"შემდეგი 4 წლის მიზანია მინიმუმ 9 მლრდ დოლარის ინვესტიციების მოზიდვა" - ირაკლი კობახიძე

ეკონომიკური პროგრესის მიღწევას სჭირდება კონკრეტული პროექტების განხორციელება და ამ კუთხით ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის, სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერება, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაფართოება, ეფექტიანი მენეჯმენტი უზრუნველყოფს, რომ ყველა გეგმა სათანადოდ იქნება რეალიზებული შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მომავალ წელს მთლიანად დასრულდება თბილისი-ბათუმის ავტომაგისტრალის მშენებლობა, მათ შორის ეს მოიცავს რიკოთის საუკუნის ურთულეს პროექტს. 

„ძალიან დიდი სამუშაო გასწია საქართველოს მთავრობამ კონკრეტულად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გასული წლების განმავლობაში ამ მიმართულებით და სხვაობა აქაც არის სახეზე. მაგალითად წინა ხელისუფლების მონაცემები რომ ავიღოთ, მხოლოდ 68 კილომეტრი ავტომაგისტრალი ააშენეს და ისიც იყო ყველაზე მარტივი მონაკვეთი. ჩვენი ხელისუფლების პირობებში მარტო ბოლო წლების განმავლობაში, 40 კილომეტრზე მეტი მხოლოდ გვირაბი აშენდა საქართველოში. ეს არის ეფექტიანობის შედეგი და იმის შედეგი, რომ ადრე ყვაოდა კორუფცია და კორუფცია არის აღმოფხვრილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელების პროცესში. ეს გვაძლევს იმ უზარმაზარ სხვაობას, რომელიც არის სახეზე 2012 წლის შემდეგ. 

ჩვენი ამოცანა არის საზღვრებამდე ავტომაგისტრალის მიყვანა. შემდეგი 4 წლის განმავლობაში უზრუნველყოფილი იქნება, როგორც სომხეთის, ასევე აზერბაიჯანის საზღვრამდე ავტომაგისტრალის სრულად აშენება, საუბარია, 4-ზოლიან ავტომაგისტრალზე. ასევე ჩვენს გეგმებში შედის თურქეთის საზღვრამდე ბათუმი-სარფის მონაკვეთის მშენებლობა, ორზოლიანი ავტომაგისტრალის მშენებლობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

მისივე თქმით, კახეთის მიმართულებით არის ძალიან სერიოზული პროგრესი, თბილისიდან საგარეჯოს მონაკვეთი უკვე არის აშენებული, ბადიაურამდე გაგრძელდება ამ მონაკვეთის მშენებლობა და დასრულდება მომდევნო წლისთვის და ამის შემდეგ გაგრძელდება ჭალაუბნამდე მაგისტრალის მშენებლობა.

„აშენდება ასევე გურჯაანი-თელავის მაგისტრალი, ლაგოდეხის შემოვლითი გზა, ანაკლია-თეკლათის მაგისტრალი, რაც მნიშვნელოვანია ანაკლიის პროექტის სათანადოდ ოპერირებისთის, რუსთავის 4-ზოლიანი მაგისტრალი, რაც მნიშვნელოვანია როგორც რუსთავის, ასევე თბილისის მოსახლეობისთვის, მობილობის გასაუმჯობესებლად. ზოგადად ჩვენი ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი ეს პროექტი და ასევე ლარსის მონაკვეთი, აქაც აქტიურად წარიმართება სამუშაოები და გვაქვს ამბიციური გეგმები შემდეგი ოთხი წლისთვის. ამ შემთხვევაშიც ეფექტიანი მენეჯმენტი უზრუნველყოფს, რომ ყველა ეს გეგმა სათანადოდ იქნება რეალიზებული შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი შეფასებით, ძალიან დიდი პროგრესია და 2012 წლის შემდეგ საქართველოში მთლიანობაში აშენდა 63 ჰიდროელექტროსადგური, 2 თბოელექტროსადგური, 1 ქარის ელექტროსადგური.

