გარემოს პლასტმასით დაბინძურების პრევენციისა და ბუნებრივ ეკოსისტემებზე მნიშვნელოვანი ზეწოლის შემცირების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახალ რეგულაციებს აწესებს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ინიციატივით შემუშავდა საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი, რომლის თანახმად, პლასტმასის ჭიქების, კონტეინერების და პლასტმასის 3 ლიტრამდე ბოთლებით სასმლის შეძენა იკრძალება იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ახორციელებენ სახელმწიფო შესყიდვებს. განკარგულება არ ვრცელდება იმ სახელმწიფო შესყიდვებზე, რომელიც ხორციელდება თავდაცვის ძალებისა და სამხედრო მოსამსახურეთა საჭიროებისთვის.
განკარგულება 2026 წლის 1 აპრილიდან ამოქმედდება.
აღსანიშნავია, რომ 2026 წლის პირველი იანვრიდან უკვე აკრძალულია სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის გარკვეული საგნების რეალიზაცია.
ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის მოხმარება წარმოადგენს მნიშვნელოვან რისკს როგორც გარემოსთვის, ისე ადამიანის ჯანმრთელობისთვის; მისი გამოყენების შემცირება და შესაბამისი ალტერნატივების გამოყენების დანერგვა აუცილებელია გარემოსა და ადამიანების ჯანმრთელობის დასაცავად.
პლასტმასით დაბინძურების შესაფასებლად, საქართველოს მასშტაბით რამდენიმე კვლევა ჩატარდა. მსოფლიო ბანკის (WorldBank) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის ფარგლებში მდინარე რიონის აუზის 13 უბანზე ჩატარებულმა შეფასებებმა დაადასტურა პლასტმასის ნარჩენების დომინირება ყველა ლოკაციაზე, ამასთან, დადგინდა რომ მდინარე რიონში ნარჩენების სიმჭიდროვე საშუალოდ შეადგენს 1.77 ერთეულს კვადრატულ მეტრზე, ზოგიერთ უბანში თითქმის 4 ერთეულამდე აღწევს, რაც საგრძნობლად აღემატება სხვა ევროპულ მდინარეებში დაფიქსირებულ საშუალო მაჩვენებელს (დაახლოებით 0.5 ერთეული/მ²), რაც ხაზს უსვამს პრობლემის მასშტაბურობასა და გადაუდებელი ღონისძიებების აუცილებლობას.
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის ფარგლებში ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ საქართველოში ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მოხმარება მნიშვნელოვნად მაღალია და ყოველწლიურად დაახლოებით 613.5 მილიონ ერთეულს შეადგენს, რაც დაახლოებით 3.9–5.9 ათასი ტონაა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მომზადდა წარმოდგენილი განკარგულების პროექტი, რომელიც 2026 წლის 1 აპრილიდან საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის 3 ლიტრამდე ბოთლებით სასმლის შეძენას კრძალავს. განკარგულების ამოქმედება კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება პლასტმასის მოხმარების შესამცირებლად.
- Details
- By რუსა ხავთასი
საქართველოში 18 იანვრამდე შენარჩუნებული იქნება ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში 15-16 იანვარს ცივი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 17 იანვარს მოსალოდნელია თოვლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -3, -5, დღისით +2, +4 გრადუსი დაფიქსირდება.
მათივე ცნობით, სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა ღამით +1, +3, დღისით +5, +7 გრადუსი დაფიქსირდება.
„დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა ღამით -1, -3, დღისით +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი) დროგამოშვებით მოსალოდნელია თოვლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -5, -10, დღისით -1, -3 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო) დროგამოშვებით თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -13, -15, დღისით -5, -7 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) ზოგან მოსალოდნელია თოვლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -6, -8, დღისით +1, +3 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) ზოგან მოსალოდნელია თოვლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -5, -7, დღისით +2, +4 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) ზოგან მოსალოდნელია თოვლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -12, -14, დღისით -2, -4 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) ზოგან თოვლი და ქარბუქია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -18, -20, დღისით -6, -8 გრადუსი დაფიქსირდება“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
- Details
- By ანი სარდლიშვილი
დღეს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. ტრადიციულად, ამ დღეს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების შენობებზე დროშის აღმართვის ცერემონია იმართება.
საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით, ყოველი წლის 14 იანვარს, 2012 წლიდან აღინიშნება.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
სურსათის ეროვნული სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის დეპარტამენტის ინსპექტორები ზამთრის მაღალმთიან კურორტებზე, კერძოდ, სტეფანწმინდაში, ფასანაურსა და გუდაურში, სურსათის სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებენ. სახელმწიფო კონტროლი ტარდება როგორც ქსელურ მარკეტებში, ასევე მცირე სავაჭრო ობიექტებში.
სეს-ის ინფორმაციით, მოწმდება, დაცულია თუ არა სურსათის რეალიზაციისა და განთავსების პირობები, ვადები, ტემპერატურული რეჟიმი, მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი, რაც ითვალისწინებს ეტიკეტზე სურსათის დასახელების, ინგრედიენტების, მათ შორის, ალერგენების, საკვები საღებავისა და სხვა დანამატების, წონის, შენახვისა და გამოყენების პირობების დატანას.
გარდა ამისა, ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს სურსათის მწარმოებელი/დისტრიბუტორი ბიზნესოპერატორი, მისამართი, სურსათის წარმოშობის ქვეყანა, ინფორმაცია კვებითი ღირებულების შესახებ, დამზადების თარიღი, პარტიის ნომერი და ა.შ.
სურსათის ეროვნული სააგენტო სურსათის სარეალიზაციო ობიექტებს ქვეყნის მასშტაბით მთელი წლის განმავლობაში ამოწმებს. სეზონების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია საკურორტო ზონები, სადაც, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, მრავლად არიან ტურისტები.
უწყების ცნობით, გასულ წელს, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სახელმწიფო კონტროლი ჩატარდა 512 ობიექტში. 1200-ზე მეტი ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა 92 სამართალდარღვევა, რაზეც გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ97-კმ162 (რუისის სატრანსპორტო კვანძი-ბორითის სატრანსპორტო კვანძი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
გარდა ამისა, გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ64 (ვერონა-თელავი) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია.
გზების დეპარტამენტის ცნობით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
More Articles …
Page 60 of 134
