მიმდინარე წელს ქვეყანამ დაგეგმილზე მაღალი ეკონომიკური ზრდა უნდა შეინარჩუნოს. ამ ყველაფრის შედეგი არის ის, რომ ჩვენ 2024 წელს მართლაც შეგვიმცირდა სიღარიბე. მთავარი ამოცანა, რომელიც ხელისუფლებას აქვს, არის სიღარიბის დაძლევა, ქვეყანაში ეკონომიკური კეთილდღეობის შექმნა და ქვეყნის გამთლიანება“, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ლევან დავითაშვილის თქმით, დანარჩენი ამოცანები, რომლებიც მთავრობას აქვს, სწორედ ამ ორი დიდი მიზნის შესრულებისკენაა მიმართული.
„ვფიქრობთ, ჩვენი ეკონომიკური პროგნოზები დადასტურდება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდანაც. იცით რომ, ჩვენ მისიასთან გვქონდა მჭიდრო მუშაობა ბოლო კვირის განმავლობაში და ალბათ მათ ამ სამუშაო მისიის ფარგლებში შეაფასეს როგორც დღევანდელი სტატუსი, ასევე პროგნოზები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ეს დადასტურებულია ძალიან მაღალი დონის კომპეტენტური საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან და პარტნიორების მხრიდანაც“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ამასთან, როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანი პოზიტიური დინამიკაა ერთ-ერთი მთავარი ამოცანის, სიღარიბის დაძლევის კუთხით. დავითაშვილის თქმით, ისტორიაში პირველად, ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 2024 წლის მონაცემების თანახმად, ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი ერთნიშნა გახდა.
„ის ჯერ კიდევ ძალიან მაღალია, მაგრამ 2028 წლისთვის საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს, რომ მნიშვნელოვნად შემცირდეს უმუშევრობა, ასევე სიღარიბე. მნიშვნელოვანია ე.წ. ჯინის ინდექსი, რომელიც ქონების გადანაწილებას, საზოგადოებაში შექმნილი დოვლათის გადანაწილებას ასახავს. აქაც გაუმჯობესება გვაქვს და ეს ინდექსიც მცირდება, მცირედით, მაგრამ აქაც გვაქვს ზრდა. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ასევე იმატებს ჩვენი ეკონომიკური ზრდის ინკლუზიურობის ხარისხი“, – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეკონომიკური თვალსაზრისით განვითარება გაგრძელდება.
„2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში, საქართველოში 185 ათასით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა და დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 1300 ლარიდან გაიზარდა 2217 ლარამდე, შესაბამისად, აშკარაა, რომ ეკონომიკური ზრდა, რომელიც ფიქსირდება ქვეყანაში, აისახება მოსახლეობის ფართო ფენებზეც. მთავარია, ჩვენ ამ ტემპით გავაგრძელოთ წინსვლა. ჩვენი ერთ-ერთი ეროვნული ამოცანა არის სიღარიბის საბოლოოდ დაძლევა და ეკონომიკური ზრდა არის ამისთვის გადამწყვეტი, შესაბამისად, მთელი ყურადღებით უნდა ვიმუშაოთ იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ მომავალშიც სწრაფი ეკონომიკური ზრდა.
ჩვენ გვაქვს მკაფიო ამოცანები. 2028 წლისთვის საპროგრამო ამოცანაა, რომ უმუშევრობა ჩამოსცდეს 4-პროცენტიან ნიშნულს, საშუალო ხელფასი გადასცდეს 3500 ლარს, ვფიქრობთ, რომ არსებული ტემპებით, მიზნები არის შესრულებადი, დანარჩენი თავიდან ბოლომდე ჩვენზეა დამოკიდებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.