„ელექტროენერგიის გამომუშავება საქართველოში 2012 წელს შეადგენდა 3359 მეგავატს და 2024 წლისთვის ეს მაჩვენებელი 4600 მეგავატი იქნება. 2028 წლისთვის ჩვენი მიზანია, ამ მაჩვენებელმა გადააჭარბოს 8000 მეგავატს, ხოლო 2030 წელს 10 ათას მეგავატს და ამის შემდეგ ჩვენ უკვე გავხდებით სრულად თვითკმარი, დამოუკიდებელი ქვეყანა ელექტროენერგიიის გამომუშავების თვალსაზრისით. ჩვენ აღარ დაგვჭირდება ელექტროენერგიის იმპორტირება. ჩვენი ელექტროენერგიის გამომუშავება არა მხოლოდ უნდა დაეწიოს ეკონომიკის განვითარებას, არამედ უნდა გაუსწროს და გავხდეთ სრულად თვითკმარი ქვეყანა ამ თვალსაზრისით“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, 1 217 000 ადამიანი იყო დასაქმებული ჩვენს ქვეყანაში 2021 წელს და 2024 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით 1 387 000 არის დასაქმების მაჩვენებელი. 

„ჩვენი ამოცანაა შევქმნათ 200 000 ახალი სამუშაო ადგილი, რაც ნიშნავს იმას, რომ უმუშევრობის შემცირების თვალსაზრისით გვექნება ძალიან სერიოზული პროგრესი. 
ასევე, რაც შეეხება საშუალო ხელფასს, 712-ნახევარი ლარი იყო საშუალო ხელფასი საქართველოში 2012 წელს. უკვე წლევანდელი მონაცემებით 2 000 ლარს გადააჭარბა საშუალო ხელფასმა ჩვენს ქვეყანაში. გვაქვს დაახლოებით სამმაგი ზრდა და 2028 წლისთვისაც გვაქვს ამბიციური ამოცანა, 3 500 ლარს უნდა გადააჭარბოს საშუალო ხელფასმა ჩვენს ქვეყანაში. ამაზეც ანგარიშს ჩავაბარებთ, რა თქმა უნდა, საზოგადოებას 4 წლის შემდეგ. 
ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი ეკონომიკური გუნდი. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. რა თქმა უნდა, გარდა იმისა, რომ  გვაქვს კარგი, რაციონალური ეკონომიკური პოლიტიკა, აღსრულების გარეშე საქმე არ გამოდის. მოხარული ვარ, რომ დღეს თქვენს წინაშე არის წარმოდგენილი ძალიან ძლიერი ეკონომიკური გუნდი, რომელიც ჩვენი ეკონომიკური გეგმების აღსრულებას სათანადოდ უზრუნველყოფს. ასევე გვაქვს ძალიან ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკა, ბიზნესი არის თავისუფალი, ეს არის სიახლე საქართველოში 2012 წლის შემდეგ. გახსოვთ რა ხდებოდა საქართველოში ამ თვალსაზრისით 2012 წლამდე. გვაქვს მშვიდობა, სტაბილურობა, ეს ყველაფერი ქმნის საუკეთესო პირობებს იმისათვის, რომ ყველა დაპირება სათანადოდ შესრულდეს“, -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


ირაკლი კობახიძის თქმით, შემდეგი 4 წლის განმავლობაში საქართველოში სოფლის მეურნეობა დაფინანსდება 3 მლრდ ლარით.

