თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქცია მიმდინარეობს. სტუდენტები და ლექტორები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.
სტუდენტების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა თსუ-ს რექტორთან, ჯაბა სამუშიასთან, საჯარო შეხვედრის გამართვა.
როგორც შეკრებილები აცხადებენ, მათ სურთ რექტორთან შეხვედრა პირდაპირ ეთერში და არა დახურულ კარს მიღმა, რადგან, მათი თქმით, განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება ყველას ეხება და საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, რა ელოდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ტექნიკურ უნივერსიტეტს.
პარალელურად აქცია იმართება ტექნიკური უნივერსიტეტის ეზოში. როგორც თსუ-ს სტუდენტები აცხადებენ, ისინი მსვლელობით მივლენ ტექნიკურ უნივერსიტეტთან და შეუერთდებიან პროტესტის მონაწილეებს.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, თერჯოლის რაიონის სოფელ ეწერში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს.
სააგენტოს განცხადებით, ინდმეწარმე დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი.
"სახელმწიფო კონტროლის შედეგად, ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, გამოვლინდა საქმიანობა ბიზნესოპერატორად რეგისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე, დაილუქა ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული 109 კგ ფრინველი (ქათამი). ინდმეწარმე დაჯარიმდა კანონმდებლობის შესაბამისად და შეუჩერდა საწარმოო პროცესი". - ნათქვამია განცხადებაში.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, საავტომობილო გზების ცალკეული მონაკვეთების რეაბილიტაციისთვის ექვსი ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ელექტრონული ტენდერები გამოცხადდა შემდეგ მონაკვეთებზე:
საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის 7 კმ-იანი (კმ0-კმ6) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე. სარეაბილიტაციო გზა გადის ქალაქ ხაშურის მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე, შესაბამისად, მისი მოწესრიგება მნიშვნელოვანია როგორც ქალაქის მოსახლეობისთვის, ასევე გზით სხვა მოსარგებლეთათვის. ამავე გზაზე რეაბილიტაცია ჩაუტარდება 2 კმ-იან (კმ60 – კმ 63) მონაკვეთს. სამუშაოების სავარაუდო ჯამური ღირებულება შეადგენს 18 091 259 ლარს.
„რეაბილიტაცია ჩაუტარდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდას საავტომობილო გზის, ჯამში, 21 კმ-იან მონაკვეთს (კმ51-კმ58 და კმ93-კმ106). პროექტების სავარაუდო ჯამური ღირებულება 38 095 044 ლარს შეადგენს. აღნიშნული მიმართულება უმოკლესი მარშრუტით აკავშირებს თბილისსა და ქვემო ქართლის რეგიონს სამცხე–ჯავახეთთან. გზას აქვს მნიშვნელოვანი ტურისტული დატვირთვაც.
ტენდერი გამოცხადებულია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი (პანტიანი)-მანგლისის 21.3 კმ-იან მონაკვეთზე (კმ1-კმ21). პროექტი 2 ლოტად განხორციელდება და მისი სავარაუდო ჯამური ღირებულება 31 498 984 ლარი იქნება. აღნიშნული გზა თბილისიდან ქვემო ქართლის რეგიონისკენ მიმავალი ერთ-ერთი მიმართულებაა, ასევე ამ გზაზე გვხვდება მჭიდროდ დასახლებული პუნქტები. გზა მნიშვნელოვანია ტურისტული თვალსაზრისითაც.
რეაბილიტაციის შემდგომ, საავტომობილო მონაკვეთებზე უზრუნველყოფილი იქნება გზით მოსარგებლეთა შეუფერხებელი და კომფორტული გადაადგილება.
აღნიშნული პროექტები სრულად ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
- Details
- By ანი სარდლიშვილი
საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, საელჩომ დაიწყო ამერიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირება, რომლებმაც, შესაძლოა, ვიზის ვადას გადააცილეს, რათა მიაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ გადაამოწმონ რამდენი ხნით შეუძლიათ დარჩენა და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ ვადის გადაცილებას.
„აშშ-ის საელჩომ დაიწყო აშშ-ში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირება, რომლებმაც, შესაძლოა, ვიზის ვადას გადააცილეს, რათა მიაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ გადაამოწმონ რამდენი ხნით შეუძლიათ დარჩენა და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ ვადის გადაცილებას. აშშ-ის საბაჟო და საზღვრის დაცვის სამსახური (CBP) ქვეყანაში შესვლისას განსაზღვრავს, რამდენ ხანს აქვს მოქმედი ვიზის მფლობელს აშშ-ში დარჩენის უფლება“, - აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აშშ-ის საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიონ შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ვებ-გვერდს.
- Details
- By რუსა ხავთასი
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის განცხადებით, ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ერთ-ერთი კომპონენტი არის ახალი სარეგისტრაციო სისტემის შემოღება პირველკლასელთათვის.
მიქანაძის თქმით, თავდაპირველად, ეს შეეხება თორმეტ დიდ ქალაქს.
