საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბორჯომი-ბაღი-ტბა-ცემის საავტომობილო გზის 5.5 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
განახლებული მონაკვეთი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, საკურორტო სოფლებს – სადგერს, ტბასა და ცემს ემსახურება და, ძირითადად, დასახლებულ ტერიტორიაზე გადის, რაც გზის უსაფრთხო და კომფორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას განსაკუთრებით მნიშვნელოვანს ხდის ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტებისთვის.
„პროექტის ფარგლებში განხორციელდა გზის ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესება, სავალი ნაწილის რეაბილიტაცია და გაფართოება, კიუვეტების, მილებისა და სხვა ხელოვნური ნაგებობების აღდგენა და მოწყობა. მოწესრიგდა მოსახლეობის ეზოებთან მისასვლელები და ადგილობრივ გზებთან მიერთებები. ასევე მოეწყო ავტობუსის გაჩერება, მოინიშნა გზის სავალი ნაწილი, დამონტაჟდა საგზაო ნიშნები.
განახლებული გზა არსებითად გააუმჯობესებს სოფლებში მცხოვრები ოჯახების გადაადგილების პირობებს.
პროექტი დაფინანსდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მისი ღირებულება 5.2 მილიონი ლარია.
ბორჯომი-ბაღი-ტბა-ცემის გზის მასშტაბური, კაპიტალური რეაბილიტაცია საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2022 წელს განახორციელა, რომლის ფარგლებშიც დასრულდა 6.5 კმ-იანი მონაკვეთის განახლება“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
- Details
- By ანი სარდლიშვილი
ჩვენ სასწრაფო დახმარების მანქანით ხანძრისკენ მივდივართ თქვენი სახელით, მაგრამ ახლა ხანძრის ჩაქრობას გვთხოვენ, მაშინ როდესაც ავზში წყალი არ არის, – ამის შესახებ გაერო-ს დახმარების ხელმძღვანელმა, ტომ ფლეტჩერმა განაცხადა, რითიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ 2026 წლის ჰუმანიტარული დახმარების ბიუჯეტის შემცირებას გამოეხმაურა.
„როიტერის“ ინფორმაციით, მომდევნო წელს ორგანიზაცია დახმარების ბიუჯეტს 50%-ით შეამცირებს, რისი მიზეზიც, მედიის ცნობით, დონორების მხრიდან დაფინანსების შეჩერებაა.
ამავდროულად, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მსოფლიო ჰუმანიტარული საჭიროებები არასდროს ყოფილა ისეთი დიდი, როგორც ახლა. მათივე ცნობით, დახმარების შემცირებამ ორგანიზაცია აიძულა, პრიორიტეტი „მხოლოდ ყველაზე სასოწარკვეთილებისთვის“ მიენიჭებინა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ასევე აცხადებენ, რომ დაფინანსების შემცირება ემატება დახმარების სააგენტოებისთვის არსებულ სხვა გამოწვევებსაც, რომელთა შორს ყველაზე კრიტიკული კონფლიქტის ზონებში მყოფი პერსონალის უსაფრთხოების რისკები და წვდომის ნაკლებობაა.
„საბოლოო ჯამში, სწორედ ეს შემცირება გვაიძულებს, მივიღოთ მკაცრი და სასტიკი არჩევანი. ზედმეტად დატვირთულები ვართ, არასაკმარისი დაფინანსებით და თავდასხმის ქვეშ. ჩვენ სასწრაფო დახმარების მანქანით ხანძრისკენ მივდივართ თქვენი სახელით, მაგრამ ახლა ასევე გვთხოვენ ხანძრის ჩაქრობას, მაშინ როდესაც ავზში წყალი არ არის და ჩვენ გვესვრიან“, – განუცხადა გაერო-ს დახმარების ხელმძღვანელმა, ტომ ფლეტჩერმა ჟურნალისტებს.
