notnews ganivi3 

    რუსა ხავთასი

    შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ.
    სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 615 ფაქტი გამოვლინდა.
    პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 104 პირი დააჯარიმა.
    დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.
    გარდა ამისა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 1 354 ფიზიკური პირი დაჯარიმდა, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის 157 ფაქტი გამოვლინდა.
    შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.
    პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა ასკ-ის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად ითვალისწინებს 40 ლარით დაჯარიმებას.
    იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
    საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.
     

    „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, რომელიც დელეგაციასთან ერთად აშშ-ში ვიზიტით იმყოფება, ჟუნრალისტებთან შეხვედრების შესახებ გააკეთა კომენტარი.  მისი თქმით, დელეგაციამ მათ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია, თუ როგორ წარიმართება პროცესები რეგიონსა და საქართველოში:

    „გვქონდა ძალიან საინტერესო და მეგობრული შეხვედრა სენატორებთან - შაჰინთან და ჯონსონთან. ისინი განსაკუთრებით არიან დაინტერესებული იმ პროცესებით, რომლებიც ჩვენს რეგიონში ვითარდება, კონკრეტულად კი საქართველოში.

    რა თქმა უნდა უნდა, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ დიალოგის პროცესზე. იმ პროცესებზე, რომელიც დაკავშირებულია პარლამენტის ფუნქციონირებასთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მეგობრების მოსაზრებებისა და რჩევების მოსმენა და ბუნებრივია, ეს რჩევები და მოსაზრებები იქნება გათვალისწინებული, ჩვენი მხრიდან შემდეგი ნაბიჯების გადადგმის დროს“

    საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბესო ზანგურის ირგვლივ მომხდარი სკანდალის შესახებ გააკეთა ჟურნალისტებთან კომენტარი. მან ასევე რეჟისორ რობერტ სტურუას კომენტარების შესახებაც ისაუბრა, რომელმაც მსახიობი დაიცვა:

    „პირდაპირ გეტყვით, როგორც კულტურის მინისტრი, რომ რობერტ სტურუას გათავისუფლება არ იგეგმება. ეს არის ადამიანი, რომელსაც ამ ქვეყანაში მხოლოდ ერთი ბადალი თუ ჰყავს. კარგი იქნება, თუ მასზე თავდასხმას შევწყვეტთ. ორივე მხარემ საგამოძიებო ორგანოსთან უნდა ითანამშრომლოს, ამ შემთხვევაში, ვგულისხმობ ბესო ზანგურს და კარგი იქნება, თუ ის დღესვე დატოვებს თეატრს“

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში პლიტიკური ვითარების შესახებ წერს:

    „ევროპული დემოკრატია პარტიების შეჯიბრია და ფაქტია, არჩევნებშიც და საზოგადოებრივი აზრის ახალ კვლევებშიც „ქართულ ოცნებას“ პარტიებს შორის დღესაც ყველაზე მაღალი მხარდაჭერა აქვს. ეს გუნდური შედეგია. ვინც მუშაობს და იმ საქმეს აკეთებს, რისიც მართლა სჯერა, შეიძლება რეიტინგიც „დახარჯოს“ ამაში, ეს კანონზომიერია. შესაბამისად, მხოლოდ პირადი რეიტინგი არ არის პოლიტიკაში გადამწყვეტი. არაერთი მაგალითი გვაქვს, როდესაც „მაღალი რეიტინგის“ მქონე პოლიტიკოსები არჩევნებში დიდ შედეგს ვერ იღებენ და პროგრესს ვერ უზრუნველყოფენ და პირიქითაც. გამარჯვება პირველ რიგში იდეის, შენი ქვეყნის და გუნდის ერთგულებაზე, სანდოობაზე და მოკავშირეებზე არის დამოკიდებული.

    მთავარია, ვის რა საქმე აქვს ქვეყნისთვის გაკეთებული, რა რეფორმები, რა დიდი პროექტები, ან რისი გაკეთება გინდოდა მთელი გულით და ვერ გააკეთე. საბოლოო ჯამში, ამით შეგვაფასებს ჩვენი საზოგადოება და ჩვენი ქვეყანა. წინ გავიხედოთ და მომავალზე ვესაუბროთ ჩვენს ხალხს. ვინც მომავალს ხედავს, ის მშვიდ და წარმატებულ გადაწყვეტილებებს იღებს.

    იმედი მაქვს, ყველა პროგრესული პოლიტიკური ძალა გამოიჩენს უნარს, დავინახოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი და დასავლელ მეგობრებთან ერთად, სწორად გავატაროთ საქართველო იმ გზაზე, რომელიც რთული გეოპოლიტიკური კონტექსტის და პანდემიის მიუხედავად, წარმატებული იქნება“

    ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, რის შესახებაც მან Twitter-ზე დაწერა:

     „პრეზიდენტ ზელენსკისთან და ნატოს გენერალურ მდივანთან საუბრის დროს ღრმა შეშფოთებით განვიხილეთ უკრაინის საზღვართან რუსი სამხედროების გააქტიურების საკითხი.

     ევროკავშირი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას ერთიანად და მტკიცედ უჭერს მხარს“

    კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძემ ჟურნალისტებთან საქართველოში საარსებო მინიმუმის შემცირების საკითხზე გააკეთა კომენტირი:

    "საქართველო არის სოციალურად მძიმე მდგომარეობაში და ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მთელი მსოფლიო ჩავარდა კატასტროფის წინაშე. ამიტომ ამით სპეკულირება, რომ ვაიმე, საარსებო მინიმუმი ხუთი ლარით, რატომ შემცირდა… ეს გამოკვლევის თემაა, არ ვიცი, რომელ გამოკვლევას ეყრდნობით, სხვა გამოკვლევები არის საჭირო. იცით ისეთი ქვეყანა, სადაც არ არის გაჭირვება? ბევრ ქვეყანაშია გაჭირვება. არის ძალიან დიდი ამპლიტუდა მდიდრებს და ღარიბებს შორის და არ არის საშუალო ფენა, რომელიც არის მსოფლიო პრობლემა საერთოდ. მე იმას არ ვამბობ, რომ არ არის გაჭირვება, როგორ არ არის გაჭირვება, ადამიანებს მე თვითონ ვუყურებ, რომლებიც ბევრჯერ ნაგავში იქექებიან და ვიცი, ეს რაც არის, მაგრამ პარიზშიც არის ეგ.

