"გორში სიგარეტის არალეგალური ქარხნიდან ამოღებულია ₾2 მილიონის ღირებულების სიგარეტი" - დაკავებულია ჯუანშერ ბურჭულაძის პირადი დაცვის წევრი და კიდევ 2 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოვლენილია ამჟამად პატიმრობაში მყოფი, ყოფილი თავდაცვის მინისტრის ოჯახის წევრის ვ.მ.-ს კუთვნილი კომპანიების მიერ, შემდგომი რეალიზების მიზნით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის გამოშვება/შენახვის ფაქტები.

საგამოძიებო სამსახურს პიროვნების სახელი და გვარი არ დაუსახელებია, მაგრამ როგორც გავარკვიეთ, საქმე ეხება ყოფილი თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმას ვასილ მხეიძეს.

დაკავებულია თავდაცვის ყოფილი მინისტრის პირადი დაცვის წევრი და კიდევ 2 პირი.

გორში სიგარეტის არალეგალური ქარხნიდან ამოღებულია 2 176 341 ლარის ღირებულების 323 851კოლოფი სიგარეტი "კარელია".

დანაშაული 7-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გორში სიგარეტის არალეგალური ქარხნიდან ამოღებულია 2 176 341 ლარის ღირებულების 323 851კოლოფი სიგარეტი "კარელია"

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოვლენილია ამჟამად პატიმრობაში მყოფი, ყოფილი თავდაცვის მინისტრის ოჯახის წევრის ვ.მ.-ს კუთვნილი კომპანიების მიერ, შემდგომი რეალიზების მიზნით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის გამოშვება/შენახვის ფაქტები.

გამოძიებით დადგინდა, რომ ვ.მ.-მ 2023 წელს დააფუძნა კომპანიები და ქალაქ გორში მოაწყო სიგარეტის მწარმოებელი არალეგალური ქარხანა, სადაც წლების განმავლობაში ახორციელებდა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის გამოშვებას.

ორგანიზებული ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის დამზადება/შენახვის ფაქტზე, 2025 წლის 19 სექტემბერს ბრალდებულის სახით დაკავებულები არიან არალეგალური საწარმოს დამფუძნებელი მოქალაქე ვ.ა., დირექტორი მ.ა. და ამავე საწარმოს უსაფრთხოების უფროსი, ყოფილი თავდაცვის მინისტრის - პირადი დაცვის წევრი ნ.ც.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ზემოაღნიშნული ქარხნიდან და მიმდებარედ არსებული საწყობიდან ამოღებული იქნა სარეალიზაციოდ გამზადებული 2 176 341 ლარის საბაზრო ღირებულების ჯამში 323 851 ერთეული კოლოფი უაქციზო სიგარეტი „KARELIA” (კარელია), სიგარეტის დამამზადებელი დანადგარები და წარმოებისთვის აუცილებელი სხვა პროდუქტები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

საქმეზე ინტენსიურად გრძელდება გამოძიება ორგანიზებულ დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული სხვა პირების დადგენა - მხილების მიზნით," - წერია განცხადებაში.