საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის განცხადებით, ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ერთ-ერთი კომპონენტი არის ახალი სარეგისტრაციო სისტემის შემოღება პირველკლასელთათვის.
მიქანაძის თქმით, თავდაპირველად, ეს შეეხება თორმეტ დიდ ქალაქს.
„თითოეული რეგიონის დიდ ქალაქს დამატებული ფოთი და თბილისი, ჯამში გამოდის 12 ქალაქი, სადაც პირველ რიგში სწორედ რეგისტრაციის მისამართის მიხედვით მოხდება მოსწავლეთა ჩარიცხვა პირველ კლასში, ხოლო დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე შემდგომში გამოცხადდება საყოველთაო რეგისტრაცია“, – განაცხადა მიქანაძემ.
გივი მიქანაძის შეფასებით, ეს პროცესი მნიშვნელოვანია, რათა დარეგულირდეს გარკვეული საკითხები, რაც უზრუნველყოფს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციას კონკრეტულ სკოლებთან მიმართებაში.
„ვფიქრობთ, სამომავლოდ ეს არეალი კიდევ უფრო გავაფართოოთ, თუმცა მნიშვნელოვანი იქნება პირველი შედეგების გაანალიზება, შეჯერება და იმ მიმართულებების კიდევ უფრო დახვეწა, რაც პროცესს უფრო აქტუალურსა და შედეგზე ორიენტირებულს გახდის. რა თქმა უნდა, ინკლუზიის საკითხები ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ამ მხრივ, გასულ წელს მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება და სამინისტროს წიაღში შევქმენით ინკლუზიის დეპარტამენტი, რაც ხაზს უსვამს ჩვენს დამოკიდებულებას და მიდგომას ამ საკითხის მიმართ, მის მნიშვნელობას და აქტუალობას სახელმწიფოსთვის. ჩვენთვის არსებითად მნიშვნელოვანია, სპეცპედაგოგებთან ერთად გვქონდეს შესაძლებლობა, უფრო მეტი მხარდაჭერა გავუწიოთ ახალგაზრდებს, რომელთაც შესაბამისი მხარდაჭერა სჭირდებათ. ამ კუთხით ჩვენ ვგეგმავთ, მასწავლებლების, ყველა პედაგოგის გადამზადება მოხდეს შესაბამისი უნარებით, ისევე, როგორც უზრუნველყოფილი იყოს დაწყებითი პედაგოგების გადამზადება იდენტიფიცირების თვალსაზრისით.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ რეფორმის ფარგლებში დამამთავრებელ კლასებში ვგეგმავთ პროფორიენტაციის კომპონენტის შემოღებას, რაც გულისხმობს მოსწავლეების ინტერესებიდან, შესაძლებლობიდან, უნარებიდან გამომდინარე მათთვის რჩევის მიცემას, რას შეძლებენ ისინი, რა მიმართულებით იქნება მიზანშეწონილი მათი შემდგომი განვითარება. ეს იქნება რჩევის დონეზე, მაგრამ მნიშვნელოვანია, რათა დაფიქრდეს, მისი უნარებიდან და მოთხოვნილებებიდან გამომდინარე, კონკრეტულად რა კუთხით უნდა მოხდეს შემდგომი განვითარება“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
მინისტრის განმარტებით, აქცენტი გაკეთდება ასევე პედაგოგების შემდგომ გადამზადებაზე.
„მაქსიმალურად იქნება ხელშეწყობა იმისა, რომ მათი კვალიფიკაცია სრულფასოვნად პასუხობდეს საჭიროებებს, რაც რეფორმით არის გათვალისწინებული. ისევე როგორც ჩვენ დეკემბრის ბოლოს, სასკოლო საზოგადოებასთან და განსაკუთრებით, პედაგოგებთან აქტიური განხილვების შედეგად, მთავრობის დადგენილებით დავამტკიცეთ მასწავლებელთა კარიერული წინსვლის ახალი სქემა, რომელიც სრულიად ახლებურ, ბევრად სამართლიან, და რაც მთავარია, შედეგზე ორიენტირებულ საშუალებებს იძლევა. შესაბამისად, მისი დანერგვის პროცესი უკვე დაწყებულია და ამ რეფორმის უშუალო, შემადგენელი ნაწილია, ისევე როგორც ჩვენ გვექნება მსჯელობა, როგორ შეიძლება, კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ საჯარო სკოლების დაფინანსების მოდელი, რომელიც მეტად უნდა პასუხობდეს იმ საჭიროებებს და გამოწვევებს, რომელთა წინაშეც თითოეული საჯარო სკოლა დგას“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.
- Details
- By ანი სარდლიშვილი
ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 31-ე კილომეტრზე (ჟინვალი-ანანურის მონაკვეთზე) მიმდინარე წლის 28 იანვარს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით დაგეგმილი სამუშაოების გამო, კერძოდ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე სატვირთო ავტომობილის მიმდებარე ტერიტორიიდან გადატანის მიზნით, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, დროებით აიკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა 30 იანვარს, 00:00 საათიდან 03:00 საათამდე.