    ცოტაა 178 ლარი, ნამდვილად ძალიან ცოტაა, მაგრამ იმისთვის, რომ არ იყოს 178 ლარი, ამისთვის არ უნდა დაიხოცონ ადამიანები, უნდა იყოს წყნარი ცხოვრება, არ უნდა იყოს წარამარა გამოსვლები, რომელიც აფრთხობს ტურისტებსაც, ეკონომიკასაც და ანგრევს ამ ქვეყანას"

    საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, ქუთაისში იმყოფებიან მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი და ორი გუბერნატორი, რომლებიც მზად არიან აქციის მონაწილეებთან დიალოგის გასაგრძელებლად.

    მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებულები იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში, ზვიად შალამბერიძე და პარმენ მარგველიძე, იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში იმყოფებიან და მზად არიან, მოუსმინონ აქციის მონაწილეებს და განაგრძონ მათთან დიალოგი. ადგილზე იმყოფება რამდენიმე დეპუტატიც.

    სოფელ გუმათში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქციაზე, ადგილობრივი მოსახლეობა უკვე 5 თვეა „ნამახვანჰესის“ მშენებლობას ეწინააღმდეგება. ისინი პერმანენტულ საპროტესტო აქციებს მართავენ.

    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისში ვიზიტით მყოფ სომხეთის პრეზიდენტთან, არმენ სარქისიანი შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე ცოტა ხნის წინ სამეზობლოში კონფლიქტსა და საქარტველოს როლზე ისაუბრა:

    „ნებისმიერი კონფლიქტი რეგიონში მთლიანად რეგიონს აზარალებს, ამიტომ, მშვიდობა და თანამშრომლობა უალტერნატივოა კავკასიის განვითარებისთვის. ჩვენი წინა შეხვედრების შემდეგ ძალიან მძიმე გამოწვევების წინაშე აღმოვჩნდით ყველა, კავკასიაში. ერთი მხრივ, პანდემიიდან გამომდინარე, რომელმაც დააზარალა სამივე ქვეყნის ეკონომიკა. ჩაგვკეტა მსოფლიოსთან ურთიერთობასა და ერთმანეთთან ურთიერთობაში, იმსხვერპლა ადამიანების სიცოცხლეც. თუმცა ბევრად მძიმე იყო რეგიონისთვის და ცალკეული ქვეყნისთვის ომისგან გამოწვეული მსხვერპლი. მინდა, ამ ომის დროს დაღუპულთა ოჯახებს მივუსამძიმრო და თქვენ გამოგიცხადოთ თანაგრძნობა ბატონო პრეზიდენტო.

    კონფლიქტის დროს, როგორც ახლა, საქართველო მშვიდობის მხარეს იდგა და დგას. ამის ნიშნად შევთავაზეთ ჩვენი პლატფორმა შეხვედრებისთვის, დიალოგისთვის და სიტუაციის განმუხტვისთვის, ეს შეთავაზება ძალაში რჩება ნებისმიერ დროს.

    სომხეთის პრეზიდენტს გავაცანი ჩვენი, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, უკანონო ბორდერიზაცია, გატაცებები, ადამიანთა უფლებების ხელყოფა, ჰუმანიტარული მდგომარეობის დამძიმება და ესკალაცია. ყველას კარგად გვესმის, რომ ნებისმიერი კონფლიქტი რეგიონში მთლიანად რეგიონს აზარალებს, ამიტომ, მშვიდობა და თანამშრომლობა უალტერნატივოა კავკასიის განვითარებისთვის“

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა:
     
    შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 2001 წელს დაბადებული გ.მ. დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
    დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
    მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დაკავებულმა, გ.ჯ.-სთან და მ.კ.-სთან ერთად, ჯგუფურად, თან ნაქონი ბასრი საგნით, მოკვლის განზრახვით, არასრულწლოვან დავით სარალიძეს დაზიანებები მიაყენა.
    მიყენებული ჭრილობების შედეგად, 2017 წლის 2 დეკემბერს დავით სარალიძე გარდაიცვალა.
    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

    საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის დღეს სატელეფონო საუბარი შედგა. საქართველოს პრეზიდენტმა შეშფოთება გამოხატა რუსეთ-უკრაინის საზღვარსა და ყირიმში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით და სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინას.  პრეზიდენტმა  საუბრისას ხაზი გაუსვა უკრაინის მიერ პროვოკაციების მიმართ გამძლეობის აუცილებლობას და აღნიშნა, რომ აუცილებელია, ვიმოძრაოთ ჩვენი საერთო უსაფრთხოების ერთადერთი მიმართულებით, რომელიც არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია.

    ორივე ქვეყნის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობა და ამ მიმართულებით ნატო-სა და ევროკავშირის მაღალი დონის შეხვედრებზე საქართველოს და უკრაინის ერთობლივი მიზნების წარდგენის საჭიროება.

    მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ საკითხებზე სამუშაოდ გამოიყენებენ უკრაინაში საქართველოს პრეზიდენტის მომავალ ვიზიტს.

    Please publish modules in offcanvas position.