ჩხოროწყუში 44,5 მგვტ სიმძლავრის „ხობი 2 ჰესი" გაიხსნა

დღეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხობისწყალზე მდებარე „ხობი 2 ჰესი" ოფიციალურად გაიხსნა.

სადგურის დადგმული სიმძლავრე 44,5 მეგავატია, ელექტრო ენერგიის გამომუშავება კი 200 მლნ კვტ სთ.

ჰიდროელექტროსადგურის პირველი ფაზისთვის ინვესტიციის მოცულობა 250 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ კომპანია „ფერიმ“ „ხობი 2 ჰესის“ მშენებლობა 2015 წელს დაიწყო. „ფერის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლაშა იორდანიშვილმა ჰესის ოფიციალური გახსნის ღონისძიებაზე "საქართველოს ბანკს" და "თიბისი ბანკს" პროექტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

"ეს ჰიდროელექტროსადგური ურთულესი ნაგებობების ერთობლიობას წარმოადგენს. ამ ჰესს თავისებური ისტორია ჰქონდა, სხვადასხვა მეპატრონეების ხელიდან ხელში გადადიოდა, თუმცა ბოლოს წარმატების ფორმულა გამოინახა.

ამ პროექტმა გარდა იმისა, რომ სხვადასხვა დარგში მოღვაწე ძალიან საინტერესო ბიზნესმენი გააერთიანა, ასევე შეძლო და გააერთიანა ჩვენი ორი საამაყო ბანკი", - თქვა ლაშა იორდანიშვილმა.

ამასთან, მან მადლობა გადაუხადა პროექტში პარტნიორებს: ზაზა ნიშნიანიძეს, ილია და თენგო წულაიებს, უტა დარჩიაშვილს, იოსებ მჭედლიშვილს, გოჩა დარჩიაშვილს.

ღონისძიებას დაესწრო პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რომელმაც სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ "ხობი 2 ჰესი" არის ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგური, რომელიც საბჭოთა პერიოდის შემდეგ საქართველოში აშენდა.

„ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ეკონომიკის კიდევ უფრო მეტად განვითარებას და ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას. პროცესები დაიწყო 2015 წლიდან და ჰიდროელექტროსადგური უკვე შესულია ექსპლუატაციაში. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო შპს „ქართული საინვესტიციო ჯგუფი ენერგიას“ წარმომადგენლებს, მის ხელმძღვანელს, ბატონ ლაშა იორდანიშვილს ამ არაჩვეულებრივი პროექტის განხორციელებისთვის. ასევე, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ამ კომპანიას მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის. არაერთი მნიშვნელოვანი სოციალური პროექტი განხორციელდა ამ ჰესის მშენებლობასთან ერთად, რაც მოიცავდა, მათ შორის, მდინარის გათევზიანებას, ადგილობრივი სიმღერის და ცეკვის სახალხო ანსამბლის, ასევე ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლისთვის მხარდაჭერის აღმოჩენას, ნიკო კვარაცხელიას ფონდის მხარდაჭერას ნიჭიერი ახალგაზრდების სწავლის დასაფინანსებლად, ასევე მუხურის ენდემური ჯიშის ფუტკრის პოპულარიზაციას, გამრავლებას, ჩხოროწყუს საფეხბურთო გუნდის მხარდაჭერას და ა.შ.“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ მშენებლობაზე 300 ადამიანი იყო დასაქმებული.