წელს ქვეყანაში 40 ათასზე მეტი რეგისტრირებული დანაშაულია - საქსტატი

საქსტატის ინფორმაციით, სამი კვარტალის მდგომარეობით ქვეყანაში 40 464 დანაშაულია რეგისტრირებული. აქედან ყველაზე მეტი თითქმის 13 ათასი საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია. შემდეგ მოდის ნარკოტიკული დანაშაული, რომლის რეგისტრირებული შემთხვევები 7 ათასს აღემატება. მესამე ადგილზეა თითქმის 6 ათასი რეგისტრირებული შემთხვევით, ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული.

რაც შეეხება ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დანაშაულს, წელს სამ კვარტალში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის 4480 რეგისტრირებული შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 345 ფატალურად დასრულდა. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ფატალური შემთხვევები 444-მდე იყო გაზრდილი.

საქსტატის ცნობითვე, წელს სამ კვარტალში ქვეყანაში ხანძრების 11 722 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც უკვე აჭარბებს 2023-2024 წლების წლიურ მაჩვენებელს. ხანძრის გამო 41 პირია წელს დაღუპული, თითქმის 400 შენობა-ნაგებობა კი განადგურებული.