ჩვენი ერი სწორედ ის ერია, რომელიც გაანათლა ქრისტეს ჭეშმარიტი სინათლით მრავალი წმინდანის შრომამ და ღვაწლმა... მათ დაამკვიდრეს და განამტკიცეს ქრისტიანული სარწმუნოება ჩვენი ერის ცნობიერებასა და ისტორიულ მეხსიერებაში, ჩვენამდე მოიტანეს, რამაც განაპირობა ჩვენი დღემდე გადარჩენა, - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) წმინდა და ყოვლადქებულმოციქულ ანდრია პირველწოდებულის, საქართველოში ქრისტეს პირველმქადაგებლისა და წმინდა დიდი მეფე ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეს.
„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.
ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს - წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულისა და წმინდა კეთილმსახურ მეფე ვახტანგ გორგასლის ხსენებას. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.
წმინდა მოციქული ანდრია და მეფე ვახტანგ გორგასალი ჩვენთვის განსაკუთრებული წმინდანებია, რადგან ანდრია მოციქულმა პირველმა იქადაგა ქრისტიანობა საქართველოში, ხოლო წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ღვაწლით ჩვენმა ეკლესიამ მიიღო ავტოკეფალია და იკურთხა პირველი კათოლიკოსი პეტრე, რომლის ხსენებასაც ასევე დღეს აღვასრულებთ. აი, ამიტომ იწოდება ჩვენი ეკლესია სამოციქულო ეკლესიად, რადგან ჩვენთან იქადაგა წმინდა ანდრია მოციქულმა და მასთან ერთად სხვა მოციქულებმაც.
წმინდა ანდრია პირველწოდებული იყო ერთ-ერთი უახლოესი მოწაფე უფალ იესო ქრისტესი. ახალი აღთქმის ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებში, როგორც სახარებიდან ვხედავთ, მაცხოვრის გვერდით არიან ანდრია მოციქული და მისი ძმა პეტრე, ასევე - იაკობი და იოანე მოციქულები. ამ ოთხ მოციქულს წმინდა სახარება რაღაცნაირად უფრო მეტად გამოარჩევს დანარჩენი თორმეტისგან.
წმინდა ანდრია მოციქულს განსაკუთრებული მისია ერგო წილად. თქვენ იცით, მან იქადაგა მრავალ ქვეყანაში: საბერძნეთში, მცირე აზიის ქვეყნებში და შემდეგ მოაშურა საქართველოს, შემოვიდა დიდაჭარიდან და საქართველოს მრავალ კუთხეში იქადაგა. აკურთხა მღვდლები, დიაკვნები, ააგო და მოაწყო ტაძრები, დაადგინა საღვთისმსახურო წეს-განგება. ამიტომ ეს დიდი მოციქული, ამავე დროს დიდი მოწამეც, არის ჩვენი ერის განსაკუთრებული მფარველი.
შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენს ერს ისტორიის მანძილზე წილად ერგო ამდენი განსაცდელი, ტანჯვა, დევნა და შევიწროება. არ არსებობს ისეთი მეორე ქვეყანა, სადაც ერთდროულად ამდენი ადამიანი ეწამა, როგორც საქართველოში. ეს არის ნიშანი ღვთისგან, რომ უფალი მოგვიწოდებს მისი ერთგულებისკენ, რათა ვიყოთ მისი ერთგული, მისი ეკლესიის ერთგული სიკვდილამდეც კი და თუ საჭირო გახდება, გავიმეოროთ ჩვენი დიდი წინაპრების ღვაწლი; ხოლო ეკლესიისთვის მშვიდობიან პერიოდში მოთმინებით, სიმდაბლით გადავიტანოთ ის განსაცდელები, რომლებიც წილად გვერგება. ამისთვის საჭიროა სულიერი სიმტკიცე და განსჯის უნარი. ერთ-ერთი უმთავრესი სათნოებაა განსჯის, განრჩევის უნარი. ამიტომ დღეს განსაკუთრებით გვმართებს, გავიხსენოთ წმინდა ანდრია მოციქულის ღვაწლი და ვევედროთ მას, შეგვეწიოს ამ თვისებების მოპოვებაში.
უფალმა დაიფაროს ჩვენი ხალხი მისი ლოცვით და მოგვცეს იმის გაგება, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ დღევანდელი განსაცდელები ძალიან მცირეა იმასთან შედარებით, რაც ჩვენმა ერმა გადაიტანა ისტორიის მანძილზე, საუკუნეების განმავლობაში და ჩვენი მწუხარებები ძალიან მცირეა იმ მწუხარებებთან შედარებით, რაც გადაიტანეს და დაითმინეს მოწამეებმა, აღმსარებლებმა.
უფალმა დაიფაროს ჩვენი ქვეყანა ანდრია პირველწოდებულის ლოცვით, შეგვეწიოს.