ნოემბრის მონაცემებით, ორგანიზაციამ ჯერჯერობით მხოლოდ 12 მილიარდი დოლარი მიიღო, რაც ბოლო ათი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია და საჭიროებების მხოლოდ მეოთხედზე მეტს ფარავს. გაერო-ს ცნობით, ჰუმანიტარული დახმარების ყველაზე დიდი ნაწილი პალესტინაში, სუდანსა და სირიაში მიდის.
- Details
- By ანი სარდლიშვილი
კალენდრის მიხედვით შობის მარხვა უკანასკნელი მრავალდღიანი მარხვაა. იგი იწყება 15 ნოემბერს ძველი სტილით (ახალი სტილით – 28 ნოემბერს) და 25 დეკემბრამდე (ახალი სტილით – 7 იანვრამდე) გრძელდება. იგი ორმოცდღიან პერიოდს მოიცავს. საეკლესიო ტრადიციით, ამ მარხვას ფილიპე მოციქულის ხსენების დღესაც უკავშირებენ (ძვ. სტ. 14, ახლით – 27 ნოემბერი).
საშობაო მარხვა ქრისტესშობის დღესასწაულისადმი მომზადების პერიოდია. ლეონ დიდი წერს: „მარხვის შენახვა წელიწადის ოთხივე დროში გვიხდება, რათა მთელი წლის განმავლობაში ვაცნობიერებდეთ, რომ განუწყვეტლივ ვსაჭიროებთ განწმენდას; რათა ჩვენს დაუდევარ ცხოვრებაში ყოველთვის ვცდილობდეთ მარხვითა და მოწყალების გაღებით შევმუსროთ ცოდვა, რომელიც მრავლდება ხორცის უძლურებითა და უწმინდური ზრახვებით“.
ლეონ დიდის სიტყვებით, საშობაო მარხვა არის უფლისადმი გაღებული მსხვერპლი წლის განმავლობაში მოწეული ნაყოფისათვის. „როგორც უფალმა უხვად მოგვმადლა მიწიერი ნაყოფი, – წერს წმიდანი, – ასევე ამ მარხვის განმავლობაში ჩვენც გულუხვნი და მოწყალენი უნდა ვიყოთ გლახაკთა მიმართ“.
სვიმეონ თესალონიკელის სიტყვებით, „შობის მარხვა მოსეს მარხვას განასახიერებს, რომელმაც ორმოცდღიანი მარხვის შემდეგ უფლისაგან ქვის ორი ფირფიტა მიიღო, რაზედაც ამოტვიფრული იყო უფლის სიტყვები. ჩვენ კი, ორმოცი დღის მარხვის შედეგად, ვიხილავთ და ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამისაგან ვიღებთ ცოცხალ სიტყვას, რომელიც ამჯერად ქვებზე კი არ არის ამოტვიფრული, არამედ ხორცშესხმული და ხორციელად შობილია, რომლის ღვთაებრივ სისხლსა და ხორცს ვეზიარებით“.
საშობაო მარხვა დაწესებულია იმისთვის, რომ ქრისტესშობის დღესასწაულისათვის თავი სინანულით, ლოცვითა და მარხვით განვიწმიდოთ, რათა წმიდა გულით, სულითა და სხეულით შევძლოთ მოწიწებით მივეახლოთ ამქვეყნად მოვლენილ ძე ღვთისას; გარდა ჩვეულებრივი ძღვენისა და მსხვერპლისა, მას ჩვენი წმიდა გული მივუძღვნათ.
ეკლესიის ისტორიას შობის მარხვის შესახებ ცნობები IV საუკუნეშივე მოეპოვება. სხვადასხვა დროს სხვადასხვა ცნობებს ვხვდებით XIV საუკუნემდე, უფრო ზუსტად სვიმეონ თესალონიკელამდე. უფრო ადრე (XII საუკუნეში) ფრიად საინტერესოდ და დაწვრილებით მოგვითხრობენ კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბალსამონი და ერთ-ერთი იმდროინდელი საეკლესიო კრება, XI საუკუნეში – ანასტასი სინელი და ისააკ კათალიკოსი. საინტერესო ცნობებია დაცული X საუკუნის საეკლესიო კრების ოქმებში, რომელიც იმპერატორ კონსტანტინესა და რომანოზ უფროსად წოდებულის დროს იქნა მოწვეული. ცნობებს ვხვდებით ნიკიფორე პატრიარქის კანონებში (IX ს.), საბა განწმენდილისა (V ს.) და ლეონ რომის პაპის (V ს.) ნაწერებში, 570 წლის ტურის II კრების ოქმებში, ნეტარ ავგუსტინესთან.
