახმარებას გავუწევთ. მესმის, რომ ეს დახმარება ვერ იქნება იმის საპირწონე, რა ზიანიც მოვაჭრეებმა მიიღეს, თუმცა, საქმიანობის გასაახლებლად, გარკვეულწილად ხელს გაუმართავს. უკვე მზად ვართ, მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები, საინიციატივო ჯგუფის ჩართულობით",- თქვა კალაძემ.
„ჩვენ აქაც ბევრი სპეკულაცია მოვისმინეთ, რაც იყო მორიგი ტყუილი, პოლიტიკური სპეკულაცია და სიბინძურე. რა თქმა უნდა, ყველაფერი იქნება აღდგენილი. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია კომპანიასთან, რომელიც ოპერირებს აღნიშნულ ტერიტორიაზე და იჯარით აქვს ამ ადამიანებზე გაცემული ფართები. მან აიღო ვალდებულება, რომ მთლიანად მოაწესრიგებს ტერიტორიას, მას შემდეგ, რაც დასუფთავდება ჩვენი კონტრაქტორი კომპანიის მიერ“, - დასძინა მან.
30 აპრილს, დაახლოებით დილის 6 საათზე, ვაგზლის მოედნის მიმდებარედ, ე.წ ბორჯომის ვაგზლის ტერიტორიაზე არსებულ ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც სრულად დაიწვა 12 000 მ2 სავაჭრო და სასაწყობო სივრცე.