საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს, მასატო კანდას და აღმასრულებელ დირქტორს რეიჩელ ტომპსონს შეხვდა. ინფორმაციას უწყება ავრცელებს.
მიმდინარე წელს, აზიის განვითარების ბანკის (ADB) 58-ე წლიურ შეხვედრას იტალია, მილანი მასპინძლობს.
უწყების ცნობით, ფინანსთა მინისტრთან ერთად, ორივე შეხვედრაში ქართული მხრიდან მონაწილეობა მიიღო მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ.
"მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხები. ლაშა ხუციშვილმა მასატო კანდას, კიდევ ერთხელ,მიულოცა მიმდინარე წლის თებერვალში, ADB-ის პრეზიდენტად დანიშვნა და წარმატებები უსურვა საქმიანობაში.
საუბარი შეეხო ბოლო წლებში საქართველოს მიღწეულ პროგრესს, მაღალი ეკონომიკური ზრდისა და სტაბილური მაკროეკონომიკური პარამეტრების მნიშვნელობას. ასევე, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, ბანკის მიერ მხარდაჭერილ პროექტებს, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში.
ბანკის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონული და მრავალმხრივი თანამშრომლობის კონტექსტში და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის წარმატებული თანამშრომლობის ისტორია მომავალშიც გაგრძელდება.
აზიის განვითარების ბანკი წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან პარტნიორ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს. ბანკის ინვესტიცია, 2007 წელს, მასში საქართველოს გაწევრიანების დღიდან, 5 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს", - ნათქვამია ფინანსთა სამინისტრო გავრცელებულ ინფორმაციაში.
რაც შეეხება აზიის განვითარების ბანკის (ADB) 58-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრისა და აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორს, რეიჩელ ტომპსონთან შეხვედრას. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, "მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე. ფინანსთა მინისტრმა ბანკის აღმასრულებელ დირექტორს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ ვითარებასა და ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტებზე.
კიდევ ერთხელ, ხაზი გაესვა აზიის განვითარების ფონდში საქართველოს დონორის სტატუსით მონაწილეობის მნიშვნელობას.
რეიჩელ ტომპსონმა გამოთქვა მზაობა, ქვეყანასთან პარტნიორობა გაგრძელდეს სხვადასხვა მიმართულებით".
ADB-ის წლიურ შეხვედრას ადგილზე აშუქებს "ანალიტიკას" წამყვანი ელენე კვანჭილაშვილი, რომელმაც ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან ან/და მის მოადგილე ეკა გუნცაძესთან ინტერვიუ მოითხოვა, თუმცა პრესსამსახურისგან ჯერ თანხმობა არ მიუღია.