"ყაზბეგის" საბაჟოზე უკანონოდ 201 376 ლარის ღირებულების ოქროს ნაკეთობების შემოტანა აღიკვეთა

"ყაზბეგის" საბაჟოზე უკანონოდ 201 376 ლარის ღირებულების ოქროს ნაკეთობების შემოტანა აღიკვეთა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

"მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის, კუთვნილი ბარგისა და მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში 750 გრამამდე არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს.

კანონდამრღვევ მოქალაქეს აღნიშნული ოქროს ნაკეთობები მანქანის სალონსა და სამგზავრო ჩანთაში მალულად ჰქონდა განთავსებული. საბაჟო კონტროლის ფარგლებში მიმდინარე გასაუბრებისას, მან განზრახ უარყო არადეკლარირებული საქონლის არსებობა, რითაც შეეცადა საბაჟო ორგანოსგან გვერდის ავლით გადმოეტანა საქონელი და ამით თავი აერიდებინა საბაჟო გადასახადისგან.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 201 376 ლარი შეადგინა.

კანონდამრღვევი მოქალაქის საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის გავრცელებულ განცხადებაში.