მრავალი გამოწვევისა და დაბრკოლების მიუხედავად, ლარი ინარჩუნებს ნდობას მოსახლეობაში და წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ერთ-ერთ სიმბოლოს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ლარის 30 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, მას სჯერა, რომ მომავალშიც ლარი მტკიცედ გააგრძელებს და შეინარჩუნებს ისტორიულ მემკვიდრეობას და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს თანამედროვე საქართველოს განვითარებაში.
"წელს, საქართველოს ეკონომიკური და ფინანსური დამოუკიდებლობის სიმბოლოს - ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წელი შესრულდა. ვულოცავ, საქართველოს ეროვნულ ბანკს და სრულიად საქართველოს ამ საიუბილეო თარიღს. მას შემდეგ, რაც ლარი საქართველოს ტერიტორიაზე ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადდა, მას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურად განვითარების პროცესში.
მრავალი გამოწვევისა და დაბრკოლების მიუხედავად, ლარი ინარჩუნებს ნდობას მოსახლეობაში და წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ერთ-ერთ სიმბოლოს. ჩვენი ეროვნული ვალუტის ბანკნოტებზე გამოსახულები არიან გამოჩენილი მოღვაწეები, არქიტექტურული ძეგლები და ეროვნული სიმბოლოები, რომლებიც ასახავდნენ ქვეყნის სულიერებასა და მემკვიდრეობას.
მჯერა, მომავალშიც ლარი მტკიცედ გააგრძელებს და შეინარჩუნებს ამ ისტორიულ მემკვიდრეობას და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს თანამედროვე საქართველოს განვითარებაში. კიდევ ერთხელ, გილოცავთ ლარის 30 წლის იუბილეს!", - აცხადებს ლაშა ხუციშვილი.
ცნობისთვის, დღეს, სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში" საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით ლარის მიმოქცევაში შემოსვლის 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად საერთაშორისო ღონისძიება იმართება. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდის თანახმად, სებ-ს ღონისძიების ორგანიზება 771 ათასი ლარი უჯდება.
აღსანიშნავია, რომ ლარი ოფიციალურ მიმოქცევაში 1995 წლის 2 ოქტომბერს გაეშვა, თუმცა სებ-ი აღნიშნულის 30 წლის იუბილეს მაღალი დონის საერთაშორისო სტუმრებთან ერთად 29-31 მაისს დაგეგმილ კონფერენციაზე აღნიშნავს.