notnews ganivi3 

    რუსა ხავთასი

    Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 551 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა  878, ხოლო გარდაიცვალა 17  პაციენტი. 

    ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 307401  შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 288816, გარდაიცვალა 4077  პაციენტი.

    ზუგდიდში სავარაუდოდ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს.

    შემთხვევა კომბინატის დასახლებაში, დევნილთა საერთო საცხოვრებელში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილს სამედიცინო დახმარება საავადმყოფოში გაეწია, თუმცა, ის ბინაზე მალევე გაწერეს.

    მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.​

    შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კიბერდანაშაულის წინააღმდეგ სისხლის სამართლის პოლიტიკის გამკაცრების შესახებ შსს-ს მიერ ინიცირებული კანონპროექტი მე-3 მოსმენით წარადგინა. კანონპროექტს დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიზნით, შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიღების შედეგად საქართველოს კანონმდებლობა დაუახლოვდება „კიბერდანაშაულის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციას, რაც ხელს შეუწყობს კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას. ცვლილების თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ორი ახალი მუხლი. 286-ე პრიმა მუხლი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფის შემთხვევაში. აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ გათვალისწინებულია უფრო მკაცრი სასჯელი, ვიდრე სხვა კიბერდანაშაულებისათვის. ასევე, სისხლის სამართლის კოდექსს ემატემა 286-ე სეკუნდა მუხლი, რაც ყალბი კომპიუტერული მონაცემის შექმნისთვის ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ინიცირებული კანონპროექტით მნიშვნელოვანი ცვლილებები ხორციელდება სისხლის სამართლის კოდექსის კიბერდანაშაულის თავში. მათ შორის, ცალკე დამამძიმებელ გარემოებად გამოიყო კიბერდანაშაულის ჩადენა კრიტიკული ინფრასტრუქტურის მიმართ. კიბერდანაშაული 21-ე საუკუნის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, რასაც ადასტურებს ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაზრდილი სტატისტიკა. დამნაშავეთა მხრიდან მუდმივად იხვეწება დანაშაულის ჩადენის ხერხები და მეთოდები, რაც სახელმწიფოს მხრიდან იმგვარი ნორმების ჩამოყალიბებას მოითხოვს, რომელიც ერთი მხრივ, უპასუხებს კიბერდანაშაულის თანამედროვე ტენდენციებსა და გამოწვევებს, ასევე სრულ შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.

    დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი რურუას შეწყალების აქტს მოაწერა ხელი. შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ შეწყალების აქტს 27 აპრილს, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების პარლამენტში მისვლის შემდეგ გამოსცემს. რურუას შეწყალების გადაწყევტილება პრეზიდენტმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების რამდენიმეთვიანი პროცესის შემდეგ მიიღო. 

     

    " მივესალმები შეთანხმების პირველი ეტაპის შესრულებას! ჩემი მხრივ შევასრულე ჩემი სიტყვა და ხელი მოვაწერე შეწყალების აქტს! ვულოცავ კახა კუჭავას პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას! ვულოცავ ყველა დეპუტატს, ვინც დღეს პირველად გამოიყენა ხალხის მიერ მინიჭებული მანდატი და შევიდა პარლამენტში! ყველას გისურვებთ წარმატებას!" - წერს პრეზიდენტი

    ცნობისთვის, გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. სასმართლომ გიორგი რურუას 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა და იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ნაწილში დამნაშავედ ცნო.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის - გიორგი ლილუაშვილის ბრიფინგი

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ორგანიზებული დაჯგუფების წევრები: 1995 წელს დაბადებული ა. ა., 1980 წელს დაბადებული ნ. გ. და 1976 წელს დაბადებული ნ. კ. დააკავეს. მათ ბრალად ედებათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ა.ა.-მ, ნ.გ.-მ და ნ.კ.-მ წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით გადაინაწილეს როლები და ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ასაღებდნენ. გეგმის მიხედვით, ა.ა. ნარკოტიკული საშუალებების შემძენ პირებთან კომუნიკაციას ამყარებდა, ხოლო ერთი ოჯახის ორი წევრი - ნ. გ. და ნ. კ. დათქმულ ადგილზე მყიდველისთვის ნარკოტიკული საშუალების მიწოდებას და ფულის მიღებას უზრუნველყოფდნენ. მათ დანაშაულებრივ საქმიანობაში ასევე ჩართული ჰყავდათ მცირეწლოვანი ბავშვი. არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით მოხდა საქმეში სოციალური სამსახურისა და ყველა სხვა შესაბამისი უწყების ჩართვა. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.

    17:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური ბრიფინგი ჩაინიშნა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ნარკოდანაშაულის საქმეს შეეხება. 

    პარლამენტში პარტია „მოქალაქეების“ წევრის ლევან იოსელიანსა და გია ვლოსკის შორის უხერხული მომენტი შეიქმნა.

     

    პარლამენტის თავმჯდომარედ კახა კუჭავა დაამტკიცეს. არჩილ თალაკვაძე კახა კუჭავამ შეცვალა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, პარლამენტის მეოთხე თავმჯდომარე გახდება.

    კუჭავას კანდიდატურას სესიაზე უყარეს კენჭი და მის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის დასამტკიცებლად 76 დეპუტატის თანხმობა სჭირდებოდა. მას 86 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

    თანაგუნდელების გარდ მას საპარლამენტო ოპოზიციიდან პარტია „ევროპელი სოციალისტების“ ოთხივე დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ამ დრომდე არ მიუღიათ გადაწყვეტილება პარტია „მოქალაქეებს“,რაც შეეხებათ, „გირჩის“ წევრებს, ისინი კენჭისყრაში მონაწილეობას არ აპირებენ.

    ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტში მივიდნენ, რითიც მე-10 მოწვევის პარლამენტისადმი მათი თითქმის 6-თვიანი ბოიკოტი დასრულდა. მათი თქმით ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ ევროკაშირის მედიაციით დადებული შეთანხმდეება სრულიად შესრულდეს.

    პოლიტიკოსების საკანონმდებლო ორგანოში მისვლას, ადგილზე მყოფი აქტივისტების პროტესტი მოჰყვა.

     

    შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ზ.ც. დააკავეს.
     
    დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
     
    გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ახმეტაში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1983 წელს დაბადებული ი.ქ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
     
    სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ზ.ც. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ახმეტაში დააკავეს.
     
    პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
    გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლით და 236-ე მუხლით მიმდინარეობს.

    Please publish modules in offcanvas position.