„ადამიანებს უწევდათ ვენახებზე უარის თქმა, ასეთ მდგომარეობამდეც კი მიიყვანეს მევენახეები ჩვენს ქვეყანაში. 2012 წლის შემდეგ არის ძალიან დიდი მხარდაჭერა და სწორედ ამან გამოიწვია 70%-ით ფართობების ზრდა ჩვენს ქვეყანაში.
ყურძნის გადამუშავება გაიზარდა 52 000 ტონიდან 300 000 ტონამდე ამ წლების განმავლობაში. ღვინის ექსპორტი 65 მლნ დოლარიდან გაიზარდა 259 მლნ დოლარამდე. წელს გვექნება კიდევ უკეთესი მაჩვენებლები ამ მიმართულებით. ეს არის 2023 წლის მონაცემები. 
მევენახეების შემოსავალი - ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელი ჩვენთვის, მთავარია, რომ შემოსავალი გაეზარდოთ საბოლოო ჯამში მევენახეებს. მევენახეების შემოსავალი 70 მლნ ლარიდან გაიზარდა 350 მლნ ლარამდე 2023 წლისთვის. 
რაც შეეხება 2028 წლის მიზანს, ღვინის ექსპორტი ნახევარ მილიარდ დოლარამდე უნდა გაიზარდოს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ შარშანდელი მაჩვენებელი იყო 259 მლნ დოლარი და 500 მლნ დოლარს უნდა გადააჭარბოს ღვინის ექსპორტმა ჩვენი ქვეყნიდან 2028 წლისთვის, რაც პირდაპირ აისახება, რა თქმა უნდა, მევენახეების, ამ დარგში ჩართული ადამიანების შემოსავლებზე. 
მთლიანობაში, რომ შევაჯამოთ სოფლის მეურნეობა, აგრობიზნესის გამოშვება საქართველოში 2012 წელს შეადგენდა 7.6 მლრდ ლარს, 2023 წელს უკვე შეადგინა 16.6 მლრდ ლარი, ანუ გაორმაგდა ეს მაჩვენებელი და ჩვენი ამოცანაა 2028 წლისთვის ეს მაჩვენებელი გაიზარდოს 24 მლრდ ლარამდე. აბსოლუტურად რეალურია ამ მიზნის განხორციელება. 
რაც შეეხება აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტს, 2012 წელს შეადგენდა დაახლოებით ნახევარ მილიარდ დოლარს და 2023 წლისთვის უკვე შეადგინა დაახლოებით 1.5 მლრდ დოლარი, მაჩვენებელი დაახლოებით სამჯერ გაიზარდა. ამ კუთხით 2028 წლისთვის პროდუქციის ექსპორტი შეადგენს 2.3 მლრდ დოლარს, ესეც არის აბსოლუტურად მიღწევადი მიზანი. 
მთლიანობაში, შემდეგი 4 წლის განმავლობაში საქართველოში სოფლის მეურნეობა დაფინანსდება 3 მლრდ ლარით, დამეთანხმებით, რომ არის უპრეცედენტო ინვესტიცია, რომელიც განხორციელდება სოფლის მეურნეობის სფეროში. მაგალითად 2012 წელს, წლიურ ბიუჯეტში 100 მლნ ლარიც კი არ იყო გამოყოფილი სოფლის მეურნეობაზე. ახლა ვსაუბრობთ 4 წელიწადში 3 მილიარდიან ინვესტიციაზე. ხედავთ, რამდენად დიდია სხვაობა, რამდენად დიდია პროგრესი და რამდენად დიდი ყურადღება ეთმობა დღეს სოფლის მეურნეობის განვითარებას და ქართული სოფლის გაძლიერებას ჩვენს ქვეყანაში“, -  აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, მთლიანობაში, 6.5 მლრდ ლარის შეღავათიანი სესხი გაიცა აგრარულ მეურნეობებზე სახელმწიფოს თანამონაწილეობით.

 

„სოფლის მეურნეობა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგი ჩვენი ქვეყნისთვის. სოფლის მეურნეობის განვითარება ნიშნავს არა მარტო ეკონომიკის გაძლიერებას, არამედ, პირველ რიგში, ნიშნავს ქართული სოფლის გაძლიერებას. ამ მიმართულებით, გასული წლების განმავლობაში, გვქონდა ძალიან სერიოზული პროგრესი. მთლიანობაში, 6.5 მლრდ ლარის შეღავათიანი სესხი გაიცა აგრარულ მეურნეობებზე ჩვენს ქვეყანაში და ეს ყველაფერი მოხდა, სწორედ, სახელმწიფოს თანამონაწილეობის წყალობით. 47 000-ზე მეტი უშუალო ბენეფიციარი ჰყავდა ამ პროექტებს სოფლის მეურნეობის სფეროში. შემდეგი 4 წლის განმავლობაში, კონკრეტულად ამ მიმართულებით, გამოიყოფა 800 მლნ ლარი. ასევე, სოფლის მეურნეობის პროექტების პროგრამების ფარგლებში შეიქმნა 400-ზე მეტი გადამამუშავებელი საწარმო, შემნახველი ობიექტი. ამ კუთხით იყო ძალიან მძიმე პრობლემები 2012 წლამდე. 120 მლნ ლარით დაფინანსდა ფერმერთა ტექნიკა, 7 500 ერთეული ტექნიკა მიიღებს აგრარულ სფეროში დასაქმებულმა ადამიანებმა მთავრობის მხარდაჭერით, ამ კუთხითაც გაგრძელდება მომავალშიც პროგრამების განხორციელება,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მისივე შეფასებით, „დანერგე მომავალი“ - არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, 23 600 ჰა ფართობზე გაშენდა ახალი ბაღები, ჯამურად კი 360 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

