100%-იანი თანხმობის გარეშე მუნიციპალიტეტს არ აქვს უფლება, ხალხი შენობიდან გამოიყვანოს - კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ 100%-იანი თანხმობის გარეშე მუნიციპალიტეტს არ აქვს უფლება, ხალხი შენობიდან გამოიყვანოს. ამის შესახებ მან გუშინ, თევდორე მღვდლის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის შესახებ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა

კახა კალაძემ აღნიშნა, რომ კორპუსის ავარიულობის კატეგორიასთან დაკავშირებით, შეცდომა გუშინ მან დაუშვა.

„განცხადებას კორპურსის ავარიულობის კატეგორიებთან დაკავშირებით არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ჩემი შეცდომა იყო, როდესაც ვთქვი, რომ მეხუთე კატეგორიის შენობა იყო, თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს იქიდან გამომდინარე, რომ ამ შენობაში ხალხი იმის მიუხედავად ცხოვრობდა , გამგეობის მხრიდან არაერთი შეხვედრა გაიმართა და საუბარი იყო კორპუსის ჩანაცვლებაზე. თქვენ იცით, რომ 2021 წელს ჩვენ საზოგადოებას მივეცით დაპირება, რომ დავდებდით კონკრეტულ პროგრამას, რითაც ქალაქში ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლებას შევძლებდით, ეს პროგრამა არსებობს, მუშაობს, თუმცა არსებობს გამოწვევები, იქიდან გამომდინარე რომ არის შემთხვევები როდესაც მოსახლეობის 100%-იანი თანხმობის მიღება სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ ხერხდება. მაგალითად, როდესაც ადამიანი 50 კვ.მ-ის ფართში ცხოვრობს, მას უფრო მეტი ფართის მიღების სურვილი აქვს, რის გაკეთების შესაძლებლობაც მუნიციპალიტეტს არ აქვს. ამ ადამიანებს ვთავაზობთ ქირით გადაყვანას, რა დროსაც მათ არაფრის გადახდა არ მოუწევთ. მათი დროებითი გადაყვანა მოგვიწევს და ახალ აშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში დავაბრუნებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასაშუალებების წარმომადგენლებს მოუწოდებს, ავარიული კორპუსების ჩანაცვლების წესთან დაკავშირებით საზოგადოებას არასწორი ინფორმაცია არ მიაწოდონ. როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ამ მიმართულებით წესი არ შეცვლილა და საკრებულოს ის დადგენილება, რომელზეც ზოგიერთი მედიასაშუალება საუბრობს, სულ სხვა შემთხვევებს ეხება.

„ტყუილია აღნიშნული ინფორმაცია. ჩემი თხოვნა იქნება, ნუ გაავრცელებთ არასწორ, მცდარ და ტყუილ ინფორმაციას. კახა კალაძე, ქალაქის მერი სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ამ ტიპის საკანონმდებლო ცვლილებები არ განხორციელებულა. აბსოლუტურად სხვა რამეზე საუბრობთ. არ ვიცი, ვინ გააკეთა განცხადება და თქვენც იმეორებთ ამ მცდარ ინფორმაციას. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ და თუ ეს არასწორია, დღესვე დავტოვებ თანამდებობას - არანაირი საკანონმდებლო ცვლილებები არ განხორციელებულა. 100%-იანი თანხმობის გარეშე მუნიციპალიტეტს არ აქვს არანაირი უფლება, ხალხი შენობიდან გამოიყვანოს. ასეთი რაღაცები ხდებოდა 2012 წლამდე. გაიხსენეთ თაბუკაშვილის ქუჩის მაგალითი, როდესაც სპეცრაზმის დახმარებით გამოყარეთ ხალხი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, მუნიციპალიტეტს აქვს უფლება, მოსახლეობის სრული თანხმობის გარეშე, სხვა მუნიციპალურ მიწაზე პროექტი შეიმუშაოს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ტერიტორია გეოლოგიურად საშიშია, მოსახლეობის შენობიდან გამოყვანასთან დაკავშირებით კი 100%-იანი თანხმობის საჭიროება ყველა ვარიანტში რჩება.

„სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ თუ ეს არასწორია დღესვე დავტოვებ თანამდებობას - არანაირი საკანონმდებლო ცვლილებები არ განხორციელებულა და 100%-იანი თანხმობის გარეშე მუნიციპალიტეტს არ აქვს არანაირი უფლება ხალხი გამოყაროს.