ყველა ეს ცნობა გვაუწყებს, რომ შობის მარხვა, ისევე, როგორც სხვები, უძველესი დროიდან მომდინარეობს (ჯერ კიდევ IV საუკუნის მოღვაწე ფილასტრი წერს, რომ მაცხოვრის შობის წინ აუცილებლად უნდა ვიმარხულოთ) და გვიჩვენებს, რაოდენ ღრმად უდევს ფესვები მარხვის საეკლესიო ტრადიციას.
ეკლესიის ისტორიის მკვლევარები შენიშნავენ, რომ შობის მარხვის ხანგრძლივობა თავდაპირველად მკაცრად განსაზღვრული არ ყოფილა. მაგალითად, ტურის მეორე საეკლესიო კრების კანონი გვაუწყებს, რომ ბერებმა „დეკემბრიდან ქრისტესშობამდე უნდა იმარხულონ“; მატისონის 582 წლის კრების მიხედივით, ეს მარხვა იწყებოდა წმინდა მარტინის ხსენების დღეს (25 ნოემბერს ახ. სტილით) და გრძელდებოდა ქრისტესშობამდე. აქვე მითითებულია, რომ სამარხვო დღეები ორშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევი იყო. გალიის ერთ-ერთი კრების ჩანაწერთა თანახმად, ქრისტესშობამდე მორწმუნენი ერთი კვირა მარხულობდნენ. ამასვე მოწმობს ანასტასი სინელიც: „ზოგიერთგან, აღმოსავლეთში, ამ მარხვის ხანგრძლივობა შემცირებული იყო ერთ, ზოგჯერ – ორ კვირამდე ან თორმეტ დღემდე“.
თვით ანასტასის ამ მარხვის კანონიერ დასაწყისად ფილიპე მოციქულის ხსენების დღე მიაჩნია.
პატრიარქ ბალსამონისა და მის თანამედროვეთა განმარტებით, „ის, ვინც არ მარხულობს შვიდ დღეს მაინც, საერონი თუ კლიროსნი, მართალთაგან უნდა განეყენნენ, ხოლო ბერებმა, რომელთაც კანონი ავალებთ, უნდა იმარხულონ 27 ნოემბრიდან (ახ. სტ. – ლ.მ.) და შეასრულონ ტიპიკონის მოთხოვნა“.
პატრიარქ ლუკას მოსაყდრეობის პერიოდში, იმპერატორ მანუელის დროს, 1166 წელს მოწვეულ კრებაზე დადგინდა, რომ შობის მარხვა 40 დღე უნდა გრძელდებოდეს.
შობის მარხვა დიდმარხვასთან შედარებით მსუბუქია. მას ვიცავთ ისე, როგორც მოციქულთა მარხვას. ამ მარხვათა დროს, როგორც წესი, გარდა ოთხშაბათისა და პარასკევისა, თვით ბერ-მონაზვნებისთვისაც კი დაშვებული იყო თევზის, ზეთისა და ღვინის ზომიერად მიღება.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
უფალს უნდა, რომ ანგელოზებრივ მდგომარეობამდე აგვამაღლოს. იმისთვის, რომ მივაღწიოთ სასუფეველს, ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ ამ ცხოვრებაში, შევიმეცნოთ, უნდა ვიმუშაოთ საკუთარ თავზე, სულ უნდა ვვითარდებოდეთ, ბევრი რამ უნდა გამოვასწოროთ. ამისთვის კი, როგორც გითხარით, საჭიროა შრომა, სულიერიც და გონებრივიც, - განაცხადა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) ქადაგებისას.
