... ... hotnews.ge - გახოკიძის ქუჩაზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

გახოკიძის ქუჩაზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

სამგორის რაიონში, მიხეილ გახოკიძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია იწყება, რის გამოც ტერიტორიაზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. შეზღუდვა 12 ივლისის 00:00 საათიდან ცხრა თვის განმავლობაში იმოქმედებს.

ტერიტორიაზე, თავდაპირველად, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყლისა და წყალარინების ცენტრალურ ქსელებს შეცვლის, რომლის დასრულების შემდეგაც, საგზაო სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური აწარმოებს.

სამუშაოების პერიოდში გახოკიძის ქუჩაზე გადაადგილება შესაძლებელი იქნება მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის, კახეთის გზატკეცილის მხრიდან მოძრავი ავტომობილები კი გიორგი აბაშვილის, რომანოზ ხომლელის, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩით და მათი დამაკავშირებელი გზის გავლით იმოძრავებენ. გადაადგილება ასევე, დასაშვები იქნება დიმიტრი ალექსიძის, სესილია თაყაიშვილის, იოთამ ზედგენიძის, ვიქტორ კუპრაძის, რაჭის, მეგობრობის, მშვიდობისა და ევგენია მაისურაძის ქუჩებით.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, გახოკიძის ქუჩაზე, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, რომანოზ ხომლელის, ევგენია მაისურაძისა და გახოკიძის ქუჩების კვეთებთან ინტენსიური სამუშაოები შესრულდება ღამით. შესაბამისად, აღნიშნულ საგზაო მონაკვეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება არ შეფერხდება.

მგზავრთა შეუფერხებელი მომსახურების მიზნით, მიკროავტობუსებს: N413, N519, N524, N540, N547 და N554 მოძრაობის მიმართულებები შეეცვლებათ. კერძოდ, N413 მოძრაობას დაასრულებს ვარკეთილის II მიკრორაიონში, გახოკიძის ქ. N56-თან; N519 და N540 იმოძრავებენ თაყაიშვილის, ალექსიძის, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, ევგენი მაისურაძის და ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩების გამოყენებით; უკუმიმართულებისას, მიკროავტობუსები სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთიდან“ დაუკავშირდებიან აბაშვილის ქუჩას, რის შემდეგაც გადაინაცვლებენ ხომლელის, საქართველოს ერთიანობის მებრძოლთა, ალექსიძის ქუჩებზე და თაყაიშვილის ქუჩიდან დადგენილი სქემით იმოძრავებენ.

რაც შეეხება N524-ს, აღნიშნული მიკროავტობუსი მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ იმოძრავებს საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, ევგენი მაისურაძისა და ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩების გამოყენებით, უკუმიმართულებისას კი „ისთ ფოინთიდან“ დაუკავშირდება კახეთის გზატკეცილს, რის შემდეგაც მგზავრებს ჯავახეთის ქუჩის გავლით, მეტროსადგურ „ვარკეთილთან“ მიიყვანს; N547 ვარკეთილის მესამე მასივიდან, „ისთ ფოინთის“ მიმართულებით გადაადგილებისას, მოძრაობას დაასრულებს გახოკიძის ქ. N8-10-ის მიმდებარედ. აღნიშულ მიკროავტობუსს უკუმიმართულებისას მოძრაობა არ ეცვლება.

მიკროავტობუსი - N554 მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“, თვალჭრელიძის II შესახვევის მიმართულებით გადაადგილებისას, აბაშვილის ქუჩიდან იმოძრავებს ხომლელის, მაისურაძისა და თვალჭრელიძის ქუჩების საშუალებით.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!

YOU MAY LIKE