2024 წლის მონაცემებით, საქართველოში აგროსასურსათო პროდუქციის ძირითადი იმპორტიორია: ევროკავშირის ქვეყნები (29%), რუსეთი (22%), თურქეთი (13%), უკრაინა (6%) და ბრაზილია (5%). ამის შესახებ "ქართული ოცნების" მთავრობის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებულ ანალიზშია აღნიშნული.
გასული წლის წინასწარი მონაცემებით საქართველოში იმპორტირებულია 2 მლრდ 196 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 8.8%-ით აღემატება 2023 წლის მაჩვენებელს.
ანგარიშის თანახმად, იმპორტი ყველაზე მეტად გაზრდილია ლიეტუვიდან (38.9 მლნ აშშ დოლარი; 3-ჯერ), რუსეთიდან (33.1 მლნ აშშ $; 7%), აშშ-დან (24 მლნ აშშ $; 93%), ჩინეთიდან (21.8 მლნ აშშ $; 63%), აზერბაიჯანიდან( 21.5 მლნ აშშ $; 42%) და უკრაინიდან (20 მლნ აშშ $; 17%).
ლიეტუვიდან იმპორტის ღირებულებამ შეადგინა 58.6 მლნ აშშ დოლარი, ზრდა გამოწვეულია სიგარეტის იმპორტით რომლის ღირებულებამ 44.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 11-ჯერ აღემატება.
რუსეთიდან იმპორტირებულია 493 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, ზრდა ძირითადად გამოწვეულია ხორბლის, სპირტისა და მზესუმზირის ზეთის იმპორტით, მათი ღირებულება შესაბამისად 19.4 მლნ, 12.9 მლნ და 5.4 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აღსანიშნავია რომ რუსეთიდან მნიშვნელოვნად შემცირდა ხორბლის ფქვილისა და შაქრის იმპორტი, შესაბამისად 19 მლნ და 11.9 მლნ აშშ დოლარით.
აშშ-დან იმპორტირებული პროდუქციის ღირებულებამ 49.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ზრდა ძირითადად გამოწვეულია კაკლოვანი ხილის (ძირითადად ფისტა) და ფრინველის ხორცის იმპორტით, რომელთა ღირებულება შესაბამისად 17 მლნ და 8.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 22.9 და 13.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ჩინეთიდან იმპორტის ღირებულება შეადგენს 56.6 მლნ აშშ დოლარს. ზრდა ძირითადად გამოიწვია ფრინველის ხორცის იმპორტმა, რომლის ღირებულება 11.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 29.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
აზერბაიჯანიდან იმპორტის ღირებულება შეადგენს 72.8 მლნ აშშ დოლარს. ზრდა ძირითადად გამოიწვია სიგარეტის იმპორტმა, რომლის ღირებულება 20.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 32.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
უკრაინიდან იმპორტის ღირებულებამ 135 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ზრდა ძირითადად გამოწვეულია შოკოლადის ნაწარმისა და ფრინველის ხორცის იმპორტით, მათი ღირებულება 5.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 17.5 მლნ და 13.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.