მან ტაძარში შეკრებილებს წმინდა დიდმოწამე მერკვირისა და დიდმოწამე ეკატერინეს ხსენება მიულოცა და ითხოვა, რომ მათი ლოცვა და მადლი შეეწიოს სრულიად საქართველოს.
მეუფემ ასევე დღევანდელ მსახურებაზე წაკითხული სახარება განმარტა.
„დღეს წმინდა სახარებაში წაკითხული იყო უფალ იესო ქრისტეს მიერ ავადმყოფი დედაკაცის განკურნების შესახებ. ეს ქალი იმდენად იყო წელში მოხრილი, მოკრუნჩხული, რომ სიარულიც კი უჭირდა, ზევითაც კი ვერ იხედებოდა, მაგრამ იმდენად უყვარდა ღმერთი, რომ მიუხედავად ამისა, მაინც დადიოდა სინაგოგაში წმინდა წერილის მოსასმენად და სალოცავად.
უფალმა ეს ქალი დაინახა, რა თქმა უნდა, შეებრალა და განკურნა. იყო შაბათი დღე. ამაზე სინაგოგის უფროსი და იქ მყოფი ადამიანები აღშფოთდნენ, როგორ თუ შაბათს კურნავსო. უფალი ცდილობდა, აეხსნა მათთვის, რა უფრო მნიშვნელოვანია, რაღაც წესის შესრულება თუ ადამიანისადმი მოწყალება: „ეს ქალი მძიმედ იყო ავად, ძლივს დადიოდა. უფალმა ის განკურნა, ის ახლა ჯანმრთელია, მოხდა ასეთი სასწაული ღვთის მიერ. არ უნდა გიხაროდეთ ეს ამბავი? იმის მაგივრად, რომ გიხაროდეთ, ბრაზობთ, რომ რაღაც წესი დაირღვა“. ასეთ სიტყვებს ეუბნება: „ორგულო, განა ხარი და ვირი არ მიგყავს შაბათ დღეს წყლის დასალევად? ეს ქალი, რომელიც 18 წელი შეკრული იყო ეშმაკისგან, არ უნდა განმეკურნა, თუ შენ ის ხარი და ვირი მიგყავსო?“ (ლკ. 13, 10-16). აი, როგორი მკაცრი სიტყვებია.
ეს ნიშნავს, რომ სინაგოგის უფროსიც და ის ხალხიც, ვინც იქ იყო, წესის დაცვის გამო კი არ აღშფოთდნენ, რომ იცავდნენ ამ წესრიგს, არამედ სხვა რამ იყო აქ მიზეზი. ამიტომ ამბობს უფალი: „ორგულებო, ამრიგად, რა უფრო მნიშვნელოვანია, წესი თუ სიყვარული ადამიანისადმი?“.
ფაქტობრივად, ამით ეუბნება, რომ თქვენ ხართ სასტიკი ადამიანები; არ გაქვთ ლმობიერება, ეს ქალი საერთოდ არ გეცოდებათ და ფიქრობთ, რომ ღმერთიც ასეთია: თქვენსავით მკაცრი, ულმობელი და სასტიკი, არ ისმენს ლოცვებს და ასეთი დამოკიდებულება აქვს. რატომ გაქვთ ასეთი განწყობა? იმიტომ, რომ დაკარგული გაქვთ ადამიანობა, დაკარგული გაქვთ სიყვარული და ღმერთზეც ასე ფიქრობთ. ამ დროს უფალი სულაც არ არის ასეთი; ის კეთილია, მოსიყვარულეა, მას თავისი მხოლოდშობილი ძეც არ დაენანა ჩვენს გადასარჩენად, ჩვენი სიყვარულის გამო. უფალმა იცოდა, რომ მას მოკლავდნენ, მაგრამ მაინც მოვიდა ჩვენი სიყვარულისთვის.
ის ცდილობს, ეს ყველაფერი აუხსნას, რომ უფალს არ სურს მხოლოდ ის, რომ ჩვენ რაღაც გარეგნული წესები შევასრულოთ. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს წესიც აუცილებელია, კანონის დაცვაც აუცილებელია, წესრიგიც აუცილებელია, მაგრამ წესების გაუაზრებლად დაცვა ძალიან სახიფათოა, ამან შეიძლება სიკვდილამდეც კი მიიყვანოს ადამიანი, იმდენად დააზიანოს.