 

„პროგრამის - „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, გაშენდა ახალი ბაღები, ჯამური ფართობი შეადგენდა 23 600 ჰა-ს, ჯამში, 360 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა. მომდევნო 4 წლის განმავლობაში, 100 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება, რაც უზრუნველყოფს, დამატებით, დაახლოებით, 10 000 ჰა ფართოებზე ახალი ბაღების გაშენებას, რაც მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის შემდგომი განვითარებისთვის.

ასევე მელიორაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება - აქაც გვაქვს ძალიან დიდი პროგრესი. მთლიანობაში, მხოლოდ 59 000 ჰა იყო წყალუზურუნველყოფილი ჩვენს ქვეყანაში 2012 წლისთვის და 210 000 ჰა-მდე გაიზარდა ეს მაჩვენებელი 12 წლის თავზე. მომდევნო წლების განმავლობაში, მილიარდი ლარი იქნება მელიორაციისთვის გამოყოფილი და 260 ჰა-მდე გაიზრდება წყალუზრუნველყოფილი ფართობების საერთო მოცულობა. მათ შორის, დაიწყება ილტოს წყალსაცავის მშენებლობა, რაც კახეთის რეგიონში, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ ასევე ისაუბრა რეგიონული განვითარების მიმართულებით დაგეგმილი ინვესტიციების განხორციელებაზე და აღნიშნა, რომ დემოგრაფიული პროცესების სწორედ განვითარებისთვის მნიშვნელოვანია რეგიონების თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარება.

 

„ასევე მნიშვნელოვანია რეგიონული განვითარება. ერთ-ერთი პრობლემა, რაც გვაქვს ქვეყანაში არის ის, რომ თანდათან იზრდება დიდი ქალაქები, არის მიგრაცია დიდ ქალაქებში და დემოგრაფიული პროცესების სწორედ განვითარებისთვის მნიშვნელოვანია რეგიონების თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარება. დაახლოებით, 2.5 მლრდ ლარის ინვესტიციები ჩაიდება კონკრეტულად იმ ფონდებში, რომლებიც დაკავშირებულია რეგიონულ განვითარებასთან. ეს არის ე.წ. „რეგ-ფონდი“, რეგიონული განვითარების ფონდი, ეს არის სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, ეს არის მთის მხარდაჭერის ფონდი, ეს არის სპეციალური პროგრამა, რომელიც დაკავშირებულია გამყოფი საზღვრების პირა დასახლებებში ინფრასტრუქტურის განვითარებასთან, ეს არის მუნიციპალური ტრანსპორტის პროგრამა, ამ პროგრამებზე, ფონდებზე დაიხარჯება დაახლოებით 2.5 მლრდ ლარი 4 წლის განმავლობაში.

ადგილობრივი ბიუჯეტები გაიზარდა უკვე მნიშვნელოვნად და ეს პროცესი გაგრძელდება. მთლიანობაში, 2 მლრდ ლარზე ნაკლები იყო 2012 წელს ადგილობრივი ბიუჯეტების ჯამი, აქ შედის როგორც თბილისის, ისე რეგიონული მუნიციპალიტეტები. ეს მაჩვენებელი არის უკვე სერიოზულად გაზრდილი, დაახლოებით, 5.5 მლრდ ლარია წლევანდელი მაჩვენებელი, 2028 წლისთვის, ჩვენი პროგრამის თანახმად, 7 მლრდ ლარს გადააჭარბებს ადგილობრივი ბიუჯეტების საერთო ჯამი და იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო მეტიც გვექნება ზრდა ამ მიმართულებით,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, გარემოს დაცვაზე ზრუნვა არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც გლობალური კლიმატის ცვლილებები სერიოზულ პრობლემებს იწვევს.

