notnews ganivi3 

    დაჩქარებული პრივატიზაციის წესით, 150-მდე ობიექტი გაიყიდება

    დაჩქარებული პრივატიზაციის წესით, 150-მდე ობიექტი გაიყიდება

    „რიყის დოქები“ წელსაც ვერ გაიყიდა

    მიმდინარე კვირაში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აუქციონზე 150-მდე ლოტს გაიტანს. ეს ობიექტები დაჩქარებული პრივატიზაციის წესით, პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში გაიყიდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, აუქციონზე გაიტანენ, როგორც ძველ, ასევე ახალ და საინტერესო ობიექტებს.

     

    როგორც მინისტრმა განმარტა, დაჩქარებული პრივატიზაცია საბიუჯეტო შემოსავლების რესურსია. მისივე თქმით, სწორედ ეს შემოსავლები ხმარდება ახალ, მასშტაბურ პროგრამებს და დასძინა, რომ იმ პირობებში, როდესაც პანდემიის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტი სოციალური ვალდებულებებითაა გადატვირთული, ეკონომიკის აღორძინებისა და განვითარების ლოკომოტივის ფუნქცია, სწორედ კერძო სექტორმა უნდა იტვირთოს.

    აქედან გამომდინარე, ჩვენ მაქსიმალურად ვაჩქარებთ პრივატიზაციას. პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და თაოსნობით, ახალი, მასშტაბური, 150 სახელმწიფო ქონების პროექტი წამოვიწყეთ. როგორც იცით, პირველივე აუქციონი ძალიან კარგი შედეგებით დასრულდა - გამოტანილი საერთო ჯამური 41 მილიონი ლარის პაკეტი, 60 მილიონ ლარად გაიყიდა. პირველ აუქციონზე 250-ზე მეტი ლოტი იყო წარდგენილი, ხოლო მიმდინარე კვირაში, მომდევნო აუქციონს ვაცხადებთ. ახალ აუქციონზე, 150-მდე სხვადასხვა ლოტი იქნება წარდგენილი, როგორც ძველი, ასევე, ახალი და საინტერესო ობიექტები“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

    გარდა იმისა, რომ აუქციონის შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტში მნიშვნელოვანი თანხა შევა, ნათია თურნავას განმარტებით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ საბოლოოდ, არცერთი დაუმუშავებელი მიწა არ გვექნება. მეტიც, მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაჩქარებული პრივატიზების პირობებში, ძველი, ჯერ კიდევ საბჭოთა დროინდელი ნანგრევი შენობები და გაჩერებული, ძველი ისტორიის მქონე სახელმწიფო საწარმოები აღარ იქნება.

    „ყველა ეს ობიექტი იპოვის თავის პატრონს. ქონება გადაეცემა კერძო სექტორს, რომ ჩვენი ეკონომიკა უფრო სწრაფად განვითარდეს“.

    რაც შეეხება პირველ აუქციონს, მინისტრმა აღნიშნა, რომ პირველ ორ კვირაში, 109 ობიექტი გაიყიდა. თუმცა, მთელი რიგი აუქციონების შემდეგ, თბილისის შუაგულში არსებული „რიყის დოქები“ კვლავაც ვერ გასხვისდა.

    გვაქვს გარკვეული ობიექტები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს არის აშენებული. მეტიც, არარეალურად მაღალი თანხებია დახარჯული ამ ობიექტების შექმნაში. ჩვენი კანონმდებლობით, ვალდებულები ვართ, რომ საწყისი ღირებულება დავიწყოთ იმ საბალანსო ღირებულებიდან, რაც თავის დროზე, ეს ობიექტი დაჯდა. ეს იყო ხალხის ფული - ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯი. ყველა ერთად ვხედავთ, რომ მთელი რიგი აუქციონების შემდეგ, იგივე, რიყის დოქები გაუსხვისებელი რჩება. ჩანს, რომ თავის დროზე, ის თანხები საბაზრო მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა. თუ დავინახავთ, რომ თანხა არარეალურია, აუცილებლად გადავხედავთ ამ თანხებს. მეტიც, ამ ობიექტს ფუნქციას მოვუნახავთ და სწორ საბაზრო ღირებულებასაც ვიპოვვით“.

    შეგახსენებთ, რომ 2020 წლის დასაწყისში, პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, „რიყის დოქები“ საპრივატიზაციო ნუსხაში შეიტანა. თბილისის ცენტრში, 15 000 კვ.მეტრზე განთავსებული ობიექტი, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ შეაფასა და მისი ფასი 95 მილიონი ლარით განსაზღვრა.

    ზუსტად ერთი წლის წინ, ნათია თურნავა აცხადებდა, რომ „რიყის დოქების“ ობიექტს გარკვეული მომზადება დასჭირდა, რადგან თავის დროზე, ამ ობიექტის მშენებლობა საკმაოდ ძვირი დაჯდა:

    „სამწუხაროდ, ამ ობიექტმა, მიუხედავად იმისა, რომ მის შექმნაში საკმაოდ დიდძალი თანხა დაიხარჯა, დღემდე ვერ იპოვა თავისი ფუნქცია. არადა, ის ძალიან თვალსაჩინო ადგილას - თბილისის შუაგულშია განთავსებული, ჩვენი ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ადგილზე, სადაც ბევრი ვიზიტორი სტუმრობს ჩვენს ქალაქსა და ამ უბანს. ჩვენი ამოცანაა, რომ სწორედ ღია, საჯარო აუქციონის გზით, ბიზნესთან თანამშრომლობით, საბოლოო ჯამში, თავისი სწორი გამოყენება ვუპოვოთ „რიყის დოქებს“. იმედი გვაქვს, რომ ამ ობიექტით, ბიზნეს-ჯგუფები დაინტერესდებიან“.

    ძველ თბილისში, რიყის ტერიტორიაზე, ე.წ. დოქების მშენებლობა წინა ხელისუფლების დროს დაიწყო. თავდაპირველად, ეს ერთგვარი ამფითეატრი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მოგვიანებით, როდესაც 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ხელისუფლება შეიცვალა, ობიექტის მშენებლობა შეჩერდა. კიდევ უფრო მოგვიანებით, გაჩნდა იდეა, რომ „რიყის დოქების“ შენობაში, ღვინის მუზეუმი განთავსებულიყო.

    ობიექტის მშენებლობა, რომელზეც სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, დაახლოებით, 75 მილიონი ლარი დაიხარჯა, 2012 წელს დასრულდა. იმის მიუხედავად, რომ დიდი ხნის მანძილზე, შენობა უფუნქციოდ იყო, 2016 წელს, „რიყის დოქები“ მსოფლიოს საუკეთესო და ორიგინალური ნაგებობების ათეულში მაინც მოხვდა.

     

     

     

     

    ავტორი

    მაია მიშელაძე

    Leave a comment

    Please publish modules in offcanvas position.