ე. ი. წესის გაუაზრებლად დაცვა ვის მოეთხოვება მხოლოდ? - ბავშვებს. მაგალითად, 6 წლის ბავშვს ვერ გააგებინებ, რატომ უნდა დაიბანოს ხელები ჭამის წინ. ამიტომ მას ათასჯერ უნდა უთხრა: ხელები დაიბანე, თორემ ავად გახდები. მას ეს მაინც არ ესმის. ამიტომ მან უნდა დაიმახსოვროს, რომ არის ასეთი წესი. მშობლებს ეს ესმით, მაგრამ ბავშვს არ ესმის. შენ ცდილობ, დაიცვა მისი ჯანმრთელობა, მისი სიცოცხლე და ამიტომ უნდა ასწავლო ამ წესის დაცვა. მაგრამ ზრდასრული ადამიანი უნდა აზროვნებდეს და უნდა ხვდებოდეს, ესა თუ ის წესი თუ კანონი რისთვის არის, რა არის მისი მნიშვნელობა, მაგრამ ამისთვის საჭიროა გონება, გონებრივი განვითარება, ამისთვის საჭიროა, ადამიანი ვითარდებოდეს, წიგნებს კითხულობდეს, მუშაობდეს თავის თავზე. ეს კი რთული საქმეა, რაც უმეტესობას არ უნდა. ამიტომ ამჯობინებენ გართობას, თამაშს და არანაირად არ ვითარდებიან. შედეგად, რჩებიან ჩვენი შვილებიც, მოზარდებიც, შემდეგ უკვე ზრდასრული ადამიანებიც განუვითარებლები სულიერად, გონებრივად, ინტელექტუალურად. ასეთი ადამიანი გამოდგება მხოლოდ რაღაც ძალიან მარტივი საქმიანობისთვის, სადაც საჭიროა ელემენტარული წესიერება და სიზუსტის უნარი.
ღმერთს კი რა უნდა, ძვირფასო ძმებო და დებო, ჩვენგან? მას უნდა, რომ ანგელოზებრივ მდგომარეობამდე აგვამაღლოს. იმისთვის, რომ მივაღწიოთ სასუფეველს, ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ ამ ცხოვრებაში, შევიმეცნოთ, უნდა ვიმუშაოთ საკუთარ თავზე, სულ უნდა ვვითარდებოდეთ, ბევრი რამ უნდა გამოვასწოროთ. ამისთვის კი, როგორც გითხარით, საჭიროა შრომა, სულიერიც და გონებრივიც. უფალი იესო ქრისტე ამას გვასწავლის და ამისკენ მოგვიწოდებს.
ამიტომ უნდა ვეცადოთ, ამა თუ იმ წესში მხოლოდ გარეგნული მხარე კი არ დავინახოთ, გაუაზრებლად კი არ ვასრულებდეთ, რასაც, ვიმეორებ, შეიძლება დიდი ზიანი მოჰყვეს ჩვენთვისაც და სხვებისთვისაც, არამედ უნდა ვხედავდეთ მის შინაარსს და ასეთნაირად ვასრულებდეთ“, - განაცხადა მეუფემ.
- Details
- By რუსა ხავთასი
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანიავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 მონაკვეთზე (გუდაური(ფოსტა)-კობი), დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
- Details
- By რუსა ხავთასი
More Articles …
- ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული
- ვინც ჩაირიცხება უკვე მომავალი წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში, არავის მოუწევს საფასურის გადახდა და სახელმწიფო თავის თავზე აიღებს მთლიანად შესაბამისი სტუდენტების დაფინანსებას - პრემიერი
- ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
- რა უნდა გავითვალისწინოთ ონლაინ პლატფორმებზე სურსათის შეძენისას ? - სეს-ის რეკომენდაციები
Page 84 of 133
