ვიდრე ოპოზიცია საქართველოში, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებს აგროვებს და „ქართული ოცნების“ 1 200 000-ზე მეტი ამომრჩევლის გულწრფელობაში ეჭვი ეპარება, „ვერსია“ 2012 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე, უკვე მეოთხე წრეზე გამარჯვებული პარტიის აქტიური წარმომადგენლის, აწ უკვე წინა მოწვევის პარლამენტის წევრისა და უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის ქონებრივ დეკლარაციას გთავაზობთ. თუმცა, მანამდე, ტრადიციულად, მისი ბიოგრაფია გავიხსენოთ.
მამუკა მდინარაძის დეკლარაცია
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერს, მამუკა მდინარაძეს ჰყავს მეუღლე, ნათია კუნჭულია და ორი შვილი - გურამი და კატო. ნათია კუნჭულია საჯარო უწყების თანამშრომელია - დეპუტატის მეუღლე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ააიპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ საქმის წარმოების მხარდაჭერის სამსახურს ხელმძღვანელობს.
სულ ბოლოს, ქონებრივი დეკლარაცია, მამუკა მდინარაძემ 2024 წლის 1 იანვარს შეავსო. ამ დოკუმენტიდან ირკვევა, რომ დეპუტატის მეუღლე ნათია კუნჭულიამ, თიანეთის რაიონის სოფელ სიმონიანთხევში, 2022 წელს, მიწის ნაკვეთი შეიძინა, რომელშიც 6 000 ლარი გადაიხადა. ნათია კუნჭულიას საკუთრებაშია თბილისში, 119 კვ.მ. ფართობის ბინა ცინცაძის ქუჩაზე, რომელიც 2008 წელს, 170 000 ლარად შეუძენია. მის საკუთრებაშია 1 509 კვ.მ. მიწის ნაკვეთი თიანეთის რაიონის სოფელ ხევსურთსოფელში, რომელშიც 2021 წელს, 9 600 ლარი გადაუხდია.
მართალია, ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მამუკა მდინარაძის სახელზე უძრავი ქონება არ არის რეგისტრირებული, მაგრამ სამაგიეროდ, ოფიციალური დოკუმენტიდან ირკვევა, რომ დეპუტატი გატაცებულია მხატვრობით. მაგალითად, ლადო გუდიაშვილის ნახატში (ფურცელზე შესრულებული, ფანქრით), 2010 წელს, 2 000 ლარი გადაუხდია. 2013-2014 წლებში, მდინარაძეს ბაღდავაძის სამი ტილო შეუძენია და ჯამში, 4 200 აშშ დოლარი გადაუხდია.