აპრილში ექსპორტი 41%-ით გაიზარდა, იმპორტი კი მცირედ შემცირდა

იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 7 მილიარდ 755 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 15.3%-ით მეტია.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული, საგარეო ვაჭრობის ექსპრეს მონაცემების მიხედვით, ექსპორტი 14.2%-ით 2 მილიარდ 014 მლნ დოლარამდე, ხოლო იმპორტი 15.7%-ით 5 მილიარდ 741 მლნ დოლარამდე გაიზარდა.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წლის იანვარ-აპრილში 3 მილიარდ 726 მლნ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 48.1%-ია.

ამასთან მხოლოდ აპრილში ექსპორტის მაჩვენებელი 41%-ით 616 მილიონ დოლარამდეა გაზრდილი, იმპორტი კი მცირედ 3.6%-ით 1 მილიარდ 399 მილიონ დოლარამდე შემცირდა.