მკლავჭიდელ ხატია ვიბლიანს პროკურატურამ არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის ფაქტზე ბრალი წარუდგინა
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 67
მკლავჭიდელი ქალს ხატია ვიბლიანს, რომელსაც არასრულწლოვანზე ძალადობაში ადანაშაულებენ, ბრალდება წარუდგინეს. განცხადება მთავარმა პროკურატურამ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა.
პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 სექტემბერს, თბილისში, ერთ-ერთ მაღაზიაში ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვანს, შემდეგ კი მაღაზიის მიმდებარედ გააგრძელა მასზე ფიზიკური ძალადობა.
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს"- წერია განცადებაში.
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე სასამართლოს შუამდგომლობით კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
მკლავჭიდელი ქალი გამოკითხვაზე რამდენიმე საათის წინ მივიდა. მან განყოფილებაში შესვლამდე თქვა, რომ მომხდარზე მოგვიანებით ვრცლად ისაუბრებს.
სამართალდამცველებმა ვიბლიანი გამოკითხვაზე მას შემდეგ დაიბარეს, რაც სოციალურ ქსელში 14 წლის მოზარდზე ძალადობის კადრები ერთ-ერთმა მოქალაქემ გაავრცელა.
ვიდეოში კარგად ჩანს, რომ ქალი არასრულწლოვანს ხელებს ურტყამს. ჩანაწერის მიხედვით, მოზარდი თავის დაცვას და გაქცევას რამდენჯერმე შეეცადა.
კადრების თანახმად, ძალადობა ახალგაზრდა მამაკაციც შეესწრო, თუმცა მას არაფერი მოუმოქმედებია. ძალადობას შეესწრო მცირეწლოვანი ბავშვიც, რომელიც სავარაუდოდ სპორტსმენის შვილია.
გავრცელებული ინფორმაციით, ხატია ვიბლიანი უახლოეს დღეებში ჩემპიონატზე საზღვარგარეთ უნდა წასულიყო.

No article in the selected categories