„თითოეული რეგიონის დიდ ქალაქს დამატებული ფოთი და თბილისი, ჯამში გამოდის 12 ქალაქი, სადაც პირველ რიგში სწორედ რეგისტრაციის მისამართის მიხედვით მოხდება მოსწავლეთა ჩარიცხვა პირველ კლასში, ხოლო დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე შემდგომში გამოცხადდება საყოველთაო რეგისტრაცია“, – განაცხადა მიქანაძემ.
გივი მიქანაძის შეფასებით, ეს პროცესი მნიშვნელოვანია, რათა დარეგულირდეს გარკვეული საკითხები, რაც უზრუნველყოფს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციას კონკრეტულ სკოლებთან მიმართებაში.
„ვფიქრობთ, სამომავლოდ ეს არეალი კიდევ უფრო გავაფართოოთ, თუმცა მნიშვნელოვანი იქნება პირველი შედეგების გაანალიზება, შეჯერება და იმ მიმართულებების კიდევ უფრო დახვეწა, რაც პროცესს უფრო აქტუალურსა და შედეგზე ორიენტირებულს გახდის. რა თქმა უნდა, ინკლუზიის საკითხები ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამ მხრივ, გასულ წელს მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება და სამინისტროს წიაღში შევქმენით ინკლუზიის დეპარტამენტი, რაც ხაზს უსვამს ჩვენს დამოკიდებულებას და მიდგომას ამ საკითხის მიმართ, მის მნიშვნელობას და აქტუალობას სახელმწიფოსთვის. ჩვენთვის არსებითად მნიშვნელოვანია, სპეცპედაგოგებთან ერთად გვქონდეს შესაძლებლობა, უფრო მეტი მხარდაჭერა გავუწიოთ ახალგაზრდებს, რომელთაც შესაბამისი მხარდაჭერა სჭირდებათ. ამ კუთხით ჩვენ ვგეგმავთ, მასწავლებლების, ყველა პედაგოგის გადამზადება მოხდეს შესაბამისი უნარებით, ისევე, როგორც უზრუნველყოფილი იყოს დაწყებითი პედაგოგების გადამზადება იდენტიფიცირების თვალსაზრისით.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ რეფორმის ფარგლებში დამამთავრებელ კლასებში ვგეგმავთ პროფორიენტაციის კომპონენტის შემოღებას, რაც გულისხმობს მოსწავლეების ინტერესებიდან, შესაძლებლობიდან, უნარებიდან გამომდინარე მათთვის რჩევის მიცემას, რას შეძლებენ ისინი, რა მიმართულებით იქნება მიზანშეწონილი მათი შემდგომი განვითარება. ეს იქნება რჩევის დონეზე, მაგრამ მნიშვნელოვანია, რათა დაფიქრდეს, მისი უნარებიდან და მოთხოვნილებებიდან გამომდინარე, კონკრეტულად რა კუთხით უნდა მოხდეს შემდგომი განვითარება“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
მინისტრის განმარტებით, აქცენტი გაკეთდება ასევე პედაგოგების შემდგომ გადამზადებაზე.
„მაქსიმალურად იქნება ხელშეწყობა იმისა, რომ მათი კვალიფიკაცია სრულფასოვნად პასუხობდეს საჭიროებებს, რაც რეფორმით არის გათვალისწინებული. ისევე როგორც ჩვენ დეკემბრის ბოლოს, სასკოლო საზოგადოებასთან და განსაკუთრებით, პედაგოგებთან აქტიური განხილვების შედეგად, მთავრობის დადგენილებით დავამტკიცეთ მასწავლებელთა კარიერული წინსვლის ახალი სქემა, რომელიც სრულიად ახლებურ, ბევრად სამართლიან, და რაც მთავარია, შედეგზე ორიენტირებულ საშუალებებს იძლევა. შესაბამისად, მისი დანერგვის პროცესი უკვე დაწყებულია და ამ რეფორმის უშუალო, შემადგენელი ნაწილია, ისევე როგორც ჩვენ გვექნება მსჯელობა, როგორ შეიძლება, კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ საჯარო სკოლების დაფინანსების მოდელი, რომელიც მეტად უნდა პასუხობდეს იმ საჭიროებებს და გამოწვევებს, რომელთა წინაშეც თითოეული საჯარო სკოლა დგას“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.
- Details
- By ანი სარდლიშვილი
More Articles …
- ჟინვალი–ანანურის გზის 31-ე კმ-ზე ტრანსპორტის მოძრაობა 3 საათით იზღუდება
- თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტები გაერთიანდება
- „დაუწერეთ წერილი იმ ადამიანს, ვის მიმართაც მადლიერებას გრძნობთ“ - რიტუალი, რომელიც ოთხშაბათს უნდა ჩაატაროთ
- I კლასში მოსწავლეები სარეგისტრაციო მისამართის მიხედვით ჩაირიცხებიან - ცვლილება მომავალ წელს მხოლოდ დიდ ქალაქებს შეეხება
Page 50 of 133
