სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს სპეციალისტებმა, დედაქალაქში ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად ვეტერინარულ კლინიკებში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს.
უწყების ცნობით, შემოწმებული 20 ობიექტიდან დარღვევები აღინიშნა 8 ვეტერინარულ კლინიკაში: შპს "ახალი ვეტერინარული კლინიკა", ინდმეწარმე დ. ს., შპს ვეტერინარული კლინიკა "ვეტ.არტ", შპს "დტნბ", შპს "ზარავეტ", შპს "ვეტცენტრი ზოოპლაზა", ინდმეწარმე თ.ძ. (ბიონიკა), შპს "ვეტ. საავადმყოფო".
"ინსტრუმენტების არასათანადო სტერილიზაციის გამო საქმიანობა შეუჩერდა 2 კლინიკას. დაფიქსირდა ასევე ვაქცინების შენახვის წესის დარღვევა, არარეგისტრირებული, ვადაგასული და უვარგისად მიჩნეული პრეპარატების გამოყენება, საქმიანობა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე, რის გამოც ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ.
სურსათის ეროვნული სააგენტო კლინიკებში, ვეტაფთიაქებსა და ზოომაღაზიებში სახელმწიფო კონტროლს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს. მიმდინარე წელს 1500-მდე ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ობიექტის შემოწმებაა დაგეგმილი.
სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, ნებისმიერი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, დაუკავშირდეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს - 1501. რეაგირების გარეშე არცერთი შეტყობინება არ დარჩება", - აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
რეორგანიზაციის პროცესში ადამიანური რესურსები განაწილდება ისე, რომ არავინ დარჩეს უნივერსიტეტს მიღმა და აკადემიურმა პერსონალმა გააგრძელოს საქმიანობა საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით. თითოეული ადამიანი ჩვენთვის ღირებულია, ღირებულია მათი ცოდნა, გამოცდილება და დამსახურება უნივერსიტეტის წინაშე, შესაბამისად, პროცესებს წარვმართავთ ისე, რომ ისინი მაქსიმალურად შევინარჩუნოთ, - აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, დროებით მმართველ ორგანო „საბჭოში“, რომელიც რეორგანიზაციის განხორციელების მიზნით შეიქმნება, პარიტეტის დაცვით, თანაბარი უფლებამოსილებით წარმოდგენილი იქნებიან, როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები.
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები, ავტონომიურობის პრინციპიდან გამომდინარე, თავად წარმართავენ რეორგანიზაციას იმისთვის, რომ უზრუნველყონ იმ აქტივობების განხორციელება, რომელიც ორი უნივერსიტეტის უმტკივნეულოდ გაერთიანებასა და შემდგომ ხარისხიან საქმიანობაზე იქნება ორიენტირებული.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების მიზნით, მომდევნო თვეების განმავლობაში, უზრუნველვყოფთ ყველა პროგრამის სიღრმისეულ შესწავლას და იქ, სადაც უნივერსიტეტებს შორის გვაქვს მსგავსი პროგრამები, მოხდება პროგრამების დადარება და ერთ კომპონენტად შეჯერება“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.
მინისტრმა წამყვანი პროფესორის აკადემიური თანამდებობის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს იქნება დამატებითი პოზიცია, რომელიც არ ჩაანაცვლებს არც ერთ მოქმედ აკადემიურ პოზიციას.
„ჩვენ შემოგვაქვს ახალი აკადემიური თანამდებობა, ეს არის წამყვანი პროფესორის პოზიცია, რომელიც იქნება დამატებითი და არ ჩაანაცვლებს არც ერთ მოქმედ აკადემიურ პოზიციას. აღნიშნულ თანამდებობაზე პირი, შემდგომი თვეების განმავლობაში, სხვადასხვა კრიტერიუმის დაცვით, ღია, საჯარო კონკურსის საფუძველზე შეირჩევა და კონკრეტული მიმართულებების ხელმძღვანელ პროფესორებს შეარჩევს“, - განაცხადა მინისტრმა.
- Details
- By რუსა ხავთასი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიად ჩამოყალიბდა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მინიჭების შემდეგ აკადემია სახელმწიფო უსაფრთხოების ერთწლიან სამაგისტრო პროგრამას განახორციელებს და მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს მოამზადებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლებას მოიპოვებს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების და აკადემიის მიერ განსაზღვრული შიდა გამოცდის საფუძველზე. სწავლა უფასო იქნება.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი, რეფორმის ფარგლებში, გარდაიქმნა და ჩამოყალიბდა აკადემიის სტატუსით. აკადემია წლის განმავლობაში პირველად განახორციელებს სამაგისტრო პროგრამას, ეს არის მნიშვნელოვანი სიახლე. სამაგისტრო პროგრამა მიზნად ისახავს სისტემის უზრუნველყოფას მაღალკვალიფიციური და პროფესიონალი კადრებით. პროგრამა მოიცავს როგორც ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების მნიშვნელოვან კომპონენტებს, ასევე ფიზიკური, საცეცხლე და ფსიქოლოგიური მომზადების საკითხებს. სამაგისტრო პროგრამა განკუთვნილია ბაკალავრის ხარისხის მქონე სტუდენტებისთვის. ისინი პროგრამაზე მოხვდებიან ეროვნული გამოცდების შედეგად. სწავლა იქნება უფასო“, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ.
