საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი შემცირდა, იმპორტი კი გაიზარდა - რით ვვაჭრობთ სტრატეგიულ პარტნიორთან?

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ოქტომბრის სავაჭრო ბრუნვის მიხედვით ჩინეთი საქართველოს ნომერ მეოთხე სავაჭრო პარტნიორია.

10 თვეში ორი ქვეყნის ექსპორტ-იმპორტის ჯამმა 1.6 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 8.4%-ს წარმოადგენს.

მონაცემები აჩვენებს, რომ მიმდინარე წელს ჩინეთში ექსპორტი შემცირდა, ხოლო იმპორტი გაიზარდა. საქართველო-ჩინეთის სავაჭრო თანამშრომლობა ძირითადად იმპორტზე მოდის, რომელიც ექსპორტს 5-ჯერ და მეტად აღემატება.

ჩინეთში ექსპორტი

ჩინეთი საექსპორტო პარტნიორებს შორის მეშვიდე ადგილზეა. იანვარ-ოქტომბერში ექსპორტმა 256.7 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 6.4%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

ჩინეთზე საქართველოს მთლიანი ექსპორტის 4.7% მოდის. 5 ძირითადი საექსპორტო პროდუქტი კი შემდეგია:

  • ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - $157.7 მლნ;
  • სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $27.4 მლნ;
  • კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთოლი, კარი და სხვა სანელებლები - $26.7 მლნ;
  • მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ხელსაწყოები და მოწყობილობები - $19.2 მლნ;
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - $7.5 მლნ.

BMG-მ საქსტატიდან გამოითხოვა ინფორმაცია ჩინეთიდან ტოპ 10 ექსპორტიორი კომპანიების შესახებ (დალაგებული არაა რეიტინგის მიხედვით):

  • სს RMG Copper
  • სს კაიშენ თრეიდინგი
  • სს საერთაშორისო სამედიცინო ტექნოლოგიები
  • შპს Caucasian Metals Terminal
  • შპს აგროგრუპი
  • შპს გეოპრიპრავა
  • შპს გოლდ დაფნა
  • შპს ლაურუს ნობილის ჯორჯია
  • შპს ლეგომეტალ
  • შპს ჯეო გადამამუშავებელი

ჩინეთიდან იმპორტი

ჩინეთი საქართველოსთვის მეოთხე უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორია. 10 თვეში იმპორტმა 1.34 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 18.3%-იანი ზრდაა გასულ წელთან შედარებით.

საქართველოს მთლიან იმპორტში ჩინეთს 9.9%-იანი წილი აქვს. იანვარ-ოქტომბერში იმპორტირებული 5 ძირითადი პროდუქტი კი შემდეგია:

  • ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი - $43.7 მლნ;
  • სატვირთო ავტომობილები - $43 მლნ;
  • მოწყობილობები ჰაერის კონდიცირებისათვის - $42.5 მლნ;
  • რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი - $41.6 მლნ;
  • გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - $36.7 მლნ.

საქსტატიდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, ჩინეთიდან ტოპ 10 იმპორტიორი კომპანია შემდეგია:

  • სს ელიტ ელექტრონიქსი
  • შპს ავტოტექნო
  • შპს ალტა
  • შპს გორგია
  • შპს ემტექნიკსი
  • შპს იუ-ჯი-თი
  • შპს მაგთიკომი
  • შპს ნოვა
  • შპს ომეგა
  • შპს ჯი არ სი