ირაკლი ღარიბაშვილმა სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი - სუსი

დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი, - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა ემზარ გაგნიძემ.

მისივე განმარტებით, მომდევნო დღეების განმავლობაში, გამოძიება არსებული და დამატებით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე იმსჯელებს მის მიმართ როგორც მისი ქმედების დაკვალიფიცირების, ასევე მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის საკითხზე

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია მიმდინარეობს ინტენსიური, კომპლექსური, ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები სისხლის სამართლის საქმეებზე, რომლებთან დაკავშირებითაც წინა დღეების განმავლობაში ჩატარდა სხვადასხვა, მათ შორის ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და მათთან დაკავშირებული პირების საცხოვრებელი ბინების ჩხრეკები.

მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე წუთის წინ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გაიმართა ბრიფინგი ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმესთან და ხსენებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულ პირთან დაკავშირებით.

დამატებით, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში, გამოიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი.

შესაბამისად, მომდევნო დღეების განმავლობაში, გამოძიება არსებული და დამატებით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე იმსჯელებს მის მიმართ როგორც მისი ქმედების დაკვალიფიცირების, ასევე მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის საკითხზე, რაც ასევე ეცნობება საზოგადოებას“, - აღნიშნა გაგნიძემ.

პროკურატურამ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, კობა ხუნდაძე დააკავა.

17 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილისა და ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული რვა პირის საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა ჩატარდა. ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა. ღონისძიება სუს-ის ანტიკორუფციულ და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტებში სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში განხორციელდა.