I კვარტალში ტურიზმიდან შემოსავლები $826 მილიონამდე გაიზარდა - რომელი ქვეყნებიდანაა მაღალი ზრდა?

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წლის I კვარტალში საქართველომ მოგზაურობიდან 826 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2.3%-ით მეტია. აღსანიშნია, რომ ტურისტული ვიზიტების სტატისტიკა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ჯერ არ გამოუქვეყნებია.

სებ-ის თანახმად, I კვარტალში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების თვალსაზრისით, მაღალი პროცენტული ზრდა დაფიქსირდა აზერბაიჯანიდან - 19.8% და საუდის არაბეთიდან - 12.3%. ამავდროულად სტატისტიკის მიხედვით, მაღალი ზრდის ტემპით გამოირჩევა ისრაელიდან მიღებული მოგზაურობიდან შემოსავლები, რომელმაც 2025 წლის I კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 73.7%-იანი ზრდა აჩვენა და 114.2 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა.

საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავალში 2025 წლის I კვარტალში ევროკავშირის ქვეყნების წილი 12.5%-ით განისაზღვრა და 103.2 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა. მაჩვენებელი წლის ჭრილში 4.8%-ით შემცირდა.

კლების ტენდენციით ხასიათდება რუსეთიდან მიღებული მოგზაურობიდან შემოსავლები - 2025 წლის I კვარტალში რუსეთიდან საქართველოში მოგზაურობით მიღებული შემოსავალი 17.2%-ით შემცირდა. თუმცა ამის მიუხედავად, რუსეთი კვლავ ლიდერ პოზიციაზეა 141.8 მილიონი დოლარით.

საქართველოს შემოსავლები ტურიზმიდან 2025 წლის პირველ კვარტალში შემდეგნაირად ნაწილდება:

რუსეთი - 141.8 მლნ დოლარი/კლება 17.2%;
ისრაელი - 114.2 მლნ დოლარი/ზრდა 73.7%;
თურქეთი - 107.1 მლნ დოლარი/კლება 8.8%;
ევროკავშირი - 103.2 მლნ დოლარი/კლება 4.8%;
აზერბაიჯანი - 48.6 მლნ დოლარი/ზრდა 19.8%;
უკრაინა - 33.7 მლნ დოლარი/ზრდა 2%;
სომხეთი - 28.2 მლნ დოლარი/კლება 10%;
ირანი - 27.2 მლნ დოლარი/კლება 8%;
ბელარუსი - 15.9 მლნ დოლარი/კლება 3.8%;
საუდის არაბეთი - 8.7 მლნ დოლარი/ზრდა 12.3%;
დანარჩენი ქვეყნები - 197.4 მლნ დოლარი/ზრდა 6%.