გარდა ამისა, სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია უფლებამოსილი იქნება განახორციელოს სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც მიზნად ისახავს პროფესიული ცოდნის გაღრმავებას და უნარ-ჩვევების განვითარებას.
- Details
- By რუსა ხავთასი
გადადგომას არ ვაპირებ - ამის შესახებ სტუ-ს რექტორმა, დავით გურგენიძემ უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის წინ შეკრებილ სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს განუცხადა.
სტუ-სთან 14:00 საათიდან არიან შეკრებილები ახალგაზრდები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები. ისი ორი უნივერისტეტის გაერთიანების შესახებ "ოცნების" გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. მათთან რექტორი ცოტა ხნის წინ გამოვიდა.
სტუ-ს რექტორმა ასევე დააანონსა, რომ ორშაბათს ან სამშაბათს აკადემიურ საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებენ.
"ამის პოლიტიკისკენ წაყვანის უფლებას არავის მივცემთ. აქ ადამიანების დათვლის უფლება არ აქვს. პროფესორები თავებით არ ითვლებიან. მე არსად გადადგომას არ ვაპირებ. სანამ მაქვს ეს უფლება სახელმწიფოსგან, ვარ თქვენი არჩეული და ლეგიტიმაცია მაქვს, თქვენთან ერთად ვარ, როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა იყოს მიღებული. ამიტომ თითოეული სტუდენტის და ლექტორის აზრი მაინტერესებს, ამიტომ ვიმსჯელოთ.
თქვენთან შეთანხმებით ორშაბათს ან სამშაბათს აკადემიურ საბჭოს შევკრიბავ და იქნება ღია შეხვედრა და იქნება მსჯელობა. ვაცნობებ განათლების მინისტრს, ის საქართველოში არ არის, თუმცა მასთან კონტაქტი მაქვს.", - თქვა დავით გურგენიძე .
ცნობისთვის, "ქართულმა ოცნების“ ხელისუფლებამ თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
- Details
- By რუსა ხავთასი
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი მცხეთაში, თეატრონის მიმდებარედ, მდინარე არაგვის მარჯვენა სანაპიროზე მრავალფუნქციური პარკის პროექტირებას იწყებს.
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, შესაბამისი ხელშეკრულება კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდა, რომელშიც მომსახურების გაწევისა და სამუშაოების შესრულების საერთო ვადად 7 თვეა განსაზღვრული.
მათივე ცნობით, პროექტი, პარკის მოწყობასთან ერთად, მოიცავს თეატრონის რეაბილიტაციასაც.
„მდინარისპირა ურბანული პარკი გააერთიანებს საბავშვო, სპორტულ, დასასვენებელ და საგანმანათლებლო სივრცეებს, საფეხმავლო და ველო ბილიკების ქსელს. ტერიტორიაზე ასევე განთავსდება ავტოსადგომი, რომელიც მოიცავს ელექტრო ავტომობილებისთვის განკუთვნილ სივრცეს. ასევე გათვალისწინებული იქნება ვიდეო მეთვალყურეობისა და უსაფრთხოების, გარე განათების და წყალმომარაგების სისტემების მოწყობა. პროექტით გათვალისწინებულია მდინარე არაგვზე გადასასვლელი საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია, ლანდშაფტური და წყლის ობიექტების მოწყობა. ვინაიდან ტერიტორია მოქცეულია იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის „მცხეთის ისტორიული ძეგლების“ ბუფერულ ზონაში, მუნიციპალური განვითარების ფონდის მოთხოვნით, პროექტის ავტორმა დოკუმენტაცია უნდა შეუთანხმოს მუნიციპალიტეტს, კულტურის სამინისტროს და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს. ახალი პარკის პროექტირების პროცესში, არსებობის შემთხვევაში, ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტისა და მისი მრჩეველი ორგანიზაციების რეკომენდაციები“, – ნათქვამია საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციაში.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
More Articles …
- თსუ-სთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
- თერჯოლაში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს
- საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გზების რეაბილიტაციის ექვსი ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა
- აშშ-ის საელჩომ დაიწყო ამერიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირება, რომლებმაც, შესაძლოა, ვიზის ვადას გადააცილეს
Page 49 of 133
