„კრისტალ ჯგუფის“ მფლობელს, ვლადიმერ სტეფანიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 66
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, „კრისტალ ჯგუფის“ მფლობელს, ვლადიმერ სტეფანიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
სახელმწიფო ბრალდება სტეფანიანისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. პროკურორის განმარტებით, სტეფანიანისგან არსებობს როგორც მოწმეებზე ზემოქმედების, ასევე მტკიცებულებების განადგურების და მიმალვის საფრთხეები.
დაცვის მხარე ბრალდებულის გათავისუფლებას 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა.
ვლადიმერ სტეფანიანი დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დააკავეს.
გამოძიებით დგინდება, რომ უნებართვოდ აშენებული სასტუმროდან და კოტეჯებიდან სტეფანიანმა რამდენიმე ათეული მილიონი ლარის შემოსავალი უკანონოდ მიიღო. ამ მონაცემებით, გამოძიების მიერ დადგენილია 2 მილიონ ლარამდე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ „კრისტალ ჯგუფში შემავალი შპს „ბაკურიანი ბიზნეს ჯგუფი“-ს ძირითად საქმიანობას დაბა ბაკურიანში სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა და მისი შემდგომი რეალიზაცია წარმოადგენდა.
„ვლადიმერ სტეფანიანი, რომელიც ფაქტობრივად ხელმძღვანელობდა საწარმოს ყოველდღიურ საქმიანობას, უხეშად არღვევდა როგორც დაბა ბაკურიანის განაშენიანების გენერალური გეგმით დადგენილ, ასევე, შესაბამისი სამსახურიდან მიღებულ მშენებლობის სანებართვო პირობებს. უკანონოდ აშენებულ საცხოვრებელ ფართებს კი ეტაპობრივად ასხვისებდა“, - აცხადებს გამოძიება.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ვლადიმერ სტეფანიანს 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
No article in the selected categories
