საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 129
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქრთამის აღების ფაქტზე სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ფასანაურის უბნის ტყის მცველი შ. გ. დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელსაც სამსახურებრივად, საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში ევალება სატყეო ტერიტორიის დაცვა, პირადი მატერიალური გამორჩენისა და სარგებლის მიღების მიზნით თავის სამოქმედო ტერიტორიაზე, ტყეში კემპინგის მოწყობის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 900 აშშ დოლარი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.
„გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მომავალშიც გაატარებს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ სისხლის სამართლის მკაცრ პოლიტიკას“, – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.
No article in the selected categories
