2024 წელს საქართველოში ერთი ოჯახის საშუალო თვიური ხარჯი 5.2%-ით გაიზარდა. ამის შესახებ მონაცემებს საქსტატი ავრცელებს. როგორც სტატისტიკაშია აღნიშნული, გასულ წელს ერთი ოჯახის საშუალო ხარჯი 1 736 ლარი იყო, ხოლო საშუალო თვიური ხარჯები ერთ სულზე 8.2%-ით გაიზარდა და 540 ლარს გაუტოლდა.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2024 წელს, წინა წელთან შედარებით შინამეურნეობის სამომხმარებლო ფულადი ხარჯების წილი მთლიან ხარჯებში 0.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 69.9% შეადგინა. ქალაქის ტიპის დასახლებებში საშუალო თვიური ხარჯები ერთ შინამეურნეობაზე 6.3%-ით გაიზარდა და 1 813 ლარი შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 3.4%-ით გაიზარდა და 1 603 ლარს გაუტოლდა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ სამომხმარებლო ფულადი ხარჯების სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილი სურსათზე, სასმელზე და თამბაქოზე გაწეულ ხარჯებს უჭირავს, რომლის წილი წინა წელთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 38.1% შეადგინა.
საქსტატის მონაცემებით ირკვევა, რომ ხარჯების ნაწილში სურსათზე, სასმელსა და თამბაქოზე ხარჯების წილი სოფლებში (40%) უფრო მეტია, ვიდრე ქალაქში (37.4%).
ასევე, ჯანმრთელობის დაცვის ხარჯებსაც უფრო მეტი წილი უკავია სოფლებში (13.8%), ვიდრე ქალაქში (9.8%) და ტრანსპორტის ხარჯებსაც (სოფლებში 12.2%, ქალაქში - 10.3%). კერძოდ, ტრანსპორტში ქალაქებში 101 ლარს ხარჯავენ, ხოლო სოფელში - 50.3 ლარს. ხოლო ჯანდაცვაზე ქალაქებში - 96.7 ლარს, სოფელში კი - 57 ლარს.
სამაგიეროდ, განათლებაზე ხარჯების უფრო მცირე წილია სოფლებში - 0.9%, ვიდრე ქალაქებში -3.6%, რაც ბუნებრივია, ვინაიდან სოფლებში განათლების ნაკლები შესაძლებლობებია. კერძოდ, 2024 წელს ქალაქებში განათლებაზე საშუალოდ თვეში 35.5 ლარს ხარჯავენ, ხოლო სოფლებში 3.9 ლარს.
ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია სამომხმარებლო ფულადი ხარჯების განაწილება კატეგორიების და დასახლების ტიპის მიხედვით, 2024 წელს.