- Details
- By რუსა ხავთასი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება, გაერთიანებული უმაღლესი სასწავლებლების სახელწოდებად თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი დარჩება.
ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, გადაწყვეტილება რექტორებთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე იქნა მიღებული.
„უმაღლესი განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმის დაწყება ეფუძნება სიღრმისეულ ანალიზს, საერთაშორისო პრაქტიკას და ქვეყნის განვითარების გრძელვადიან ინტერესებს. ბოლო პერიოდში განხორციელდა სახელმწიფო უნივერსიტეტების აკადემიური პროგრამების, კვლევითი მიმართულებებისა და ინფრასტრუქტურის შედარებითი ანალიზი. ამ პროცესისა და რექტორებთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ. ეს იქნება საწინდარი, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდება რეგიონში აკადემიური და სამეცნიერო განვითარების წამყვანი ცენტრი და მნიშვნელოვნად გაიუმჯობესოს საერთაშორისო რეიტინგები“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.
როგორც გივი მიქანაძემ განაცხადა, უნივერსიტეტების გაერთიანების მიზნით, მინისტრის ბრძანებით, შეიქმნება მართვის დროებითი ორგანო „საბჭო“ და დაინიშნება რექტორისა და რექტორის მოადგილეების მოვალეობის შემსრულებლები, რომლებიც რეორგანიზაციის პროცესის წარმართვას უზრუნველყოფენ.
მინისტრის თქმით, უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში, დამატებით შეიქმნება წამყვანი პროფესორის აკადემიური თანამდებობა და ამ თანამდებობაზე კონკურსის წესით შერჩეული პირები უზრუნველყოფენ სასწავლო და კვლევითი საქმიანობის სტრატეგიულ ხელმძღვანელობას, ხარისხის ზრდასა და ახალგაზრდა აკადემიური პერსონალის განვითარებას.
- Details
- By რუსა ხავთასი
სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული გვერდი Astrologia.ge-ი „მერკურის რიტუალის“ შესახებ გვიზიარებს ინფორმაციას, რომელიც ოთხშაბათს უნდა გააკეთოთ:
„მერკურის რიტუალი: „აზრისა და გულის ჰარმონია“ ოთხშაბათია და მთვარე კირჩხიბშია, გირჩევთ: დაუწერეთ წერილი (თუნდაც არ გაგზავნოთ) იმ ადამიანს, ვის მიმართაც მადლიერებას გრძნობთ. მერკური დაგეხმარებათ სიტყვების პოვნაში, კირჩხიბის მთვარე კი მას გულწრფელობით აავსებს.
• რატომ მუშაობს: მერკური მართავს კომუნიკაციას, კირჩხიბი კი — გულს. მათი სინთეზი დღეს გვეხმარება ემოციური ბლოკების მოხსნაში და ურთიერთობების გაჯანსაღებაში“, - ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი განისაზღვრება 6 წლით. როგორც „ოცნების“ მთავრობის მიერ დამტკიცებულ ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციაში წერია, ცვლილება გულისხმობს მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდება 6 წელი.
„ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ სკოლაში სწავლას იწყებენ 6 წლამდე ასაკის ბავშვები, რომელთაც შესაძლოა, არ ჰქონდეთ საკმარისი სოციო-ემოციური და ყურადღების კონცენტრაციის სათანადო დონეზე განვითარებული უნარები“, - წერია დოკუმენტში, რომელსაც ხელი ირაკლი კობახიძემ 26 იანვარს მოაწერა.
ასევე დამატებითი ცვლილება იქნება პირველკლასელთა რეგისტრაციის პროცესში. კერძოდ, საყოველთაო რეგისტრაციის ეტაპის დაწყებამდე, ბავშვის ჩარიცხვა მოხდება სარეგისტრაციო მისამართის მიხედვით. თუმცა, ეს ცვლილება 2026-2027 სასწავლო წელს, მხოლოდ დიდ ქალაქებს შეეხება.
„2026-2027 წლის პირველკლასელთა რეგისტრაციისას აღნიშნული დამატებითი ეტაპი მხოლოდ დიდ ქალაქებს შეეხება, ხოლო მომდევნო პერიოდებიდან ყველა სკოლას მოიცავს“, - წერია კონცეფციაში.
სხვა დეტალები, ჯერჯერობით უცნობია.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
More Articles …
- იმერეთში არალეგალური ყველის საწარმოები აღმოაჩინეს
- უცხო ქვეყნის უნივერსიტეტებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის გამოცდა 4 თებერვალს ჩატარდება
- როგორ შეიცვლება ამინდი დღეს - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
- ბაზრიდან BABYBIO OPTIMA 1-ის ორი პარტიის ამოღება მიმდინარეობს - სურსათის ეროვნული სააგენტო
Page 51 of 133
