საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებები შევიდა. შესაბამისი დადგენილება საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა. დადგენილების მიხედვით, 2026 წლის 1 ივნისიდან ყოველთვიურად, განმახორციელებლის ვალდებული ხდება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის გეგმური ამბულატორიული მომსახურების ფარგლებში ბენეფიციარების რეგისტრაციის მოდულიდან იმ პირების რეგისტრაცია შეაჩეროს, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ უწყვეტად იმყოფებიან 6 თვით ან მეტი ვადით.
ამასთან, დადგენილებაში ასევე აღნიშნულია, რომ მოსარგებლის ხელახალი რეგისტრაცია განხორციელდება „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის 23-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
ანუ პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებებმა პროგრამის მოსარგებლეთა რეგისტრაცია უნდა განახორციელონ მხოლოდ მოსარგებლის თანხმობის საფუძველზე, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს მოსარგებლის ან არასრულწლოვანის შემთხვევაში - მისი კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერით.
დადგენილებაში წერია ისიც, რომ ბენეფიციართა რეგისტრაციის სტატუსის გადამოწმების დამატებითი კრიტერიუმები მინისტრის ბრძანების საფუძველზე 2026 წლის 1 ივნისამდე უნდა დამტკიცდეს.
- Details
- By ანი სარდლიშვილი
გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 9 იანვრიდან 10 იანვრის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექთან ერთად, შესაძლებელია ქარის გაძლიერება და ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
„ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვა, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება. დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. მოსალოდნელმა ნალექმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
- Details
- By ანი სარდლიშვილი
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ონიდანაღმოსავლეთით 4 კმ-ში, სოფელ ჯინჭვისში დაფიქსირდა.
ბიძგები თბილისის დროით 11:18 საათზე შეინიშნებოდა.
მიწისძვრის სიმძლავრემ 3.1 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.
- Details
- By ანი სარდლიშვილი
„ალილოს“ ტრადიციული მსვლელობა გაიმართა ქვეყნის მასშტაბით. ქრისტესშობის მახარობლებმა გალობით მოიარეს ბათუმის ქუჩები და შეაგროვეს შესაწირი. ხალხს შეუერთდა ადგილობრივი ხელისუფლება.
ალილოს ტრადიციული მსვლელობა დადიანების ისტორიული მუზეუმის ეზოდან დაიწყო სამეგრელოში. ალილოს მონაწილეებს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეუერთდნენ და შობის მახარობლებს საჩუქრები გადასცეს. მსვლელობა ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში საშობაო პარაკლისით დასრულდა.
მსვლელობა გაიმართა ქუთაისშიც. ის მერიის შენობიდან დაიწყო, სადაც თვითმმართველობის წარმომადგენლებმა შობის მახარობლებს ნობათი გადასცეს.
გორში მომლოცველები ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძართან შეიკრიბნენ. სასულიერო პირებმა, მახარობლებმა, სტიქაროსნებმა და მრევლმა ქალაქის ყველა ცენტრალური ქუჩა ლოცვით და გალობით შემოიარეს და მოსახლეობას ქრისტესშობა ახარეს.
საშობაო მსვლელობა გაიმართა გურჯაანში. სასულიერო პირებმა, სტიქაროსნებმა და შობის მახარობლებმა მოსახლეობას ქრისტესშობა მიულოცეს და საშობაო ნობათი შეაგროვეს. აკურთხეს ქალაქის ქუჩები. ალილოს შეუერთდა ადგილობრივი ხელისუფლებაც.
- Details
- By რუსა ხავთასი
ქრისტესშობას, თბილისსა და მთელ საქართველოში, სადღესასწაულო საზეიმო მსვლელობა „ალილო“ გაიმართება.
თბილისში მსვლელობა 14:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება. სადღესასწაულო მსვლელობის დროს „ალილოს“ მონაწილეებს პრეზიდენტი, პარლამენტის, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები შეხვდებიან.
„ალილოს“ მონაწილეები შობას მიულოცავენ პატრიარქს და მსვლელობა დასრულდება სამების საკათედრო ტაძარში, სადაც შობის პარაკლისი შესრულდება.
„ალილოს“ დღესასწაულის მოწყობის ტრადიცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის კურთხევით 2 000 წელს აღდგა. მსვლელობისათვის სპეციალურად იკერება ბაირაღები და ალილოს მონაწილეებისთვის - განსხვავებული შესამოსელი.
- Details
- By რუსა ხავთასი
More Articles …
Page 63 of 134
