ჩვენს ოპონენტებს ძალიან აწუხებთ მაღალი ეკონომიკური ზრდა, ერთ-ერთი ექსპერტი აცხადებდა, რომ ჩვენ გვექნებოდა ორნიშნა ინფლაცია ქვეყანაში, მაშინ, როდესაც გვაქვს სტანდარტული მაჩვენებელი ამ კუთხით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედის კვირაში“ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამ კამპანიებმა თავისი შედეგი ვერ გამოიღო.
„ჩვენს ოპონენტებს ძალიან აწუხებთ მაღალი ეკონომიკური ზრდა. ერთ-ერთი ექსპერტი აცხადებდა, რომ ჩვენ გვექნებოდა ორნიშნა ინფლაცია ქვეყანაში, მაშინ, როდესაც გვაქვს სტანდარტული მაჩვენებელი ამ კუთხით. ისინი აცხადებდნენ, რომ ლარის კურსი მარტში მიაღწევდა 3,1-ს, და ჩვენ სტაბილურად ვინარჩუნებთ ლარის კურსს 2,72-ის ფარგლებში. ეკონომიკურ ზრდაზე ამბობდნენ, რომ გვექნებოდა მინუსი და აქამდე მაჩვენებელი არის 9,8%. ამ კამპანიებმა თავისი შედეგი ვერ გამოიღო.
ჩვენ ვაკავშირებდით დასავლეთსა და აღმოსავლეთს, ევროპას და აზიას, ამ კუთხით დღესაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი როლი, თუმცა ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ეს როლი, კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ ჩვენი ქვეყნისთვის. ამისათვის იდება ძალიან დიდი ინვესტიციები, მათ შორის საგზაო ინფრასტრუქტურაში, რკინიგზაში, პორტებში, აეროპორტებში. გაგრძელლდება ამ მიმართულებით სერიოზული ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ მაქსიმალურად ავითვისოთ ის პოტენციალი, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ვაკავშირებთ შვიდ სახელმწიფოს ზღვასთან, შესაბამისად, ევროპასთან, დასავლეთთან და მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ შესაბამისი პოტენციალი, უნდა გავაღრმაოთ ამ ქვეყნებთან თანამშრომლობა. ძალიან მნიშვნელოვანია ამ კუთხით ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობაც, ძალიან მნიშვნელოვანია ევროპასთან, ამერიკასთან პარტნიორობა ეკონომიკური თვალსაზრისით, ყველა ამ მიმართულებით გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის ე.წ. დაკავშირებადობის ფუნქცია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოში ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი და ეს პირდაპირ აისახება ეკონომიკის განვითარებაზე.
„ეკონომიკურ ზრდას აქვს კონკრეტული მიზეზები, ეს პირველ რიგში არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, მათ შორის სათანადო ეკონომიკური გარემო, საგადასახადო სისტემა, რაც არის მორგებული ეკონომიკური ზრდის ინტერესებზე. ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი და იქ, სადაც ბიზნესი თავისუფალია, რა თქმა უნდა, მეტია ზრდის შესაძლებლობა, ეს პირდაპირ აისახება ეკონომიკის განვითარებაზე და ეს არის სწორი მენეჯმენტი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.