საქართველოს ოქროს ექსპორტით შემოსავალი $27.8 მლნ-მდე გაეზარდა - როგორია 1 კგ დაუმუშავებელი ოქროს ფასი?

2025 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, საქართველოდან დაუმუშავებელი ან ნახევრად დამუშავებული ოქროს ექსპორტი 29.3%-ით გაიზარდა და ქვეყანამ საქონლის გაყიდვით 27 მილიონ 798 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო.

შესაბამისად, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ოქრო უმსხვილესი ექსპორტირებული საქონლის რეიტინგში 2%-ით მეათე ადგილზეა. ჯამში ქვეყნიდან ექსპორტზე 640 კგ გავიდა. მაშინ როდესაც გასულ წელს ამ პერიოდში 690 კგ-ის ოქროს ღირებულება 21.5 მლნ დოლარი იყო.

აქედან გამომდინარე, 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან ნახევრად დამუშავებული ან დაუმუშავებელი ოქროს საშუალო ფასი 1 კგ-ზე 31 157 დოლარი იყო, 2025 წლის იანვარ-მარტში კი ამ დასახელების საქონლის საშუალო ფასი 43 435 დოლარამდე გაიზარდა.

საქართველოსთვის დაუმუშავებელი ოქროს ტრადიციული სარეალიზაციო ბაზარი შვეიცარიაა, სადაც წლის ამ პერიოდში 25 მილიონ 3 ათასი დოლარის 590 კგ ოქრო გავყიდეთ. ამასთან, 1.8 მლნ დოლარის ღირებულების 30 კგ ოქრო თურქეთში, 686 ათასი დოლარის ღირებულების 10 კგ ოქრო კი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გავიტანეთ.