 

„გარემოს დაცვაზე ზრუნვა არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. ხედავთ, რომ გლობალური კლიმატის ცვლილებები იწვევს სერიოზულ პრობლემებს, მათ შორის, ჩვენს ქვეყანაში. გვქონდა მძიმე სტიქიები, მათ შორის წელს და ამ კუთხით სერიოზული ზრუნვა არის საჭირო, მათ შორის, პრევენციის თვალსაზრისით.

2028 წლისთვის საქართველოს ექნება თანამედროვე ადრეული გაფრთხილების სისტემები, დაცულ ტერიტორიებს დაემატება, დაახლოებით, 100 000 ჰა ფართობი, აღდგება და გაშენდება 15 000 ჰა ტყე. ეს არის მხოლოდ არასრული ჩამონათვალი, დროის სიმცირიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ყველა საკითხზე ვერ გავამახვილებ ყურადღებას. ქალაქებში ჰაერის დაბინძურება ასევე არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა. თბილისში, გასული წლების განმავლობაში, უკვე 25 %-ით შემცირდა ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი. ქალაქ რუსთავში ეს მაჩვენებელი შემცირდა 35 %-ით და მომავალშიც გაგრძელდება ზრუნვა ამ მიმართულებით,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ 2028 წლისთვის გაზიფიკაციის მაჩვენებელი იქნება 95%.

„რაც შეეხება დამატებით რეგიონულ განვითარებას. სოფლების გაზიფიცირება - თქვენ იცით, რამხელა პროგრესი გვქონდა ჩვენ ამ მიმართულებით გასული წლების განმავლობაში. გაზიფიკაციის ტემპი გაიზარდა 2012 წლის შემდეგ 3-ჯერ ჩვენს ქვეყანაში, შედეგად მივიღეთ ის, რომ 90%-ზე მეტი პოტენციური აბონენტების არის უკვე გაზიფიცირებული. სოფლების გაზიფიცირება გაგრძელდება, უკვე მომავალ წელს 93%-ს მიაღწევს გაზიფიკაციის მაჩვენებელი და  2028 წლისთვის გაზიფიკაციის მაჩვენებელი იქნება 95%. პრაქტიკულად ჩვენ მივწვდებით უკვე ყველა იმ სოფელს, სადაც რეალურია გაზიფიკაციის ამუშავების წარმართვა.
ინტერნეტიზაციის მიმართულებით გვაქვს სერიოზული გეგმები, 5 000 კილომეტრი ახალი ქსელი უნდა შეიქმნას ჩვენს ქვეყანაში.
წყალმომარაგებაზე წვდომა გადააჭარბებს 80%-ს. დასრულდება უკვე მომავალ წელს ქალაქების წყალმომარაგების პროგრამა და ამის შემდეგ ეს პროგრამა გაგრძელდება უკვე ურბანულ დასახლებებში. დამატებით 300 000 მოქალაქე მიიღებს 24 საათიან წყალმომარაგებაზე წვდომას შემდეგი 4 წლის განმავლობაში“, -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საბავშვო ბაღების, სახელოვნებო და სპორტული სკოლების პერსონალის ხელფასებს. 

„რაც შეეხება საჯარო მოხელეებზე ზრუნვას, ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ერთია, რომ გაიზრდება კერძო სექტორში შრომის ანაზღაურება. დღეს დაახლოებით 2000 ლარია შრომის ანაზღაურება მთლიანობაში საშუალო მაჩვენებელი და 2028 წლისთვის გაიზრდება 3500 ლარამდე. კონკრეტულად საჯარო მოხელეთა ხელფასების ზრდა უნდა გაგრძელდეს, საჯარო სამსახურში გაგრძელდება მოხელეთა ხელფასების ზრდა 2025 წლის ბიუჯეტშიც ასახული იქნება 10-პროცენტიანი ზრდა და ამ მიმართულებით მომავალშიც უნდა გაგრძელდეს ძალისხმევა. 

საბავშვო ბაღების პერსონალზე გვექნება განსაკუთრებული ყურადღება დათმობილი. ასევე იგივე ეხება სახელოვნებო და სპორტული სკოლების პერსონალს, აქაც უზრუნველყოფილი იქნება სტანდარტული ზრდის მიღმა მათ შორის ხელფასების ზრდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.