შსს-მ 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ ოთხი პირი დააკავა

შსს-მ 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ დანაშაულებრივ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ ოთხი პირი დააკავა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ჯამში უკვე დაკავებულია 22 პირი, ხოლო სამი პირი ამ დრომდე მიმალვაშია.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში 4 ოქტომბერს ქალაქ თბილისში განვითარებულ დანაშაულებრივ მოვლენებთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე, 222-ე, 225-ე და 317-ე მუხლებით მიმდინარეობს.

გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, კიდევ ოთხი პირი დააკავეს – ესენი არიან: ვ.გ., კ.ე., მ.ლ. და ნ.გ..

ამ დროისთვის, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ჯამში უკვე დაკავებულია 22 პირი, ხოლო სამ პირის ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ხორციელდება შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები.

აღნიშნული სამი პირი ამ დრომდე იმყოფება მიმალვაში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აგრძელებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს, დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები“, – განაცხადა დარახველიძემ.