მიგრაციის დეპარტამენტმა ჩატარებული სპეციალური საიმიგრაციო ღონისძიების შედეგად უცხო ქვეყნის 30 მოქალაქე დააკავა
- Details
- By ანი სარდლიშვილი
- Hits: 48
უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიება ჩაატარეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, ღონისძიების ფარგლებში დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენას.
„კომპლექსური ღონისძიების შედეგად დაკავებულია უცხო ქვეყნის 30 მოქალაქე. მათ შორის არიან – ინდოეთის, ჩინეთის, ნიგერიის, თურქეთის, პაკისტანის, კამერუნის, სუდანის, ნეპალის, კენიისა და შრი-ლანკის მოქალაქეები. დადგინდა, რომ ისინი ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით.
ამჟამად, აღნიშნული პირები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით.
მიგრაციის დეპარტამენტი სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის რეგულარულად ახორციელებს, რათა უზრუნველყოს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის ეფექტიანი აღსრულება“, – ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.
No article in the selected categories
