სურსათის ეროვნული სააგენტო კვების ობიექტებში შესაწვავად გამოყენებული ცხიმის/ზეთის ხარისხს ამოწმებს. როგორც უწყება იტყობინება, შემოწმებულ ობიექტებში დარღვევები არ გამოვლინდა.
"საზოგადოებრივი კვების ობიექტებში ხშირად გამოიყენება ფრიტურული ცხიმი/ზეთი კარტოფილის (ე.წ. ფრი), ფრინველის ხორცის, ცომეულის და სხვა პროდუქტების შესაწვავად. სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებრივი კვების ობიექტებში ფრიტურული ცხიმი/ზეთის ტემპერატურას, უვნებლობასა და ხარისხს სპეციალური მოწყობილობით (VITO ზეთის ტესტერი) რეგულარულად აკონტროლებს. მთელი ქვეყნის მასშტაბით მოწმდება მსხვილი და მცირე ობიექტები. ამ დროისთვის შემოწმებულ ობიექტებში დარღვევები არ გამოვლენილა.
სურსათის ეროვნული სააგენტო რეკომენდაციას აძლევს ბიზნესოპერატორებს, მუდმივად განახორციელონ შიდა კონტროლი. იმ შემთხვევაში, თუ მაჩვენებელი ნორმას აღემატება, ობიექტი ვალდებულია ზეთი დაუყოვნებლივ გამოცვალოს. მაღალი ტემპერატურის შედეგად, დროთა განმავლობაში ზეთში გროვდება ისეთი ნაერთები, რომლებიც ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.
ამავდროულად, მნიშვნელოვანია გამოყენებული ზეთის ნარჩენების სწორად მართვა, რომელიც შესაბამისი კანონმდებლობით რეგულირდება (დადგენილება N605). დაუშვებელია გამოყენებული ცხიმის/ზეთის ნიჟარაში ან გარემოში დაღვრა, რადგან იწვევს ეკოლოგიურ დაბინძურებას, ამავდროულად, აზიანებს მილებს.
კანონმდებლობის თანახმად, სავალდებულოა გამოყენებული ცხიმის/ზეთის შეგროვება და სპეციალიზებული კომპანიებისთვის გადაცემა, რომლებიც უზრუნველყოფენ აღნიშნული ნარჩენის გადამუშავებას.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებლებს, რომ დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ინფორმაცია დატოვონ ცხელ ხაზზე - 15-01. სამომხმარებლო ბაზრის ერთობლივი მონიტორინგი და მოსახლეობის აქტიური ჩართულობა სურსათის ეროვნულ სააგენტოს საშუალებას მისცემს, დროულად გამოავლინოს და აღმოფხვრას შეუსაბამობები", - იტყობინება სურსათის ეროვნული სააგენტო.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზემო და ქვემო სვანეთის დამაკავშირებელი, საერთო ჯამში, 16-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა.
მათივე ცნობით, განახლებული გზა ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის მიმართულებაზე ორი პროექტის ფარგლებში განხორციელდა და მოიცავს კმ178-დან კმ185-მდე და კმ186-დან კმ192-მდე მონაკვეთებს.
სამუშაოების შედეგად მოეწყო ცემენტ-ბეტონის ახალი საფარი, დამონტაჟდა საგზაო უსაფრთხოების ინფრასტრუქტურა, ასევე მოწესრიგდა მისასვლელი გზა ზაგაროს უღელტეხილზე მდებარე ეკლესიასთან.
ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის და ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზები ერთმანეთს ზაგაროს უღელტეხილზე, მესტიისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე უკავშირდება. ეს გზები ერთიანდება ყველაზე მოკლე მარშრუტში, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს რაჭა-ლეჩხუმს, ქვემო და ზემო სვანეთს, რაც საგრძნობლად ამცირებს მგზავრობის დროს.
განახლებული გზა მნიშვნელოვანი სტიმულია როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ტურისტებისთვის. ის ზრდის მთიანი რეგიონების ეკონომიკურ, ტურისტულ და საკურორტო პოტენციალს.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსდა და მისი საერთო ღირებულება 27.9 მილიონი ლარია.
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
- Details
- By ანი სარდლიშვილი
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, მდინარე არაგვის ხიდზე სავალი ნაწილის შეკეთება იწყება, რის გამოც მოძრაობა დროებით ნაწილობრივ შეიზღუდება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სამუშაოები 2025 წლის 2 დეკემბრიდან იწყება და 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება. შეზღუდვა შეეხება ხიდის მარჯვენა სამოძრაო ზოლს, რომელიც თბილისი–სენაკის მიმართულებით არის.
არაგვზე არსებული ხიდი 1973 წელს აშენდა და, დეპარტამენტის ცნობით, მისი სავალი ნაწილი პერიოდულად საჭიროებს აღდგენით სამუშაოებს.
აღსანიშნავია, რომ ხიდის სრული რეაბილიტაცია ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა, რადგან არ არსებობს ალტერნატიული სამოძრაო გზა, რომელიც მოძრაობას სრულად განტვირთავდა.
ამჟამად, არსებული ხიდის პარალელურად, მიმდინარეობს ახალი ხიდის მშენებლობა, რომლის ექსპლუატაციაში გაშვება მომავალი წლისთვის არის დაგეგმილი და ბიუჯეტი 20 მლნ ლარია.
ხიდის აღდგენის სამუშაოების დასრულებამდე, ავტოტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელია ალტერნატიული გზებით. დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრაობისას მძღოლებს შეუძლიათ ისარგებლონ:
ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-სკრა-ქარელი-ოსიაურის გზით;
ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის საავტომობილო გზით.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს იხდის.