ამ ქალაქში ხომ ცხოვრობთ თქვენი შვილებით, ოჯახებით, მშობლებით? შეუძლებელია, მუდმივად ახალისებდეთ უკანონობას, საშინელებას. საკრებულოს ის დადგენილება, რომელზეც საუბრობთ, ეხება მხოლოდ ისეთ შემთხვევებს, როდესაც ტერიტორია გეოლოგიურად საშიშია და ურბანულად არასწორია იქ რაიმის გაკეთება. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ 100%-იანი თანხმობის გარეშე, გვაქვს იმის უფლება, რომ პროცესი დავიწყოთ. მაგალითად, გავაკეთოთ პროექტი სხვა მუნიციპალურ მიწაზე და არა ხალხის გამოყვანასთან დაკავშირებით. ეს არის სხვაობა.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ: როცა 100%-იანი თანხმობა არ არის საჭირო, ეხება მხოლოდ და მხოლოდ პროცესის დაწყებას და მხოლოდ და მხოლოდ რიგ შემთხვევებს. კერძოდ იქ, სადაც არსებობს გეოლოგიური პრობლემა ან ურბანულად არის პრობლემური. ასეთ შემთხვევებში, არ არის საჭირო, გვქონდეს მომართვა და 100%-იანი თანხმობა იმისთვის, რომ დავიწყოთ მუშაობა პროექტის შემუშავებაზე, თუმცა, მოსახლეობის გამოყვანის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გვჭირდება 100%-იანი თანხმობა, რადგან საუბარია საკუთრების უფლებაზე, რაც განსაზღვრულია კანონით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თევდორე მღვდლის ქუჩაზე არსებული შენობა ავარიული იყო და მოსახლეობასთან, ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით, აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობდა, რაზეც ადგილობრივების 100%-იანი თანხმობა არ არსებობდა.

„შენობა იყო ავარიული და თქვენ წარმოიდგინეთ, მოსახლეობას მომართვაც კი არ ჰქონია. გუშინ დამისვეს შეკითხვა, რომ ორი წლის წინ ეს კორპუსი შეიღებაო. ეს ტყუილია. 2017 წელს, დავით ნარმანიას მერობის დროს, აღნიშნულ კორპუსს გამაგრების სამუშაოები ჩაუტარდა, თუმცა, ხედავთ დღეს ავარიულია. კიდევ ერთხელ ვამბობ, გვაქვს პროგრამა არა გამაგრების, არამედ ჩანაცვლების. ამაში ხალხიც უნდა დაგვეხმაროს, მედიაც, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია და არა ის, რომ ვისაუბროთ სიცრუეზე“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, არც ის და არც მისი თანაგუნდელები არ არიან ის ადამიანები, ვინც ავარიული კორპუსების მცხოვრებლებს კერძო საკუთრებიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანს.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს სადგურის მოედნის ტერიტორიაზე გუშინ მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ საუბრისას განუცხადა, მუნიციპალიტეტის მიდგომაა, რომ მოქალაქეებს მისცეს შესაძლებლობა, ისარგებლოს პროექტით, რომელიც ავარიული შენობების ახლით ჩანაცვლებას გულისხმობს.

რაც შეეხება კითხვას იმ შეთავაზების შესახებ, რომლითაც მუნიციპალიტეტმა ადგილობრივებს მიმართა, მერის თქმით, ეს სწორედ ჩანაცვლების პროგრამაში ჩართვას გულისხმობდა.

„ამ ადამიანებს შევთავაზეთ, რომ მიეღოთ მონაწილეობა ჩანაცვლების პროგრამაში, რაც არის დაოქმებული. ესეც შემიძლია გაჩვენოთ. ვუთხარით, რომ მერია მზად არის, მოხდეს აღნიშნული კორპუსის გამოთავისუფლება, დაშლა და ახალი საცხოვრებლის აშენება. ეს ყველაფერი არის დაოქმებული, აქვს იქ მცხოვრები ადამიანების ხელმოწერები. თუ არ მეშლება, მხოლოდ ორმა ადამიანმა განაცხადა თანხმობა, გასულიყო ქირით და ისინი უზრუნველყოფილნი არიან ქირით. ამ რეალობაზე ვისაუბროთ. კარგი, ჩემს მიმართ შეიძლება გაქვთ ცოტა განსხვავებული დამოკიდებულება, როგორც პოლიტიკოსის, რადგან გაქვთ თქვენი პოლიტიკური ინტერესები, მაგრამ ხომ არ შეიძლება მუდმივად სიცრუე, არასწორი ინფორმაცია გაავრცელოთ. გავა წლები, მე არ ვიქნები მერი, იქნება სხვა მთავრობები, ქალაქის სხვა მერი, მაგრამ ეს პრობლემები ხომ არსებობს? თუ ამ პრობლემებს ჩვენ სწორ
კომუნიკაციას არ გავუკეთებთ, სწორ შეფასებებს არ მივცემთ, მუდმივად მათ წინაშე ვიქნებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

14 ივლისს, საღამოს თევდორე მღვდლის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის ფასადის ნაწილის ჩამოშლას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა - 1.