პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა - ამოღებულია დიდი ოდენობის სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის  თანამშრომლებმა,  სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო   შეძენა-შენახვის, რეალიზაციისა   და  რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 1973 წელს დაბადებული ნ.ქ. , უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1993 წელს დაბადებული  მ.ი. და 2004 წელს დაბადებული ქ.მ. დააკავეს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა  ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე,  სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ  გამზადებული  განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები,  მათ შორის „ჰეროინი“,  „მორფინი“, გამომშრალი „მარიხუანა“,  ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის და კულტივირებისთვის საჭირო მასალები.

პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად,  ასევე, ამოღებულია  ერთ-ერთი ბრალდებულის მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე,  260-ე კვარტა და 260-ე ტერცია  მუხლებით მიმდინარეობს.