ჩვენი ერი სწორედ ის ერია, რომელიც გაანათლა ქრისტეს ჭეშმარიტი სინათლით მრავალი წმინდანის შრომამ და ღვაწლმა, დაწყებული წმინდა ანდრია პირველწოდებულით, სიმონ კანანელით, მატათათი. ესენი იყვნენ მოწამეები, აღმსარებლები, მეფეები, დედოფლები, პატრიარქები, სხვა სასულიერო თუ საერო პირები, რომლებმაც დაამკვიდრეს და განამტკიცეს ქრისტიანული სარწმუნოება ჩვენი ერის ცნობიერებასა და ისტორიულ მეხსიერებაში, ჩვენამდე მოიტანეს, რამაც განაპირობა ჩვენი დღემდე გადარჩენა.
მინდა, თქვენთან ერთად დიდი სიყვარულით მივულოცო დღევანდელი დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს. იგი გახლავთ წმინდა ანდრია პირველწოდებულის სამოციქულო ღვაწლის გამგრძელებელი დღეს. ყველა ვხედავთ, რომ მისი ეს დიდი მსახურება ნამდვილად სამოციქულოა და ნაყოფები მისი მსახურებისა არის სამოციქულო. დღეს ჩვენ შვილებრივი სიყვარულით ვმადლობთ მას ამისთვის და ვულოცავთ. უფალმა ინებოს მისი ჯანმრთელობა და დღეგრძელობა.
ძვირფასო ძმებო და დებო, მინდა შეგახსენოთ, რომ დღეს არის მეორმოცე დღე მიტროპოლიტ სერაფიმეს გარდაცვალებიდან. დღეს განსაკუთრებით ვლოცულობთ მისი სულისთვის, ღმერთმა შეუნდოს მას ყოველნი შეცოდებანი მისნი და სასუფეველსა ცათასა დაამკვიდროს.
კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. ღმერთმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით, წმინდა ანდრია პირველწოდებულის, წმინდა ვახტანგ გორგასლის, წმინდა პეტრე კათოლიკოსის ლოცვით გააძლიეროს, გაამთლიანოს და გადაარჩინოს საქართველო. ამინ“, - განაცხადა მეუფემ.
- Details
- By რუსა ხავთასი
საბავშვო ევროვიზიაზე ხმის მიცემა დაიწყო. საქართველოს წარმომადგენლისთვის, ანიტა აბგარიანისთვის ხმის მიცემა შესაძლებელია საქართველოდან და მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან.
გადადით ბმულზე - https://vote.junioreurovision.tv .
ამისთვის საჭიროა, უყუროთ მოკლე ვიდეოკოლაჟს, აირჩიოთ საქართველო და კიდევ ორი ნებისმიერი ქვეყანა, და დააჭიროთ ხმის მიცემის ღილაკს.
ამის შემდეგ მარტივ მათემატიკურ მოქმედებას შეასრულებთ (მაგ. 1+2; 4-3) და დააჭერთ დადასტურების ღილაკს.
ხმის მიცემა დროებით შეწყდება 20:00 საათზე, როდესაც კონკურსის პირდაპირი ტრანსლაცია დაიწყება.
თვრამეტივე მონაწილის გამოსვლის შემდეგ ხმის მიცემა 15 წუთით ისევ განახლდება, რა დროსაც თქვენ ისევ შეძლებთ მეორედ ხმის მიცემას.
ხმის მიცემა შესაძლებელია 1 ტელეფონიდან და 1 კომპიუტერიდან მხოლოდ ერთხელ.
გამარჯვებული მაყურებლისა და ჟიურის დაჯამებული ქულების რაოდენობით გამოვლინდება.
დღეს ფინალური შოუს პირდაპირ ტრანსლაციას მაყურებელს ღონისძიების მასპინძელი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი შესთავაზებს.
საქართველო 2025 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს მასპინძლობს – ფინალური შოუ დღეს, 20:00 საათზე გაიმართება.
- Details
- By რუსა ხავთასი
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 მონაკვეთზე (გუდაური(ფოსტა)-კობი) მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
- Details
- By რუსა ხავთასი
გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.
უწყების ცნობით, 14 დეკემბრის დილამდე საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ქვეყნის მთიან რაიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული.
„13-14 დეკემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი.
მოსალოდნელი დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის და ლიპყინულის გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. (საფრთხის დონე საშუალო)“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
- Details
- By რუსა ხავთასი
გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93- კმ 107 მონაკვეთზე (გუდაური ფოსტა -კობი), დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
More Articles …
- ქვეყანაში ცირკულირებს A/H3N2 ვირუსი, გრიპის ვაქცინით 150 000 ადამიანი უკვე აიცრა
- სურსათის ეროვნული სააგენტო საკონდიტროებს ამოწმებს
- ევროპაში, კიბოს მაღალი რისკის მქონე დონორის სპერმა სულ მცირე 67 ბავშვის ჩასახვის მიზნით გამოიყენეს
- იუნესკო-მ „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა
Page 81 of 133
