გმირთა მოედნის ესტაკადის შემოწმების გამო, მონაკვეთზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

გმირთა მოედნის ესტაკადას 19 ივნისიდან 7 ივლისის ჩათვლით გეგმური გამოკვლევა-გამოცდის სამუშაოები ჩაუტარდება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის განმარტებით, სამუშაოების ფარგლებში ესტაკადის კონსტრუქციული ელემენტების ტექნიკური შემოწმება, მათი გამძლეობისა და ფუნქციონალურობის შეფასება განხორციელდება.

„სატრანსპორტო პოლიტიკა ბევრი მნიშვნელოვანი კომპონენტისგან შედგება. განსაკუთრებული ადგილი ინფრასტრუქტურის მოწყობას, ქუჩების განახლება-რეაბილიტაციას უჭირავს. ასევე, ყურადღებას ვუთმობთ მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობასა და შეცვლას. კრიტიკას ვერ უძლებს სხვადასხვა უბანში არსებული კომუნიკაციები. ამიტომ, სადაც შევდივართ სამუშაოებით, პირველ რიგში, მას ვაწესრიგებთ. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ხიდების უსაფრთხოების საკითხსაც, რაც შესაბამისი სამსახურების მიერ პერიოდულად მოწმდება“, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, გამოკვლევის პერიოდში გმირთა მოედნის ესტაკადაზე ღამის საათებში – 02:00 საათიდან 06:00 საათამდე – საავტომობილო მოძრაობა დღეგამოშვებით სრულად შეიზღუდება.

„მსგავსი პროფილაქტიკური ღონისძიებები ხელს უწყობს პოტენციური საფრთხეების თავიდან არიდებას და დედაქალაქის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გამართულად ფუნქციონირებას“, – განაცხადა კალაძემ.