საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სემეკის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
დავით ნარმანიამ პარლამენტის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია 2024 წელს დანერგილი გამარტივებული მომსახურებების, მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით შემუშავებული მექანიზმების, ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორებში არსებული მდგომარეობისა და რეგულირების განვითარების მიზნით განხორციელებული პროექტების შესახებ.
სემეკის თავმჯდომარის თქმით, 2024 წელს კომისია ინტენსიურად მუშაობდა როგორც რეგულირების გაუმჯობესების, ასევე მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით.
„2024 წლის განმავლობაში, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით კომისიამ განიხილა 3000-ზე მეტი განცხადება/საჩივარი. მათ შორის, ისეთი საჩივრები, რომლებიც შეეხებოდა კომუნალური კომპანიების მხრიდან უსაფუძვლო დარიცხვებს. სემეკის გადაწყვეტილებებით მომხმარებლებს ჩამოეწერათ 3 მილიონ ლარამდე უსაფუძვლოდ დარიცხული თანხები. გარდა ამისა, მომსახურების სტანდარტების დარღვევის გამო, მომხმარებლებისთვის დარიცხული კომპენსაციების ჯამმა 2,5 მილიონი ლარი შეადგინა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
სემეკის თავმჯდომარემ ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, რომ სხვა სიახლეებთან ერთად, 2024 წელს სემეკმა დანერგა ახალი რეგულაცია, რომელიც შეეხება მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ცენტრალური გათბობის ერთიანი სისტემის განვითარებას. მისივე თქმით, ამოქმედდა სტატისტიკის პორტალი, სადაც განთავსდა დეტალური ინფორმაცია როგორც ელექტროენერგიის მიწოდება-მოხმარების ფაქტობრივი ბალანსების, ასევე ნეტო აღრიცხვისა და ელექტროენერგიის საცალო მომხმარებლებზე მიწოდებული სტატისტიკური მონაცემების შესახებ.
კომიტეტის მიერ სემეკის 2024 წლის საქმიანობის ანგარიშს დადებითი შეფასება მიეცა.