სპეცრაზმელები და პოლიციელები რუსთაველზე მიზანმიმართულად გაუსწორდნენ 10-ზე მეტ ჟურნალისტსა და ოპერატორს - არასრული სია

ჟურნალისტი თაზო კუპრეიშვილი მედიის იმ წარმომადგენლების სიას აქვეყნებს, რომლებიც 28-29 ნოემბერს რუსთაველზე პროევროპული საპროტესტო აქციის ძალადობრივი დაშლისას, სპეცრაზმელების სამიზნეები გახდნენ.
 
გასული ღამის განმავლობაში ნიღბიანი სპეცრაზმელები და პოლიციელები რუსთაველზე მიზანმიმართულად გაუსწორდნენ 10-ზე მეტ ჟურნალისტსა და ოპერატორს (არასრული სია):

1. გურამ როგავა, ტვ ფორმულა - ნიღბიანმა სპეცრაზმელმა პირდაპირ ეთერში თავში ჩაარტყა, დაასისხლიანა და ძირს დააგდო;

2. ალექსანდრე ქეშელაშვილი, პუბლიკა - დააკავეს, სცემეს სახისა და თავის არეში, წაართვეს სამუშაო აპარატურა;

3. დათო ცაგარელი, რადიო თავისუფლება - პირდაპირ ეთერში ნიღბიანმა სპეცრაზმელმა მუცელში ჩაარტყა და ძირს დააგდო;

4. მარიამ ნიკურაძე, OC Media - სპეციალურად მიუშვირეს წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი, დაუზიანდა კამერა, რამდენჯერმე გააგდებინეს ტელეფონი;

5. ნანუკა ქაჯაია, ტვ პირველი - წყლის ჭავლი მიუშვირეს პირდაპირი ჩართვის დროს;

6. დავით ბიჭიკაშვილი, ტვ პირველის ოპერატორი;

7. გიორგი შეწირული, ტვ პირველის ოპერატორი - სპეცრაზმელებმა წააქციეს და წიხლებით შედგნენ;

8. ანა მდივანი, ტვ პირველი - სახეში შეასხეს წიწაკის სპრეი;

9. ნიკო კოკაია, ტვ პირველის ოპერატორი - სახეში შეასხეს წიწაკის სპრეი;

10. გივი ავალიანი, ნეტგაზეთი - სახეში შეასხეს წიწაკის სპრეი;

11. ნათია ამირანაშვილი, პუბლიკა - გააგდებინეს ტელეფონი და არ მისცეს მუშაობის საშუალება;

12. გიორგი გოგუა, პროექტი 64 - პოლიციელებმა წიხლები ურტყეს;

13. ირაკლი მანაგაძე, ექსპრესნიუსი - სპეცრაზმელმა წიხლი ჩაარტყა;

14. დავით ბეჟანიშვილი, პირველი არხი;

გარდა მედიის წარმომადგენლებისა, ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის ათობით მონაწილეს, მათ შორის უფლებადამცველებსა და პოლიტიკოსებს.  შემთხვევების უმრავლესობა აღბეჭდილია ვიდეოკადრებზე.

ის მედიები, სადაც ამ ადამიანების ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ ნიუსი ვერ მოხვდება და პირიქით, ხელს შეუწყობთ ამ ძალადობის გამართლებას, ნუ იწუწუნებთ, როცა ვიღაც უხეში სიტყვიერი ფორმით გაგაკრიტიკებთ.

ამ ყველაფერს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხის“ ვებსაიტმა მხოლოდ დილის 8 საათზე მიუძღვნა ნიუსებში ერთი ფრაზა: "რუსთაველის გამზირზე გამართული აქციისას სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლებიც დაშავდნენ." - წერს თაზო კუპრეიშვილი.

აქციის გაშუქებისას სასწრაფო დახმარება დასჭირდათ "მთავარი არხის" ჟურნალისტს დეა მამისეიშვილსა და ოპერატორ გიორგი გოგინაშვილს.