პაატა ბურჭულაძესა და 4 ოქტომბრის ორგანიზატორებს აეკრძალათ პაემნები, წერილები და ციხიდან ზარები
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 120
პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს ციხიდან სატელეფონო ზარები, პაემნები და წერილები აუკრძალეს | ინფორმაციას TV პირველი ავრცელებს და ამბობს, რომ პატიმრებს შეზღუდვები პროკურატურის მოთხოვნით დაუწესდათ, თუმცა რა გახდა ამის მოტივი, უცნობია, რადგან ადვოკატებისთვის დოკუმენტი ჯერ არ გადაუციათ
"აუცილებლად გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას. უბრალოდ წერილობით სახით ჯერ არ გადმოგვცემია და შესაბამისად, მისი შინაარსიც არ ვიცით, მე დარწმუნებული ვარ იგი იქნება იმავე შინაარსის, რა შინაარსისაც იყო იგივე ხასიათის დადგენილებები სხვა პოლიტიკურ პატიმრებზე, დაწყებული სააკაშვილიდან დამთავრებული ლევან ხაბეიშვილით. პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ 71 წლის მსოფლიო დონის მომღერალს წაართვეს უბრალოდ შვილიშვილებთან და შვილებთან კომუნიკაციის საშუალება და ეს ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ამ მიზანს"- ამბობს ბურჭულაძის ადვოკატი შოთა თუთბერიძე
ბურჭულაძე, ზოდელავა, ნადირაძე, მანჯგალაძე და ბერიძე 4 ოქტომბრის აქციისას, ათონელის რეზიდენციასთან განვითარებული მოვლენების შემდეგ, გვიან ღამით დააკავეს. მათ წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების, ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის მუხლებით მიმდინარეობს. მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა 7 ოქტომბერს ხუთივე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

No article in the selected categories