რა დაჯდება სპორტის სასახლის რეაბილიტაცია და როდის დასრულდება პროექტი?

დღეს დედაქალაქის მერმა, მთავრობის სხდომაზე სპორტის სასახლის რეაბილიტაცია დააანონსა.

სპორტის სასახლის რეაბილიტაციისთვის განსაზღვრული საინვესტიციო თანხა და რეაბილიტაციის ვადები ცნობილია.

როგორც „აჭარა ჰოლდინგის“ აქტივების მართვის დირექტორი, ოთარ ბერიშვილი BM.GE-სთან საუბრისას აცხადებს, პროექტის ფარგლებში სპორტის სასახლის არა მხოლოდ სპორტული დანიშნულების სივრცედ გადაქცევა, არამედ, ისეთ ობიექტად ქცევაა დაგეგმილი, რომელიც მულტიფუნქციური ღონისძიებების მასპინძელი იქნება.

„დაახლოებით 2026 წლის ბოლომდე, ობიექტის გარკვეული სამუშაოების დასრულებაა დაგეგმილი. იმისათვის, რომ სპორტის სასახლე გადაიქცეს არა მხოლოდ სპორტული დანიშნულების სივრცედ, არამედ უკვე სხვადასხვა მულტიფუნქციური ღონისძიებების მასპინძლობა შეძლოს.

ინვესტირება არა მხოლოდ შენობაში, არამედ გარე ტერიტორიაშიც მოხდება. მთლიანად, საპარკინგე სივრცეების ძირითადი ნაწილი უქმდება და გამწვანებული სივრცეები გაკეთდება, რომელიც საზოგადოებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი. პირველ რიგში, აქცენტი გარე ტერიტორიაზე იქნება, რომ მოწესრიგდეს გარე ტერიტორია და შემდეგ უკვე შიდა სამუშაოებით გაგრძელდება“,- აცხადებს ოთარ ბერიშვილი.

რაც შეეხება პროექტის საინვესტიციო ღირებულებას, მინიმუმ 4 მლნ დოლარის ინვესტიციაა დაგეგმილი, თუმცა „აჭარა ჰოლდინგის“ აქტივების მართვის დირექტორი არ გამორიცხავს, რომ საინბვესტივციო თანხა დაკორექტირდეს.

აღსანიშნავია, რომ ობიექტი 2007 წლიდან შპს ლოჯიკ გრუპის მმართველობაშია, რომელმაც ამ რეაბილიტაციის პროცესზე პასუხისმგებლობა აიღო. აღნიშნული კომპანია „აჭარა ჰოლდინგთანაა“ დაკავშირებული. როგორც ბერიშვილმა BM.GE-სთან განაცხადა, რეაბილიტაციას თავად კომპანია განახორციელებს.