notnews ganivi3 

    რუსა ხავთასი

    Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1310 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 632, ხოლო გარდაიცვალა 12 პაციენტი. 

    ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 299038 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 282869, გარდაიცვალა 3971 პაციენტი.

    ვროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველო დღეს დილით დატოვა. მიშელი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა და ოპოზიციასა და ხელისფლების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა. 

    პოლიტიკურმა ძალებმა 5-პუნქტიანი შეთანხმების აღსრულებაზე ერთად უნდა იმუშაონ. ოპოზიციის უმეტესობამ ბოიკოტზე უარი თქვა. 

    „ახალი დასაწყისის ეტაპი, რომელიც ძალიან ბევრ შრომას საჭიროებს“ - ასე აღწერა შარლ მიშელმა შეთანხმების შემდეგ გასავლელი გზა.

    სალომე სამადაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის სასახლეში გამართულ სამუშაო ვახშამზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების შესრულების დეტალები განიხილეს. მათ შორის იყო ნიკა მელიასა და გიორგი რურუას საპატიმროდან გათავისუფლების მექანიზმები.პოლიტიკოსის თქმით შეთანხმების შესრულების დაწყების პირველი დღე იქნება მომავალი კვირის სამშაბათი:

    "შეთანხმების შესრულების დაწყების პირველი დღე იქნება სამშაბათი, როდესაც ოპოზიცია შევა პარლამენტში იმისთვის, რომ დაარეგისტრიროს ამნისტიის შესახებ კანონი და ამავე დღეს განხორციელდება პრეზიდენტის მიერ გიორგი რურუას შეწყალების აქტი.

    ამის შემდეგ, ჩვენ რაც შეგვიძლია სწრაფად მივიღებთ ამნისტიის კანონს და თუ მანამდე ვერ მოხერხდა რაიმე სხვა გზებით ნიკა მელიას გათავისუფლება, მაშინ ამნისტიის შესახებ კანონის თანახმად ნიკა მელია გათავისუფლდება საპატიმროდან," 

    ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში გურჯაანი-აფენის გზაზე, სოფელ გუჯარეთთან მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა., რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. დაშავდა სამი მგზავრი. სხვადასხვა სახის ტრამვებით, 112-ის ბრიგადებმა დაზარალებულები ლაგოდეხის "არქიმედეს" კლინიკაში გადაიყვანეს. ერთ-ერთი დაშავებული საავადმყოფოში გარდაიცვალა.

    შემთხვევის ადგილზე სამაშველო ჯგუფები და  საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.

    ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე საქართველოში COVID-19 თან დაკავშირებული კვლევის შესახებ წერს:

     “ჩვენ შევისწავლეთ COVID-19-ის გამოუვლენელი შემთხვევების პრევალენტობა (გავრცელება) ქ. თბილისის ზრდასრულ მოსახლეობაში, სისხლში ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების განსაზღვრის გზით, რომელიც წარმოდგენას გვაძლევს, თუ მოსახლეობის რა ნაწილს აქვს გადატანილი COVID-19 ისე, რომ თვითონ ამის შესახებ არ იცის და აქვს COVID-19-ის საწინააღმდეგო იმუნიტეტი.

     ეს მონაცემები შევადარეთ COVID გადატანილი (ლაბორატორიულად დადასტურებული) პაციენტების რაოდენობას.

     კვლევა ჩატარდა ა.წ. მარტში. კვლევაში მონაწილეობდა 903 პირი ქ. თბილისის ყველა რაიონიდან, რომელთაც არ ჰქონდათ გადატანილი დადასტურებული COVID-19. მიღებული შედეგები გადაანგარიშებულ იქნა ქ. თბილისის მთელ მოსახლეობაზე. კვლევის შედეგებმა გვიჩვენა შემდეგი:

     ქ. თბილისის ზრდასრული მოსახლეობა შეადგენს 859 ათას პირს. მათგან ოფიციალური მონაცემებით ლაბორატორიულად დადასტურებული COVID-19 ა.წ. 10 მარტისთვის გადატანილი ჰქონდა 100 641 პირს, რაც შეადგენს ქ. თბილისის ზრდასრული მოსახლეობის საერთო რაოდენობის 11,7%-ს.

     ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო IgG ანტისხეულები გამოვლენილ იქნა 204 520 პირში (გამოუვლენლად გადატანილი COVID-19), რაც შეადგენს ქ. თბილისის ზრდასრული მოსახლეობის საერთო რაოდენობის 23,8%-ს. შესაბამისად გამოუვლენელი COVID-19-ის შემთხვევების რაოდენობა დაახლოებით 2-ჯერ აღემატება გამოვლენილი (ლაბორატორიულად დადასტურებული) შემთხვევების რაოდენობას.

     ჯამში ა.წ. 10 მარტისთვის COVID-19 გადატანილი ჰქონდა (ვინც იცოდა და ვინც არ იცოდა) 305 161 პირს, რაც შეადგენს ქ. თბილისის ზრდასრული მოსახლეობის 35,5%-ს. ანუ, ქ. თბილისის ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით მესამედს გადატანილი აქვს COVID-19 (მათგან 101 641 პირმა ამის შესახებ იცის, ხოლო 204 520-მა არ იცის). შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ ქ. თბილისის ზრდასრულ მოსახლეობაში ე.წ. იმუნური ფენა შეადგენს ამ მოსახლეობის დაახლოებით მესამედს (გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყველა COVID-19 გადატანილს შესაძლოა არ ჰქონდეს COVID-19-ის საწინააღდმეგო ანტისხეულები).

     ანალოგიური კვლევა ქ. თბილისის მასშტაბით ჩვენ ადრეც ორჯერ გვაქვს ჩატარებული – 2020 წლის მაისში და 2020 წლის ნოემბერში. მაშინ კვლევის შედეგები ასეთი იყო: 2020 წლის მაისში გამოუვლენელი COVID-19 გადატანილი პირების რაოდენობა შეადგენდა ქ. თბილისის ზრდასრული მოსახლეობის 1%-ს, ხოლო 2020 წლის ნოემბერში – 9.1%-ს.”- წერს თენგიზ ცერცვაძე.

    აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ნატოს დაარსებიდან 72-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ვიდეოკონფერენციაზე საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ გააკეთა კომენტარი:

    „ბაიდენისთვის საქართველო ახალი არაა. ეს ქვეყანა მისთვის კარგადაა ცნობილი. ცნობილია მისი სტრატეგიული მნიშვნელობა როგორც შტატებისთვის, ასევე ალიანსისთვის. საფრთხეების ფართო ჯგუფი გვაქვს და ამისთვის უნდა მოვემზადოთ. ამ პროცესებს ერთი ქვეყანა მარტო ვერ გაუმკლავდება. რუსეთმა მეზობელი ქვეყნების, უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფა მოახდინა და ამას დღემდე აგრძელებს.

    დარწმუნებული ვარ, საქართველო ტრანსატლანტიკური ურთიერთობების ნაწილი მალე გახდება. საქართველო არა მარტო გლობალურ დაცვაშია ჩართული, არამედ თავის საზღვრებსაც იცავს. ნატოს კარი კვლავ ღიაა, მაგრამ ამ კარში შესვლა მარტივი არაა, რადგან მაღალი სტანდარტები გვაქვს.

    6-თვიანი მოლაპარაკებები ტრანსატლანტიკური ინტეგრაციის გზისთვის მნიშვნელოვანია. ახლა მნიშვნელოვანია ამ ხელშეკრულების რეალიზაცია და შესრულება. მულტიპარტიულმა პარლამენტმა ფუნქციონირება უნდა დაიწყოს. ერთ დღეს საქართველო ალიანსის წევრი გახდება“

     პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძემ საკანონმდებლო ორგანოს შენობაში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ შეთანხმების შესახებ გააკეთა კომენტარი:

    „ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა და ბატონი შარლ მიშელის მედიაციითა და ძალისხმევით, ჩვენ შევძელით შეთანხმების დოკუმენტის გაფორმება, რომელიც ფართო კონსენსუსს ეფუძნება და მომავალი კვირიდან, უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტის ისეთი სახით ფუნქციონირებას, როგორიც ის საზოგადოებამ აირჩია. რჩება რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც შეთანხმებას ხელს არ აწერს. საზოგადოებამ თავად უნდა განსაჯოს: როდესაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, საზოგადოება, ხელისუფლება და ოპოზიციის დიდი ნაწილი ეთანხმება საერთო წინადადებებსა და პირობებს, ამ დროს, რამდენიმე პარტია რჩება ამ შეთანხმების მიღმა. ესაა ის, რაც ჩვენმა საზოგადოებამ უნდა შეაფასოს. დღეს უკვე ნათელია, ვის აწყობდა და ვის სურდა პოლიტიკური კრიზისი და რეალურად, ვინ მუშაობდა მის მოსაგვარებლად. ფაქტი ერთია: რაც გუშინ გაფორმდა, ჩვენმა საზოგადოებამ, ქართველმა ხალხმა ჯერ კიდევ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, გასულ წელს გააფორმა. მადლობა ჩვენს საზოგადოებას იმისთვის, რომ მოთმინებით ადევნებდნენ თვალს ამ დაძაბულ პოლიტიკურ მოლაპარაკებებს“

    „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის დღევანდელი ვიზიტის შესახებ გააკეთა კომენტარი:

    „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია შარლ მიშელის ვიზიტი და მისი გამოკვეთილად მხარდამჭერი განცხადებები საქართველოს მიმართ. ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, სამ წელიწადში წარვადგინოთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე და ამისთვის ყველაფერი გაკეთდება. ჩვენ ვისმენთ მკაფიოდ მხარდამჭერ განცხადებებს ხელისუფლების მისამართით. ჩვენი პარტნიორები ძალიან აფასებენ „ქართული ოცნების“ მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს, რათა ეს შეთანხმება გაფორმებულიყო. ასეთია საერთო დამოკიდებულება ევროპარლამენტის წევრებს შორის. აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურებთან გვქონდა შეხვედრა და მათი დამოკიდებულებაც არის იგივე. აფასებენ „ქართული ოცნების“ ძალისხმევას და მთლიანობაში შეთანხმების გაფორმებას, რომელიც უნდა გახდეს საფუძველი ახალი ტიპის ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში“

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებებისა და მიღწეული შეთანხმების შესახებ ისაუბრა:

    „ჩვენ მადლობელი ვართ პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი ჩართულობისთვის. მისი დღევანდელი ვიზიტი კიდევ ერთი თვალსაჩინო დადასტურებაა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო და მისი წარმატება ევროკავშირისთვის. პრეზიდენტმა მიშელმა პირველად, ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ პრეზიდენტი მიშელის ჩართულობით, შედეგი სახეზეა, შეთანხმება შედგა. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ხელოვნურად შექმნილი კრიზისი დასრულებულია. ამისთვის, პრეზიდენტი მიშელი გულწრფელ მადლობას იმსახურებს. ჩვენი მთავრობის, ჩვენი პოლიტიკური გუნდის სახელით, მას მადლობას ვუხდი, იმ დიდი ძალისხმევისთვის, რომელიც მან გასწია. მან დაამტკიცა, რომ არის ნამდვილი ლიდერი, შეუძლია ევროკავშირის ეგიდით, წარმატებული მედიაცია და მოლაპარაკების წარმოება - კონკრეტული შედეგის დასრულებით. ჩვენ ერთად შევქმენით წარმატებული მაგალითი, პრეცედენტი; ევროკავშირისა და აშშ-ის ჩართულობით, საქართველოსთან ერთად, ხელოვნურად შექმნილი კრიზისი ამოწურულია“

    "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯომარე ნიკა მელია სასჯელაღმსრულების დაწესებულებიდან სოციალურ ქსელში გირაოს გადახდასთან დაკავშირებით პოსტს ავრცელებს:

    "ქართულ ოცნებას: მანამ არ აგიდგეთ გვერდები, სანამ მე თქვენ გამოსასყიდს გადაგიხდით. 17:55 სთ. რუსთავის ციხე,"

    Please publish modules in offcanvas position.