ოკუპირებულ აფხაზეთში, ორმხრივი სროლის შედეგად 5 ადამიანია დაჭრილი

სოხუმში 11 ნოემბერს ორმხრივი სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც "შს მინისტრმა" რობერტ კიუტმა განაცხადა, საქმეზე ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს, ინციდენტთან კავშირში მყოფი ყველა პირის დადგენის მიზნით. ვითარება დე ფაქტო პრეზიდენტის ბადრა გუნბას პირად კონტროლზეა აყვანილი.

სხვადასხვა ტელეგრამის არხების მიერ გავრცელებული ცნობებით, სროლა შესაძლოა „კანონიერი ქურდ“ რაულ ბარცბაზე (კრიმინალურ წრეებში „პიზას“ სახელით ცნობილი) თავდასხმის მცდელობა ყოფილიყო, ინციდენტი სამგლოვიარო ცერემონიის დროს მოხდა.

სოციალური მედიის თანახმად, დაჭრილია ბარცბაც.

მედიაში გავრცლედა ინფორმაცია დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებაც, ერთ-ერთ მათგანს, რომელიც სოხუმიდ ცენტრალურ საავადმყოფოშია მოთავსებული თავში გამჭოლი ნატყვიარი აქვს.

მეორე დაჭრილია მუცლის მიდამოებში, მასაც გამჭოლი ჭრილობა აქვს, მესამე კი ხელშია დაჭრილი.

პაციენტი სახის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით და პაციენტი გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით რეანიმაციაში იმყოფებიან.

„ყველა პაციენტი საჭირო სამედიცინო დახმარებას იღებს“, - განაცხადა ე.წ. ჯანდაცვის მინისტრმა ედუარდ ბუტბამ.

ადრე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბარცბა გუდაუთის კრიმინალურ კლანს ხელმძღვანელობდა, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ 2019 წელს მოკლული ასტამურ შამბა და ალხას ავიძბა, აგვისტოში Lenta.ru-მ გაავრცელა ინფორმაცია „კანონიერ ქურდებს“ - რაულ ბარცბასა და ტემურ კაპბას შორის „ღია კონფლიქტის“ შესახებ.