შეგახსენებთ, მაისში გაირკვა, რომ საქართველოს მთავრობამ საავტომობილო გზების დეპარტამენტს ფორსმაჟორის გამო, მდინარე არაგვზე ახალი ხიდის მშენებლობის ნებართვა გზშ-ის, ანუ გარემოზე ზემოქმედების შეფასების გარეშე მიანიჭა. მთავრობის 8 მაისის განკარგულების თანახმად, აღნიშნული ფორსმაჟორული ვითარებიდან გამომდინარე არის აუცილებელი. ახალი ხიდი მდინარე არაგვზე არსებული ხიდის პარალელურად აშენდება.
2023 წლის დეკემბრიდან 2025 წლის 2 აპრილამდე სავალი ნაწილის ფილა სხვადასხვა ადგილზე ლოკალურად 8 ჯერ დაზიანდა, მათ შორის, ხიდის ფილის აღდგენის მიზნით, სამჯერ საჭირო გახდა ხიდზე 10-დღიანი პერიოდით, ერთი სამოძრაო ზოლის შეზღუდვა, შესაბამისი სამუშაოების განხორციელების მიზნით.
- Details
- By ია გრიგალაშვილი
განათლების რეფორმის მიხედვით, საჯარო სკოლების მე-11 კლასი პროფილური გახდება, - განაცხადა განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის პრეზენტაციაზე.
მისივე თქმით, მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა, მე-11 კლასში ისწავლონ მხოლოდ ის საგნები, რომლებიც ეროვნულ გამოცდებზე უნდა ჩააბარონ.
„მნიშვნელოვანია, რომ მე-11 კლასი, დამამთავრებელი კლასი გავხადოთ პროფილური. ეს ასახავს იმ მიზანს, რომელიც უკავშირდება, პირველ რიგში, იმას, რომ მოსწავლეები დავაბრუნოთ სკოლაში, სკოლის პრესტიჟი, ავტორიტეტი გავზარდოთ და ოჯახებს მოვაშოროთ წნეხი, რაც ფინანსურ საკითხებთან არის დაკავშირებული ეროვნული გამოცდებისთვის მოსწავლეების მომზადების კუთხით. მე-11 კლასში შემოგვაქვს ე.წ. რეპეტიტორიუმი, როდესაც ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა, ისწავლონ მხოლოდ იმ საგნებში, რაც უნდა ჩააბარონ ეროვნულ გამოცდებზე. ეს იქნება ინტენსიური, ერთწლიანი სასწავლო პროგრამა, რომელიც საშუალებას მისცემს თითოეულ მოსწავლეს, მაქსიმალურად ჩაერთოს. მათ აღარ უნდა დასჭირდეთ, დამატებით სკოლის გარეთ სასწავლო პროცესებში ჩართვა. მთელი სასწავლო პროცესი ორიენტირებული იქნება სწორედ იმ საგნებსა და მასალაზე, რომელიც ეროვნული გამოცდების პროგრამასთან იქნება დაკავშირებული.
11-წლიანი სწავლებაზე 2027-2028 წლიდან გადავალთ. დღეს ვინც მე-9 კლასში სწავლობს, მას მოუწევს მე-11 კლასის დამთავრება სკოლაში. “, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.
- Details
- By რუსა ხავთასი
სამინისტრო აიღებს პასუხისმგებლობას, დაწეროს სახელმძღვანელოები და ეს სახელმძღვანელოები დაინერგოს შემდეგი სტანდარტით: ერთი სახელმძღვანელო ყველა სკოლაში ერთი და იგივე დისციპლინაში, - განაცხადა განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციაზე.
მისივე თქმით, სამინისტრომ გასული ექვსი თვის განმავლობაში, შერჩევითობის პროცედურის გავლით, შეარჩია ექსპერტთა ჯგუფები სხვადასხვა დისციპლინის მიხედვით.
„სისტემური და განახლებადი რესურსების ფარგლებში, ორი-სამი წლის განმავლობაში დაიწერება სრულიად ახალი სახელმძღვანელოები. ამისთვის სამინისტრომ გასული ექვსი თვის განმავლობაში, შერჩევითობის პროცედურის გავლით, შეარჩია ექსპერტთა ჯგუფები სხვადასხვა დისციპლინის მიხედვით. სამინისტრო აიღებს პასუხისმგებლობას, დაწეროს სახელმძღვანელოები და ეს სახელმძღვანელოები დაინერგოს შემდეგი სტანდარტით: ერთი სახელმძღვანელო ყველა სკოლაში ერთი და იმავე დისციპლინაში. აღარ იქნება სხვადასხვა სახელმძღვანელოები. ყველა სკოლაში იქნება ერთიანი მიდგომა, ერთიანი სტანდარტი, ერთიანი ხარისხი, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ერთიანი ცნობადობა, ერთიანი ხარისხის უზრუნველყოფა, ერთიანი პროცესისადმი ხელმისაწვდომობა და, რაც მთავარია, იქნება გაზომვადობა უზრუნველყოფილი“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
- Details
- By რუსა ხავთასი
More Articles …
- სკოლაში შესვლის შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ იმ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ
- საჯარო სკოლების მე-12 კლასში სწავლის მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, შესაბამისი რეგისტრაცია ყოველი წლის მარტში გაიარონ
- შემდეგი სასწავლო წლიდან ტესტურ რეჟიმში, ყველა საჯარო სკოლაში, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, სავალდებულოდ ბრუნდება სასკოლო ფორმები
- დაბინძურება შემცირდა, ნალექმა და ქარმა მტვრის მასები გაანეიტრალა - გარემოს სააგენტო
Page 87 of 133
